საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
15 ივლისი, 2022 ეკონომიკის კოლაფსი, კორუფცია და მასობრივი გამოსვლები - რა ხდება შრი-ლანკაში?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ


შრი-ლანკაში რაჯაპაკსების ოჯახის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა. პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსამ ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პარლამენტს წერილი გაუგზავნა, რომლითაც გადადგომის შესახებ ოფიციალურად აცნობა. მის გადადგომას კოლომბოს ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.


რატომ გადადგა პრეზიდენტი?

გოტაბაია რაჯაპაკსა პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის ნოემბრიდან იკავებდა. სანამ მისი გადადგომის შესახებ ოფიციალური ცნობები გავრცელდებოდა, რაჯაპაკსა ​მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან სამხედრო თვითმფრინავით გაიქცა. ის ჯერ მალდივებზე გაფრინდა, შემდეგ კი სინგაპურში გადავიდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ეჭვობდა, რომ ახალ ადმინისტრაციას შესაძლოა მისი დაპატიმრება ეცადა. შრი-ლანკადან, სავარაუდოდ, აშშ-ში გაემგზავრა მისი ძმა და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბეიზილ რაჯაპაკსაც.

პრეზიდენტის გადადგომა ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებულმა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა და დემონსტრაციებმა განაპირობა. უკვე თვეებია მოსახლეობა პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტთან გამკლავებას ცდილობს. სწორედ ამიტომ აპრილში ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა.
 

გოტაბაია რაჯაპაკსა / Getty Images

Associated Press-ის ცნობით, მომიტინგეები პრეზიდენტსა და მის პოლიტიკურ ოჯახს წლების განმავლობაში სახელმწიფო ხაზინიდან ფულის მითვისებასა და ეკონომიკის არასწორი მენეჯმენტით კოლაფსის დაჩქარებაში ადანაშაულებდნენ. მისი პოლიტიკური კლანი შრი-ლანკას ბოლო 2 ათწლეული განმავლობაში მართავდა. მართალია, კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ ბრალდებებს ოჯახი უარყოფდა, თუმცა, პრეზიდენტმა აღიარა, რომ კოლაფსს ნაწილობრივ მის მიერ გატარებულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და მის გადადგომას იქიდან ითხოვდნენ ლოზუნგით -  „გოტა წადი სახლში!” მომიტინგეებმა დაიკავეს სამთავრობო შენობებიც და შეიჭრნენ პრემიერის რეზიდენციაშიც.

 

13 ივლისი, 2022. მომიტინგეები პრემიერმინისტრის ოფისში / AP Photo. Rafiq Maqbool

შრი-ლანკაში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია - მოკლედ

1 აპრილი - პრეზიდენტი დროებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას
3 აპრილი - გადადგა მინისტრთა კაბინეტი
5 აპრილი - პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. კრიზისი უფრო გაღრმავდა, რადგან დანიშვნიდან ერთი დღეში თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრმა ალი საბრიმ
10 აპრილი - მედიკამენტების დეფიციტი - ექიმები აცხადებენ, რომ თითქმის აღარ აქვთ სასიცოცხლო მედიკამენტები და ამბობენ, რომ კრიზისმა, შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, ვიდრე კორონავირუსმა
12 აპრილი - საგარეო ვალის დეფოლტი (კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს)
19 აპრილი - პირველი მსხვერპლი (რამდენიმეკვირიანი ანტისამთავრობო აქციის შემდეგ პოლიციამ მომიტინგე მოკლა)
9 მაისი - ძალადობის დღე - მთავრობის მხარდამჭერები თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც კოლომბოში, პრეზიდენტის ზღვისპირა ოფისთან დაბანაკდნენ. ამ დღეს დაიღუპა ცხრა და დაშავდა ასობით ადამიანი. პრემიერმინისტრმა მაჰინდა რაჯაპაკსმა კი პოსტი დატოვა
10 ივნისი - გაერო აცხადებს, რომ შრი-ლანკა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას და მილიონობით ადამიანს დახმარება ესაჭიროება
27 ივნისი - მთავრობა ამბობს, რომ საწვავი თითქმის აღარ აქვთ და გაყიდვებს აჩერებს
1 ივლისი - ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
9 ივლისი - შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. დემონსტრანტების შენობაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე რაჯაპაქსამ ჯარების დახმარებით დატოვა რეზიდენცია. მოგვიანებით კი პარლამენტის სპიკერი ტელევიზიით აცხადებს, რომ რაჯაპაქსა მომიტინგეებს თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს
13 ივლისი - პრეზიდენტი გარბის ქვეყნიდან. პრემიერმინისტრის ოფისთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად კი პოლიცია ცრემლსადენი გაზს იყენებს
15 ივლისი - ვრცელდება ოფიციალური ცნობა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ


რამ მიიყვანა შრი-ლანკა მასობრივ პროტესტამდე?

შრი-ლანკაში მასობრივი პროტესტი ეკონომიკის ფაქტობრივმა განადგურებამ გამოიწვია. ქვეყანაში ისეთი პირველადი მოხმარების ნივთებიც კი აღარ იშოვებოდა, როგორიცაა ტუალეტის ქაღალდი და რძე; ინფლაციამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა, ეროვნული ვალუტა 80%-მდეა გაუფასურებული, ხოლო პროდუქტის ფასებმა 60%-ით მოიმატა.

