საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
14 ივლისი, 2022 ექიმების ფატალური შეცდომის დაზღვევა, შეიძლება, სავალდებულო გახდეს - ახსნილი 
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

საქართველოში საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა ექიმებისთვის სავალდებულო გახდეს

ოფიციალური მონაცემებით, დღეს, საქართველოში 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. ისინი ჩვენ ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტომობილის, სახლის, პასუხისმგებლობისა და სხვა ტიპის დაზღვევებს გვთავაზობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფაქტობრივად არ არსებობს რაღაც, რისი დაზღვევაც არ შეგვიძლია. 

რა არის დაზღვევა - სავალდებულოა თუ არა ის?

მარტივად რომ ავხსნათ, ჩვენს არჩეულ სადაზღვევო კომპანიას ვუხდით გარკვეულ თანხას, რომ მან შემდგომში დაგვიფაროს გაუთვალისწინებელი ხარჯები. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან, უძრავ, მოძრავ ქონებასთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული.

ზოგადად დაზღვევა არჩევითი/ნებაყოფლობითია. ჩვენ ვწყვეტთ, გვჭირდება თუ არა დაზღვევა და რომელი. მაგრამ აქაც არის გამონაკლისი შემთხვევები: მაგალითად 2016 წლის 17 ოქტომბრიდან ყველა აუდიტური კომპანიისა და ნოტარიუსებისთვის (2010 წლიდან) პროფესიული დაზღვევა სავალდებულოა.

დღეს სამედიცინო პასუხისმგებლობის დაზღვევა არჩევითია, თუმცა მისთვის სავალდებულო სახის მიცემაზე უკვე მუშაობენ.

რას გულისხმობს პასუხისმგებლობის დაზღვევა?

tbc-დაზღვევის საიტზე ვკითხულობთ, რომ “სამედიცინო პასუხისმგებლობის დაზღვევა გიცავს იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც მედპერსონალის პროფესიული შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.”

როგორც სადაზღვევო კომპანია  “ალდაგის” მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელი  თამარ ძნელაძე  ამბობს, პროფესიული დაზღვევით “შეცდომა იქნება დაზღვეული”

“როდესაც პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაზე ვსაუბრობთ, დანარჩენ პროფესიებში შეიძლება მხოლოდ ფინანსური ან სამართლებრივი ზიანი დადგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე და სწორედ ამიტომ, როგორც ექიმმა შეიძლება შეიძინოს ინდივიდუალურად პროფესიული დაზღვევის პოლისი, ასევე სამედიცინო დაწესებულებამაც.”

 

რას გულისხმობს პასუხისმგებლობის დაზღვევა პაციენტისთვის?

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ეს: როდესაც სამედიცინო შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობა ზიანდება, სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს უნაზღაურებს. 

ეს ზარალი შეიძლება იყოს დაშვებული შეცდომის გამოსწორებისთვის საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში მომავალში მისაღები შემოსავლის ანაზღაურება, ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში კი კომპენსაცია.

ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის აზრით, საქართველოში მსგავსი ტიპის დაზღვევის დიდი საჭიროებაა.

“იცით, ვინ არის რიგით მესამე მკვლელი მსოფლიოში? - პირველი სისხლძარღვთა დაავადებები, მეორე ონკოლოგია და მესამე - ეს არის ექიმების სამედიცინო შეცდომები. ამიტომაც ეს დაზღვევა შეიძლება ეტაპობრივად ჯერ ექიმებისათვის, მერე ექთნებისთვის შემოვიღოთ.”

სურგულაძე  ფიქრობს, რომ თუ საავადმყოფო დაზღვევის თანხას მთლიანად არ გადაიხდის, ის რაღაც ნაწილს მაინც უნდა ფარავდეს.

“აქ სხვადასხვა მეთოდებია, როგორ დავავალდებულოთ რომ საავადმყოფოებმა დაინახონ, არ გყავს თანამშრომელი დაზღვეული, შენ ვერ მიიღებ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას. ეს არ უნდა მოხდეს ერთპიროვნულად, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა აკეთებს. უნდა შეიკრიბოს სადაზღვევო კომპანიები, თვითონ პროვაიდერები, სპეციალისტები, სამინისტროს წარმომადგენლები და ასეთი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.”

 

რას გულისხმობს პასუხისმგებლობის დაზღვევა ექიმისთვის?

“ჩვენს ერთერთ წამყვან ქირურგს, სამედიცინო შეცდომა მოუვიდა და პაციენტი გარდაიცვალა.ექიმს შესაბამისად უჩიოდნენ და სადაზღვევო კომპანიამ აუყვანა ადვოკატი და ვინაიდან რეგულაციის სააგენტომ 3 თვით შეუწყვიტა სერტიფიკატი, ამის მიუხედავად სადაზღვევო კომპანია 3-ვე თვეს საშუალო ხელფასს მას უხდიდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ბევრი მიხვდა რამხელა სიკეთეა ეს უშუალოდ ექიმებისთვის” - გვიყვება ვატო სურგულაძე.

პასუხისმგებლობის დაზღვევა ექიმს იცავს ლიცენზიის შეჩერებით ან მისი ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგანაც. ანუ ხელფასის დაკარგვის შემთხვევაში, გარკვეული წინასწარი შეთანხმებით,  ფინანსურ დანაკარგებს დაზღვევა დაფარავს. 

ვატო სურგულაძე Enigma-სთან იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც საპატრიარქოს საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო. მისი თქმით, მაშინ მსგავსი დაზღვევა, რომლის ნაწილსაც საავადმყოფო იხდიდა, ნაწილს კი თავად თანამშრომელი, კლინიკაში ფაქტობრივად სავალდებულო იყო.

“პრაქტიკულად, ყველა სამედიცინო მუშაკი მყავდა პროფესიულ რისკებზე დაზღვეული. სამწუხაროდ ბევრ ექიმს და სამედიცინო მუშაკს არ ესმის ამისი მნიშვნელობა და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა.”

რა ეტაპზეა  მუშაობა?

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. 

სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამაზე  მსოფლიო ბანკი ამზადებს საბოლოო ანგარიშს, სადაც გამოიკვეთება დანერგვის სცენარები, ძირითადი პირობები, განხორციელების ვადები და მთელი რიგი სხვა საკითხები, რაც აუცილებელია მოცემული პროდუქტის დამკვიდრებისთვის.  

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის თქმით, სამედიცინო სფეროსთან ერთად მუშაობა სამშენებლო სექტორის სავალდებულო დაზღვევის პროდუქტზეც მიდის.

რადგან სავალდებულო დაზღვევის პროექტი ჯერ ისევ მუშაობის პროცესშია, არ ვიცით როდიდან ან საერთოდ გახდება თუ არა ის სავალდებულო. ასევე უცნობია, ვის მოუწევს სადაზღვევო კომპანიისთვის თანხის გადახდა - დაზღვევის თანხას კლინიკა დაფარავს თუ სამედიცინო პერსონალს თავისი ისედაც მიზერული ხელფასიდან მოუწევს მისი გადახდა. 

კომენტარები