საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სისტემა ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - რატომ დააკავეს სოსო გოგაშვილი? სისტემა ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - რატომ დააკავეს სოსო გოგაშვილი?
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გუშინ გვიან ღამით დააკავეს. გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცრაზმი შევიდა და ყოფილი ჩინოსანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

სოციალურ ქსელში მედია გოგაშვილის სავარაუდო დაკავების ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს. 

 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დააკავეს - ვიდეოს ირაკლი ზაქარეიშვილი ავრცელებს ამ თემაზე: formulanews.ge/News/74296

Posted by Formula • ფორმულა on Friday, July 15, 2022

 

ჩხრეკა სოსო გოგაშვილის შვილის სახლშიც ჩატარდა - ნინო გოგაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საცხოვრებლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს, მათ შორის ლეპტოპი და WiFi-მიმღები. ოჯახი გოგაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემის შესაძლო მხილების გამოა დაკავებული.

პრეისტორია - რატომ გააქტიურდა სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილმა ბოლოს "უცნობის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე გააკეთა განცხადება და დააანონსა, რომ "ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს". 

გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერები "მთავარი არხის" რედაქციიდან. "უცნობის" მიერ გავრცელებული ჩანაწერებით გამჟღავნდა ანონიმური წყაროც, ვინც რამდენიმე მედიას სუს-ის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აწვდიდა. 

ჩანაწერების მიხედვით, კრიტიკული მედიასაშუალებების წყარო სოსო გოგაშვილი იყო. ის, ჩანაწერის მიხედვით, "მთავარში", "ფორმულასა" და "ტვ პირველში" რამდენიმე ჟურნალისტს გარკვეულ დოკუმენტებს აწვდიდა.

სწორედ ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, რომ მან სისტემის მხილება გადაწყვიტა და 2021 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ მთელი რიგი ინფორმაცია მიაწოდა როგორც ადგილობრივად მომუშავე ორგანიზაციებს, ისე დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

 

<სანამ საჯაროდ, ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს> 🔴2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას...

Posted by სოსო გოგაშვილი on Friday, July 15, 2022

„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან”, თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით. ბოლო ორი დღეა, ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?

მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა, ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე", - წერდა გოგაშვილი.

კონკრეტულად რა “სიმართლის მოყოლას” აპირებდა გოგაშვილი, უცნობი დარჩა - ყოფილი მაღალჩინოსანი მის მიერვე დაანონსებულ ტელეეთერამდე დააკავეს. 

თუმცა მისი შვილის, ნიკა გოგაშვილის ცნობით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მის ხელთ არსებული მასალა უკვე გადასცა დიპლომატიურ კორპუსს.

 
"დიპლომატებს ყველა ის მასალა აქვთ, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა" | ნიკა გოგაშვილი

"დიპლომატებს ყველა ის მასალა აქვთ, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა" | ნიკა გოგაშვილი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Saturday, July 16, 2022

 

რა განცხადებებს აკეთებენ საგამოძიებო უწყებები?

საგამოძიებო უწყებები ამ დროისათვის დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ. სუს-ში "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურეს, რომ უწყების ყოფილი მაღალჩინოსანია დაპატიმრებული.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება", - უთხრეს "რადიო თავისუფლებას" სუს-ში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ითვალისწინებს. 

მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა
1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გარდა ამისა, გოგაშვილს, სავარაუდოდ, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან,

ვინაა სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანია. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ისეთი გახმაურებული საქმეების დროს მუშაობდა, როგორიცაა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა.

"პანკისის სათემო რადიო" 2018 წელს ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას სწორედ სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინ სუს-ი ამ ცნობებს უარყოფდა, ხოლო მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში აცხადებდნენ, რომ ადგილზე მყოფ პირებს შორის გოგაშვილი ამოიცნეს.

გოგაშვილმა თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა და მალევე ჩაიბარა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახური. 

გოგაშვილი ქართულ პოლიტიკაში 2021 წელს გააქტიურდა. ის "სახალხო პარტიაში" დაბრუნდა. 

 

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი - ასე იწყება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. სწორედ ამ იდეას, რომ...

Posted by სოსო გოგაშვილი on Tuesday, August 10, 2021

 

„2012 წლის გარიჟრაჟზე, მეც მქონდა ოცნება, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით, სადაც დემოკრატია, სამართლიანობა და თანასწორობა იზეიმებდა. გამოჩნდა თითქოს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი წლების შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ეს ოცნება “ოცნებამვე” დაანგრია", - წერდა გოგაშვილი.

კომენტარები