13 ივლისი, 2022. პოლიციამ დემონტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა / AP Photo.Eranga Jayawardena

ქვეყანაში საკმარისი საწვავი არ აქვთ ავტობუსებისთვის, მატარებლებისთვის, სამედიცინო დახმარების მანქანებისა და სხვა აუცილებელი სერვისებისთვის. მარაგების დაზოგვის მიზნით ხელისუფლება ხალხს სახლიდან მუშაობას სთხოვდა. დაიხურა სკოლებიც. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, მეტი იმპორტისთვის მათ საკმარისი უცხოური ვალუტა არ აქვთ.

ჯერ კიდევ მაისში ახალდანიშნული პრემიერმინისტრი რანილ ვიკრემესინგჰი ამბობდა, რომ ეკონომიკა ფსკერზე ეშვებოდა. მისივე განმარტებით, ქვეყანას არ ჰქონდა ფინანსები საჭმლისა და საწვავის საყიდლად. თანხების უქონლობის გამო შრი-ლანკა დეფოლტამდეა მისული და დახმარებას ინდოეთის, ჩინეთისა და საერთაშორისო მონეტარული ფონდისგან ელოდება.

სახელმწიფოს $51 მლრდ აქვს ვალი და სესხის პროცენტსაც კი ვეღარ იხდის. 2019 წელს ქვეყანაში მომხდარი ტერაქტებისა და პანდემიის გამო მნიშვნელოვნადაა შემცირებული ტურიზმიდან შემოსავალიც - ეს სექტორი კი ეკონომიკის ძირითადი შემავსებელი იყო.

The New York Times


კიდევ ერთი პრობლემა ელიტური კორუფცია იყო. პოლიტიკოსების კორუფციულ სქემებში მონაწილეობამ არა მხოლოდ ქვეყნის ფინანსური რესურსის გაფლანგვაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, არამედ მისთვის ფინანსური დახმარების გაწევასაც ართულებს. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თავს იკავებენ შრი-ლანკასთვის დახმარების გაწევისგან, რადგან არ სჯერათ, რომ თანხები არ გაიფლანგება.

ტროპიკული კუნძულოვანი ქვეყანა, როგორც წესი, საკვების დეფიციტს არ უჩივის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. გაეროს მონაცემებით, 10-დან 9 ოჯახი სადილს ტოვებს, ხოლო 3 მლნ ადამიანი საკვების მიღების ჰუმანიტარულ პროგრამაშია ჩართული. მედიცინის მუშაკები კი პრეპარატების და ტექნიკური აღჭურვილობის დეფიციტზე საუბრობენ. 

რა იქნება ახლა?

კონსტიტუციის მიხედვით, ახალა შრი-ლანკაში პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პრემიერმინისტრი რანილ ვიკრემესინგჰი ასრულებს. პარასკევს მან პრეზიდენტის ფიციც დადო. თუმცა, პრემიერი შრი-ლანკაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. მომიტინგეები ვიკრემესინგჰის გადადგომასაც მოითხოვდნენ. მისი კერძო რეზიდენცია კი გადაწვეს კიდეც. 

პრემიერის სახლში შეჭრილი მომიტინგეები / The New York Times

როგორც ვიკრემესინგჰმა განაცხადა, ამ მოკლე ვადაში კონსტიტუციის შესაცვლელად ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდეს და პარლამენტი გაძლიერდეს. Associated Press-ის ცნობით, მან ყურადღება „წესრიგის აღდგენასა და აჯანყებულების წინააღმდეგ კანონიერი ზომების მიღებაზეც" გაამახვილა. თუმცა, საკითხავია რამდენად მოახერხებს ის ამ „დანაპირების” შესრულებას. ახალი ლიდერი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

ახლა შრი-ლანკას უკანასკნელი იმედი, როგორც გამოცემები წერენ, საერთაშორისო მონეტარული ფონდია. ადგილობრივი მედიის ცნობითაც, ორგანიზაციის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე პოზიტიური ბიძგების შესაქმნელად.

15 ივლისი, 2022. პრემიერმინისტრი ვიკრემესინგჰი დებს ფიცს / Sri Lankan President's Office 

ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯერ კიდევ 22 ივნისს განაცხადა, რომ მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფონდთან "გადარჩენის გეგმაზე" და ივლისის ბოლოსთვის შეთანხმების მიღწევასაც ელოდა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორუფცია ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ის აფრთხობს ინვესტორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, შესაბამისად, ქვეყანაში დადებითი ეკონომიკური ძვრები არ არის.

ეკონომისტი და გლობალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი ანიტ მუქერჯი AP-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მონეტარული ფონდიდან ან მსოფლიო ბანკიდან შრი-ლანკას დახმარება, შესაძლოა, მიეცეს. მაგრამ ის აქვე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დახმარება გარკვეული პირობებით იქნება გამყარებული.

Reuters

მუქერჯი ამბობს, რომ ფონდებს სურთ, დარწმუნდნენ - მათ მიერ გაცემული თანხები არ იქნება არასწორად განკარგული. ეკონომისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კუნძულს საერთაშორისო ვაჭრობისთვის სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და არ შეიძლება, მსგავსი მნიშვნელობის ქვეყანა კოლაფსის ზღვარზე იყოს.

მთავარი ფოტო: Associated Press
კომენტარები