საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
20 ივლისი, 2022 ჩვენი საპენსიო დანაზოგები იკლებს - რა ხდება საპენსიო ფონდში?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

საპენსიო დანაზოგის ინიციატივა ძალაში 3 წლის წინ შევიდა. 2019 წლიდან მოყოლებული, ჩვენი სურვილის მიუხედავად, ვაგროვებთ თანხას, რომელიც, წესით, საპენსიო ასაკში უნდა დავიბრუნოთ. 

სავალდებულო საპენიო დანაზოგის სისტემაში დღეისთვის 1 მილიონ 292 ათასი ადამიანია ჩართული. საპენსიო აქტივების ღირებულება კი 2.39 მილიარდი ლარია. 

თუ თქვენს საპენსიო დანაზოგს ბოლო დღეებში დააკვირდით, ნახავდით, რომ მისი რაოდენობა ზრდის ნაცვლად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოდენობით შეიმცირდა და კლებას ისევ აგრძელებს.შეიძლება თუ არა ეს თანხა საპენსიო ასაკის მიღწევამდე დავკარგოთ? 

როგორ მუშაობს საპენსიო დანაზოგი?

ჩვენი შემოსავალი ყოველ თვე 20%-ით იბეგრება ანუ, თუ ჩვენი ხელფასი 1000 ლარია ხელზე მხოლოდ 800 ლარს ვიღებთ. 20%-ს ანუ 200 ლარს კი სახელმწიფოს ვუხდით. ამას ემატება საპენსიო დანაზოგისთვის მოჭრილი 6%. აქედან 2% ჩვენი ხელფასიდანაა, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, 2%-ს კი სახელმწიფო ამატებს.  

საპენსიო დანაზოგი დასაქმებული მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის არჩევითი, ნაწილისთვის კი სავალდებულო იყო.

სავალდებულო იყო მათთვის, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელზე ნაკლების იყო. საპენსიო დანაზოგიდან გამოსვლის უფლება კი ამ პერიოდში მინიმუმ 55 წლის დასაქმებულ ქალებსა და 60 წლის კაცებს შეეძლოთ. 

საპენსიო შენატანი ასე გამოითვლება: 

  • თუ დასაქმებულის ხელფასი წელიწადში 24,000 ლარზე ნაკლებია, მისი ხელფასის 2%-ს იხდის თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი სახელმწიფო.
     
  • თუ დასაქმებულის ხელფასი წელიწადში 60,000 ლარზე ნაკლებია, მისი ხელფასის 2%-ს იხდის თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, 1%-ს კი სახელმწიფო.
     
  • თუ დასაქმებულის ხელფასი წელიწადში 60,000 ლარზე მეტია, მისი ხელფასის 2%-ს გადაიხდის თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, სახელმწიფო კი აღარაფერს გადაიხდის. 

როგორ გროვდება ეს თანხა?

საპენსიო დანაზოგი ორი ნაწილისგან შედგება. ესაა კონტრიბუციები, რაც გროვდება, და საინვესტიციო მოგება.

გარდა იმისა, რომ ჩვენი თანხები გროვდება, დამატებითი სარგებლის მიზნით, მისი ინვესტირებაც ხდება. როგორც საპენსიო სააგენტო ამბობს, მათ ნაყიდი აქვთ “განვითარებული ეკონომიკების აქციები – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჰოლანდიის და ა.შ. დაახლოებით 24 განვითარებული ეკონომიკის აქციები.”

საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ზედამხედველობა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციაა. 

იმას კი, თუ სად და რა პერიოდით უნდა დაბანდდეს საპენსიო აქტივები, საინვესტიციო საბჭო წყვეტს. ამ საბჭოს ხუთივე წევრს ხუთწლიანი ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტი.

საპენსიო სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ, რომ “სააგენტოს ორგანიზებული სტრუქტურა ეფუძნება ე.წ. „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადესა და გამჭვირვალობას, რისკების ფლობასა და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით”

რატომ მცირდება საპენსიო დანაზოგი?

1 კვირის განმავლობაში Enigma ორი სხვადასხვა ოდენობის  ანაბარს აკვირდებოდა. მათი რაოდენობა ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა ოდენობით მცირდებოდა. 

მას ვისაც ანგარიშზე უფრო მეტი თანხა ჰქონდა 1 კვირის მანძილზე 10 ლარი მოაკლდა.ვისაც შედარებით ნაკლები თანხა ჰქონდა დაგროვებული 2 ლარამდე.

დანაკლისი ხან რამდენიმე ლარი, ხან კი თეთრები იყო.

საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძე “ბათუმელებთან” საუბრისას ეს გლობალური ბაზრის ფასის ცვლილებით ახსნა. მისი თქმით, ეს დროებითი მოვლენაა.

“ჩვენ ინვესტირებას  ვახდენთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში, სხვადასხვა ობლიგაციებში, დეპოზიტებში, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში, სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეს ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობენ ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზრებზე. ახლა არის მოკლევადიანი ცვალებადობა. წლის დასაწყისიდან დღემდე გლობალური აქციების ფასები დაბლაა ჩამოსული. აქტივების ფასი შემცირებულია, რადგან მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია და ეს აწვება ყველა აქტივს.”

მელიქიძე ასევე ამბობს, რომ მასაც, როგორც ამ პროგრამის სხვა მონაწილეებს უფრო მცირე თანხა უჩანს, თუმცა აქვე ამბობს, რომ “თუ უჩანთ შემცირება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხა დაკარგეს.”

“აქციები ყოველდღე იცვლება. შესაბამისად, საპენსიო სქემის მონაწილეს ყოველდღე უმცირდება ან ეზრდება დანაზოგი. გრძელვადიან პერიოდში ეს მოიტანს მაღალ ზრდას.”

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Enigma-სთან საუბრისას ამბობს,რომ ამ თემაზე პანიკა უსაფუძვლოა და საპენსიო ფონდმა ჩვენი დანაზოგები ისეთ აქტივებში განათავსოს,რომელიც გრძელ ვადაში დაწერს მოგებას.

"პირობითად, ადამიანს რომ 5 წლიანი ანაბარი ჰქონდეს გახსნილი და 2 თვის ამონაგებს შეხედოს დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. მარტივად რომ ავხსნათ, საპენსიო ფონდის შემოსავლების ამონაგებს, ჩვენ უნდა შევხედოთ გრძელ ვადაში და იმედი ვიქონიოთ საპენსიო ფონდი გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ  ეს ამონაგები იყოს პლუსში".

საპენსიო სააგენოს დირექტორი ახლა, ალბათ, ლევან სურგულაძის (ყოფილი) დირექტორის მსგავსად ლოცულობს, რათა ხალხისთვის ისედაც არასანდო რეფორმა როგორმე წარმატებით გაგრძელდეს.

კომენტარები