საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
20 ივლისი, 2022 ლიზ ტრასი VS რიში სუნაკი - ვინ გახდება ბრიტანეთის პრემიერი?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და, შესაბამისად, პრემიერმინისტრობისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდება. ექვსი კანდიდატი კი ბრძოლას უკვე გამოეთიშა. ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერის მოვალეობას კვლავ ბორის ჯონსონი ასრულებს. მან პარტიის ლიდერის თავმჯდომარის პოსტი 7 ივლისს დატოვა.

„მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ," - განაცხადა ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, აშკარა იყო, რომ საპარლამენტო პარტიას ახალი ლიდერი და ახალი პრემიერმინისტრი სურს.
(რას უკავშირდებოდა ჯონსონის გადადგომა წაიკითხეთ აქ).

პარლამენტში ბოლო გამოსვლისას კი დღეს ჯონსონმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის დიდი პრივილეგია იყო. 

„ჩვენ შევცვალეთ დემოკრატია და აღვადგინეთ ეროვნული დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას დავეხმარეთ პანდემიასთან გამკლავებაში და სხვა ქვეყანა ბარბაროსებისგან ვიხსენით. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადო შესანიშნავ პერსონალს, ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას - Hasta la vista, baby!" - განაცხადა ბორის ჯონსონმა.


მომავალ პრემიერმინისტრს კი ჯონსონი ურჩევს, რომ უკრაინელების გვერდით დარჩეს და თავისუფლება და დემოკრატია ყველგან და ყოველთვის დაიცვას. ამას გარდა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, რათა ბრიტანეთი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილი იყოს. 

„მე მიყვარს ხაზინა, თუმცა გახსოვდეთ, ყოველთვის ხაზინისთვის რომ მოგვესმინა  M25-ს ვერ ავაშენებდით. კონცენტრირდით გზაზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უკანა ხედვის სარკეების შემოწმება. და დაიმახსოვრეთ, რომ  Twitter-ი არ არის ის, რაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის ხალხი, რომელმაც აქ, სამართავად გამოგგზავნა."


ვინ იბრძოდა / იბრძვის ჯონსონის ადგილის დაკავებისთვის?

ბორის ჯონსონის პოსტის დაკავებისთვის ჯამში 8 კანდიდატი იბრძოდა - 4 ქალი და 4 კაცი. მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს წევრები და მოქმედი ან/და ყოფილი მინისტრები:

1. კემი ბეიდნოკი (ყოფილი სოციალური განვითარების მინისტრი)
2. სუელა ბრავერმანი (გენერალური პროკურორი)
3. ჯერემი ჰანტი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი)
4. პენი მორდონტი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
5. რიში სუნაკი (ყოფილი ფინანსთა მინისტრი)
6. ლიზ ტრასი (საგარეო საქმეთა მინისტრი)
7. ტომ ტუგენჰატი (პარლამენტის წევრი)
8. ნადიმ ზაჰავი (ფინანსთა მინისტრი)


I რაუნდი

არჩევნების პირველი რაუნდის შედეგად ბრძოლას ჯერემი ჰანტი და ნადიმ ზაჰავი გამოეთიშნენ. მათ 30-ზე ნაკლები დეპუტატის ხმა ჰქონდათ. კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ თემთა პალატის წევრი კონსერვატორი დეპუტატები იღებდნენ. დანარჩენ კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • რიში სუნაკი - 88 ხმა
  • პენი მორდონტი - 67 ხმა
  • ლიზ ტრასი - 50 ხმა
  • კემი ბეიდნოკი - 50 ხმა
  • ტომ ტუგენჰატი - 37 ხმა
  • სუელა ბრავერმანი - 32 ხმა

II რაუნდი

არჩევნების II რაუნდი 14 ივლისს გაიმართა და ბრძოლას სუელა ბრავერმანი (გენერალური პროკურორი) გამოეთიშა. მან 30 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას ამ ეტაპზეც მხოლოდ თემთა პალატის წევრი კონსერვატორები იღებდნენ. 

  • რიში სუნაკი - 101 ხმა
  • პენი მორდონტი - 83 ხმა
  • ლიზ ტრასი - 64 ხმა
  • კემი ბეიდნოკი - 49 ხმა
  • ტომ ტუგენჰატი - 32 ხმა

III რაუნდი

არჩევნების III რაუნდი ბრიტანეთში 18 ივლისს ჩატარდა. ამჯერად ბრძოლას ტომ ტუგენდჰატი (პარლამენტის წევრი) გამოეთიშა. მან თემთა პალატის კონსერვატორი დეპუტატებისგან ყველაზე ნაკლები (31) ხმა  მიიღო. დანარჩენ კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: 

  • რიში სუნაკი - 115 ხმა
  • პენი მორდონტი - 82 ხმა
  • ლიზ ტრასი - 71 ხმა
  • კემი ბეიდნოკი - 58 ხმა

IV რაუნდი

19 ივლისს ყველაზე ნაკლები ხმა (59) მიიღო და ბრძოლას გამოეთიშა კემი ბეიდნოკი. პირველი ადგილი კი მეოთხე რაუნდშიც კვლავ რიში სუნაკმა დაიკავა.

  • რიში სუნაკი - 118 ხმა
  • პენი მორდონტი - 92 ხმა
  • ლიზ ტრასი - 86 ხმა

V რაუნდი

დღეს ბრიტანეთში გამოვლინდა ორი კანდიდატი, რომელიც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ესენი გახლავთ რიში სუნაკი და ლიზ ტრასი. პენი მორდონტმა მეხუთე რაუნდში ყველაზე ნაკლები (105) ხმა მიიღო.

  • რიში სუნაკი - 137 ხმა
  • ლიზ ტრასი - 113 ხმა

როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

გამარჯვებულისა და ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. სასურველ კანდიდატისთვის ხმის მიცემა ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კონსერვატიული პარტიის ყველა წევრს შეეძლება. საბოლოო რაუნდის შედეგად გავიგებთ ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს - ლიზ ტრასი თუ რიში სუნაკი.

ამავე თემაზე ნახეთ: 

კომენტარები