საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
05 აგვისტო, 2022 როგორ ცდილობს ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის განახლების შემდეგ საერთაშორისო იზოლაციის გზას დაადგა. მხოლოდ ევროკავშირმა მის წინააღმდეგ სანქციების შვიდი პაკეტი დაამტკიცა. გაიყინა რუსი მაღალჩინოსნების, პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და პროპაგანდისტების აქტივები, შეჩერდა მათზე ვიზების გაცემა, შავ სიაში მოხვდნენ სამხედრო მეთაურებიც, SWIFT-დან გაითიშა რუსული ბანკები, აიკრძალა რუსული ნახშირის, ნავთობისა და ოქროს იმპორტი...

მართალია, ჯერ კიდევ დონეცკისა და ლუჰანსკის „დამოუკიდებლად” აღიარების შემდეგ გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, თუმცა სანქციების უპრეცედენტო და გრძელ სიაში ჯერჯერობით არ მოხვედრილა რუსული გაზი - არ აკრძალულა მისი იმპორტი. 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2” არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი გაზსადენი (1234 კმ, შეუძლია წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა), რომელიც რუსეთიდან უკრაინის გვერდის ავლითა და ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზეა გათვლილი.

მას „ჩრდილოეთის ნაკადის” „ტყუპისცალადაც” მოიხსენიებენ. გაზსადენი დიდი წინააღმდეგობის ფონზე აშენდა. მისი დაბლოკვა უკრაინამაც არაერთხელ მოითხოვა, თუმცა 2021 წლის სექტემბერში მისი მშენებლობა დასრულდა და როგორც 8 ნოემბერს „გაზპრომი” აცხადებდა, გაშვებისთვის მზად იყო.

 

მიზეზი მარტივია. რუსულ ბუნებრივ აირზე ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული, ზამთარი კი არ არის შორს. კრემლს ევროკავშირის წინააღმდეგ სწორედ ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს დარჩენილი და „ენერგეტიკული ომის" მთავარ იარაღად იყენებს.

როგორც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) პროექტების მენეჯერი - მატა გორდეზიანი - Enigma-სთან აღნიშნავს, რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივი აირის 40%-ს და მისი იმპორტირებული ნავთობის 27%-ს აწვდის. ამ რესურსებისთვის ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 400 მილიარდ ევროს იხდიდა.

/გრაფიკი ასახავს იმას, თუ რამდენი პროცენტით არიან დამოკიდებულნი ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე/

ტექნიკური სამუშაოები თუ შანტაჟი?

2022 წლის მაისში სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი" ევროპას დღე-ღამეში 250 მლნ კუბ. მეტრ გაზს აწვდიდა. ივლისის დასაწყისში ეს რიცხვი 140 მლნ კუბ. მეტრამდე შემცირდა. ამის შემდეგ კი კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 1" „ტექნიკური სამუშაოების გამო” ჩაკეტა, რითიც რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა. ამ „ტექნიკური სამუშაოების” დასავლეთში არ სჯერათ. მანამდე რუსეთმა ამავე მიზეზით გააჩერა „თურქული ნაკადიც.”

„ჩრდილოეთის ნაკადი 1" ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენია, რომლითაც ბუნებრივი აირი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას მიეწოდება. მისი გამტარობა წელიწადში 58,8 მილიარდი კუბური მეტრია, სიგრძე კი 1200 კილომეტრი. 
 

Nord Stream 1 pipeline restarts gas deliveries, but at far below maximum capacity. Gas supplies to Europe from Russia through the pipeline had been shut off for 10 days of scheduled maintenance.

Posted by DW Business on Thursday, July 21, 2022

 
10-დღიანი პაუზის შემდეგ ევროპას რუსული გაზის მიწოდება აღუდგა. თუმცა, სახელმწიფო გიგანტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ში" გატარებული გაზის მოცულობა 1/5-მდე შეამცირა. კრემლი ამის მიზეზად იმ ტურბინის ვერ მიღებას ასახელებს, რომელიც შესაკეთებლად იყო გაგზავნილი.

ევროკავშირის თქმით კი, რუსეთის ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია. ამიტომაც, არსებობს უფრო ხანგრძლივი დროით მომარაგების შეწყვეტის მოლოდინიც. დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი გაზს პოლიტიკურ იარაღად კვლავ გამოიყენებს. 

მარტში სანქციების საპასუხოდ მან „არამეგობრული” ქვეყნებისგან ბუნებრივი აირის საფასურის რუბლებში გადახდაც მოითხოვა და ხელშეკრულების პირობები შეცვალა. მოსკოვის ამ ნაბიჯს ევროკავშირის ლიდერებმა „შანტაჟი” უწოდეს. საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო, ფინეთს, ბულგარეთს, პოლონეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

სწორედ ამიტომ, დასავლეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზების ძიებას აქტიურად განაგრძობს. ამას გარდა, მას არ სურს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესია ირიბად დააფინანსოს.

