საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
14 ივლისი, 2022 როგორ ანადგურებს მთავრობის გადაწყვეტილებები კლინიკებს? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

კლინიკები გვაფრთხილებენ, რომ შეიძლება მალე ხარისხიანი მომსახურება ვეღარ გაგვიწიონ - მიზეზი სფეროში არსებული კრიზისია, რომელსაც ხელისუფლება არ ან ვერ აგვარებს. კლინიკები მოითხოვენ, გადაიხედოს ჯერ კიდევ 2013 წელს დადგენილი ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვით განსაზღვრულ მომსახურებებზე. 

"ჯანდაცვის ასოციაციამ" მინისტრს ღია წერილითაც მიმართა და პუნქტების მიხედვით განუმარტა, რა სირთულეებს აწყდება სექტორი. ისინი საუბრობენ იმაზეც, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მოუგვარებელმა პრობლემებმა. ერთერთი სცენარი კი ასეთია: "რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს".

რას ითხოვენ კლინიკები?

"ჯანდაცვის ასოციაცია" 100-მდე კლინიკასა და 23 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს. მათი მოთხოვნაა, გადაიხედოს სამედიცინო მომსახურების ტარიფები, რაც 2013 წლიდან მოქმედებს. კლინიკებში ამბობენ, რომ მომსახურების გაწევა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად უწევთ, რაც მძიმე ტვირთად აწვება საავადმყოფოებს და აისახება კიდეც სერვისის ხარისხზე.



იმის ფონზე, რომ ქვეყანაში 2013 წლის შემდეგ მაღალია ინფლაცია, იზრდება კომუნალური ხარჯები და უფასურდება ეროვნული ვალუტა, კლინიკებისთვის ნებისმიერი სერვისის თვითღირებულება გაზრდილია. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი 2013 წელს კონკრეტული ოპერაციის ღირებულება 5000 ლარი იყო, ახლა იგივე პროცედურა, შეიძლება, 10 000 ლარი ღირდეს. თუმცა კლინიკას კვლავ 5000-ად უწევს ჩატარება. 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, არაა გამორიცხული, ძალიან მალე მათ ვეღარ შეიძინონ  საჭირო პრეპარატები, ტექნიკური აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ნივთები. ეს კი პირდაპირ გამოიწვევს გარკვეული კლინიკების დახურვას.

მოსმენის ნაცვლად მორიგი დარტყმა - დადგენილება N520

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება, მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, სამედიცინო სექტორის პრობლემებით დაინტერესებულიყო, 2019 წელს მათ ექიმებს კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩინეს - 520-ე დადგენილება.

საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს სახელმწიფომ თავად დაუდგინა ერთიანი ტარიფები. ანუ, თუკი აქამდე სახელმწიფოს გარკვეული ტარიფები ჰქონდა გაწერილი, 2019 წლიდან მან მომსახურების ფასები ყველა კლინიკისთვის გაათანაბრა. თუ კლინიკა დადგენილ ტარიფებს არ ეთანხმებოდა, სისტემიდან უნდა გასულიყო. მაგალითად, თუკი ერთ კლინიკაში კონკრეტული ოპერაცია ღირდა 2000 ლარი, ხოლო მეორეში - 3000, სახელმწიფომ მათ ერთი ფასი დაუდგინა - პირობითად, 1800 ლარი. 

ჯერ კიდევ 2019 წელს კლინიკებში ამბობდნენ, რომ ეს სექტორს მძიმე ტვირთად დააწვებოდა, რადგან ტარიფები არ ასახავდა რეალობას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სახელმწიფომ 2013 წელს დადგენილი ზოგადი ტარიფები არა მხოლოდ გაათანაბრა, არამედ შეამცირა. სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ ერთიანი ტარიფები კლინიკების მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა. 

 
#BMGLIVE #ანალიტიკა - 9 წელი ერთი სატარიფო პოლიტიკა - საყოველთაო ჯანდაცვა

⭕#BMGLIVE #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად / 08.07.2022 📌კლინიკების ნაწილმა, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს 👉9 წელი ერთი სატარიფო პოლიტიკა - საყოველთაო ჯანდაცვა სტუმრები: 👇 ✅მაია მახარაშვილი - „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი; ✅სულხან ლომინაძე - კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ✅ანზორ მელია - კლინიკა „გული“-ს ხელმძღვანელი, კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი; ✅ვახტანგ კალოიანი - ჯანდაცვის სპეციალისტი.

Posted by BMG • ბიემჯი on Friday, July 8, 2022

 

ერთპროფილიანი კლინიკები უკვე დიდი ხანია, დადგენილების უარყოფით გავლენაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. მაგალითად, კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი ანზორ მელია BM.ge-სთან ამბობს, რომ 520-ე დადგენილებამ მონოპროფილური კლინიკები, ფაქტობრივად, გაანადგურა.

„შუნტირება 8500 ლარად არის შეფასებულ, როცა თვითღირებულება 14 000 ლარზე მეტია. კარდიოქირურგიული სახარჯი მასალები ძალიან ძვირადღირებულია. წინასწარი გადახდის გარეშე ფირმები არ გვაძლევენ, ამიტომ იძულებული ვართ ოპერაციები შეზღუდულად გავაკეთოთ", - ამბობს ის "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.

კარდიოქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარეც ამავე მედიასთან ამბობს, რომ გათანაბრებული ფასები არაადეკვატურია და კრიტიკას ვერ უძლებს. მას ამის მაგალითად სარქველის ჩანაცვლების ოპერაცია მოჰყავს - "უბრალო არითმეტიკაა, სარქვლის ბიოლოგიური და მექანიკურით ჩანაცვლებას ერთი ფასი აქვს, მაშინ როცა მექანიკური საშუალოდ 1500 ლარი და ბიოლოგიური 5000 ღირს". 

რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?

კლინიკების მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტრო არ ისმენს. 11 ივლისს მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება ტარიფების ინდექსაციას არ აპირებს, სანამ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემას არ დანერგავს. თავად DRG სისტემა კი კლინიკებში არსებული მომსახურების ტარიფებიდან სამართლიანს დაითვლის.



სისტემის დანერგვას "ჯანდაცვის ასოციაციის" წევრებიც მიესალმებიან, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ეს დიდ ადამიანურ რესურსსა და დროს მოითხოვს. ისინი ამბობენ, რომ გადასვლა სწორი მეთოდოლოგიითა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით უნდა განხორციელდეს.

„მიგვაჩნია, რომ  DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

კლინიკების მოთხოვნის გათვალისწინებას, რომ გადაიხედოს ტარიფები და მოხდეს მათი ინდექსაცია, სამინისტრო არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ამაზე მეტყველებს.

სამედიცინო სექტორი კი აფრთხილებს მათ, რომ ზეწოლას ვეღარ გაუძლებენ. კლინიკებში უკვე საუბრობენ, რომ უფროდაუფრო რთული ხდება პერსონალისთვის ხელფასების გადახდა, საჭირო ინვენტარისა და  ავადმყოფებისთვის აუცილებელი პრეპარატის შეძენა.

კომენტარები