საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
21 ივლისი, 2022 კიდევ ერთი მომაკვდინებელი ინფექცია - რა არის მარბურგის ვირუსი?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

განაში ორი ადამიანი მარბურგის ვირუსით გარდაიცვალა, მათი 98 კონტაქტი კი კარანტინშია გადაყვანილი. ორმა ლეტალურმა შემთხვევამ განას საზოგადოებაში ღელვა გამოიწვია.

მოსახლეობა შიშობს, რომ, შესაძლოა, ერთერთმა ყველაზე მარტივად გადამდებმა ვირუსმა იფეთქოს. მას მთელი რიგი სიმპტომები ახასიათებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო ხშირად სიკვდილით სრულდება.

რა არის მარბურგის ვირუსი და როგორ ვრცელდება ის?

ინფექციის წარმოშობის წყაროდ მეცნიერები ცხოველებს ასახელებენ. მარბურგის ვირუსი ებოლას "ბიძაშვილად" ითვლება და მასსავით მომაკვდინებელია. 

დაავადება მალე ვლინდება მაღალი სიცხით, თავის გაუსაძლისი ტკივილითა და სისუსტით, ხშირია ჰემორაგიული ცხელება პირველ შვიდ დღეში. უფრო კონკრეტულად კი ვირუსის სიმპტომებია ასეთია:

ინფიცირებიდან მალევე ვლინდება:

  • სიცხე
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი და სისუსტე

დაახლოებით სამ დღეში მოსდევს შემდეგი სიმპტომები:

  • დიარეა
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევა
  • ღებინება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსი ცვლის ადამიანის გარეგნულ მახასიათებლებსაც. კანის ფერი დაავადებისგან ფერმკრთალდება, თვალების გარშემო უპეები თითქოს ცვივდება და მუქდება, სახის გამომეტყველება იცვლება და დაავადებულს მუდმივად გადაღლილი შეხედულება აქვს.

გარდა ამისა, ხშირია სხვადასხვა ორგანოდან სისხლდენა, რის გამოც პაციენტების დიდი ნაწილი 8-9 დღის განმავლობაში სისხლის დაკარგვისა და შოკური მდგომარეობისგან იღუპება.

ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 24%-დან 88%-მდე მერყეობს და მკურნალობის ხარისხზეა დამოკიდებული. 

მარბურგის ვირუსი მხოლოდ სპეციალურ ლაბორატორიაში კვლევით დასტურდება. მისი გადაცემა კი ცხოველიდან ადამიანზე ხდება - უმეტესწილად ღამურიდან ადამიანზე. თუმცა ვირუსის მატარებლები აფრიკული მწვანე მაიმუნები და ღორებიც შეიძლება იყვნენ.

ადამიანებს შორის ვირუსი მარტივად ვრცელდება: დაავადებულის სითხეებთან (სისხლი, ნერწყვი, შარდი), მის ნივთებთან ან კანის ზედაპირთან შეხებით. როგორც ცნობილია, ვირუსის გამავრცელებელი გარდაცვლილის სხეულიც შეიძლება იყოს.

შეგვიძლია, თუ არა ვირუსისგან თავის დაცვა? 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას, განსაკუთრებით საფრთხისშემცველ რეგიონებში მცხოვრებლებს, ურჩევს, დაიცვან რაღაც წესები, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ინფიცირება და ვირუსის გავრცელება.

WHO ურჩევს მოსახლეობას, აირიდონ გარეული ცხოველების ხორცთან კონტაქტი, არ მიიღონ ის საკვებად და მოერიდონ ღორებსაც. ამისათვის WHO სთავაზობს ადგილობრივად ფერმებსა და მეურნეობებში დასაქმებულებს, ნაკლები დრო გაატარონ მაღაროებში, მოერიდონ გამოქვაბულებს (რადგან აქ ღამურები ცხოვრობენ) და ეპიდაფეთქების შემთხვევაში უარი თქვან/განსაკუთრებულად დაამუშავონ აღნიშნული ცხოველების ხორცი.

მედიკოსები, ასევე, ურჩევენ ინფიცირებულებს, გამოჯანმრთელებიდან ერთი წლის განმავლობაში სქესობრივი ურთიერთობისას გამოიყენონ კონდომები. 

ვირუსით გარდაცვლილების ცხედრები შეიძლება იყოს გავრცელების წყარო, ამიტომ WHO გასცემს რეკომენდაციას, დაღუპული პაციენტები კანზე შეხების გარეშე დაიკრძალონ.

რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებს - არ არსებობს ვაქცინა ან კონკრეტული წამალი, რომელიც მარბურგის ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენება.

ვირუსს სიმპტომურად მკურნალობენ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. გარდა ამისა, მუდმივად კონტროლქვეშ უნდა იყოს დაავადებულის ორგანიზმში ჟანგბადის დონე. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ვირუსთან გასამკლავებლად შეიძლება ებოლას საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოიყენონ.

როგორია ვირუსის ისტორია?

მარბურგის ვირუსი პირველად 1967 წელს დაფიქსირდა გერმანიის ქალაქებსა (მარბურგსა და ფრანკფურტში)  და სერბეთში, ბელგრადში. ვირუსის გადამტანებად უგანდიდან ჩაყვანილი აფრიკული მწვანე მაიმუნები დასახელდნენ. მაშინ გერმანიაში 29 ინფიცირებული იყო, მათგან 7 გარდაიცვალა, ხოლო სერბეთში ორი პაციენტიდან ორივე გადარჩა.

ეს განაში ვირუსის შესაძლო აფეთქების პირველი შემთხვევაა - აქამდე ქვეყანას ინფიცირებულები არ ჰყოლია. მაგრამ მარბურგის ვირუსი აფრიკული ქვეყნებისთვის უცხო არ არის - გადამტანი ცხოველების სიმრავლის გამო აფრიკულ ქვეყნებში რამდენიმეჯერ იყო ეპიდაფეთქება.

მარბურგის ვირუსის ყველაზე მასშტაბური აფეთქება 1998-2000 წლებში კონგოში და 2005 წელს ანგოლაში იყო. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსი 154 ადამიანს დაუდასტურდა და აქედან 128 გარდაიცვალა. ანგოლაში კი ვირუსით ინფიცირების 374 შემთხვევა იყო, 329 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების ისტორია კი ასეთია:

  • 1967 წელი - გერმანია - 29 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი
  • 1967 წელი - სერბეთი - 2 ინფიცირებული, არავინ გარდაცვლილა
  • 1975 წელი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 3 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
  • 1980 წელი - კენია - 2 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
  • 1987 წელი - კენია, 1 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
  • 1998-2000 წლები - კონგო - 154 ინფიცირებული, 128 გარდაცვლილი
  • 2005 წელი - ანგოლა - 374 შემთხვევა, 329 გარდაცვლილი
  • 2007 წელი - უგანდა - 4 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი
  • 2008 წელი - აშშ (უგანდაში მოგზაური) - 1 ინფიცირებული, არავინ გარდაცვლილა
  • 2008 წელი - ნიდერლანდები (უგანდაში მოგზაური) - 1 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
  • 2012 წელი - უგანდა - 15 შემთხვევა, 4 გარდაცვლილი
  • 2014 წელი - უგანდა - 1 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი
  • 2017 წელი - უგანდა - 3 ინფიცირებული, 3 გარდაცვლილი.
კომენტარები