ევროპელების 85% მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს.

თუმცა, ეს არც ისე მარტივია. როგორც ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილიც ამბობს, მილსადენების ადვილად ჩანაცვლება არ ხდება და ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

„მართლაც ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობს ახლა ევროკავშირის მხრიდან. მისი გეგმა გამოცხადებულია და მას ჰქვია REPowerEU რომლის მიხედვითაც ევროკავშირი მოქმედებს და დამოკიდებულებას ეტაპობრივად ამცირებს სხვადასხვა მიმართულებით - ნავთობი, გაზი, ქვანახშირი და ა.შ,” - აცხადებს მარგველაშვილი. 

მატა გორდეზიანი კი გვიყვება, რომ REPowerEU პროგრამის ფარგლებში ევროკავშირს მიზნად დასახული აქვს:

  • 2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა 45%-მდე (ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 40%-სა);
  • ინვესტირების პროცესის გამარტივება;
  • ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა და კერძო ინვესტიციების წახალისება;
  • ევროკავშირში მწვანე წყალბადის წარმოების გეგმის გაორმაგება, რაც 2030 წლისთვის 20 მილიონი ტონა წყალბადის წარმოებას გულისხმობს;
  • ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობაზე კი ევროპა 300
    მილიარდამდე ევროს დახარჯავს.

როგორც GREDA-ს პროექტების მენეჯერი ამბობს, აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების შედეგად მხოლოდ 2022 წლისთვის რუსული გაზის იმპორტი 2/3-ით შემცირდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ როგორც ხარვეზული მომარაგებისთვის, ასევე რუსეთის მხრიდან გაზის სრული გათიშვისთვისაც“ - აცხადებდა ევროკომისიის პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ.

18 ივლისს კი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კადრი სიმსონი (კომისარი ენერგეტიკის საკითხებში) აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვს შეხვდნენ.

მხარეებმა აზერბაიჯანში ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალ მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარობის გაორმაგებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, 2027 წლისთვის აზერბაიჯანმა ევროკავშირს ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი.

სამხრეთის გაზის დერეფანი 3 სხვადასხვა პროექტსა და 6 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის აზერბაიჯანს, თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთს, იტალიასა და საქართველოს. მისი ნაწილია ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომელიც აზერბაიჯანს აკავშირებს ჯერ თურქეთთან და შემდეგ ევროპასთან.

 

„დღეს, ამ ახალი ორმხრივი მემორანდუმით ვხსნით ახალ თავს აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაში, რადგან ის არის მთავარი პარტნიორი რუსული წიაღისეულის საწვავისგან თავის დაღწევის მცდელობაში," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, მემორანდუმი დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს და ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარება.

ევროკომისიის განცხადებით, გაძლიერებული ენერგეტიკული თანამშრომლობის საფუძველზე, აზერბაიჯანი უკვე ზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას 2021 წელს 8,1 მილიარდი კუბური მეტრიდან 2022 წელს მოსალოდნელ 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ აზერბაიჯანი ევროპისთვის მიწოდებული გაზის მიწოდებას გააორმაგებს, მაშინ ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოც უფრო მეტი მოცულობის იაფ გაზს მიიღებ (ახალი მემორანდუმის  მიხედვით, ევროკავშირისთვის გაორმაგებული გაზის მიწოდება სამხრეთის დერეფნით უნდა მოხდეს. სწორედ ამ კორიდორის ნაწილია ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიც).

კიდევ როგორ ცდილობს ევროპა რუსულ გაზზე უარის თქმას?

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა მომდევნო თვეებში ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით შეამცირონ. ​ევროკავშირის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ენერგიის დაზოგვა რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზაა. 

ევროკომისია გეგმავს წიაღისეული საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემების ელექტროსისტემებზე გადასვლის დაჩქარებასაც და შენობების თბოიზოლირების გაუმჯობესებაც სურს. 



რუსული წიაღისეული საწვავისგან სწრაფად დივერსიფიკაციისთვის, ევროკავშირი 12 მილიარდ ევროს ინვესტიციას ახორციელებს ​მილსადენებსა და თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალებშიც.

კიდევ რა სჭირდება ევროპას რუსულ გაზზე და რუსულ ენერგომატარებლებზე უარის სათქმელად? - GREDA-ს პროექტების მენეჯერი Enigma-ს ამ შეკითხვასაც პასუხობს. მისი თქმით, საჭიროა ახალი განახლებადი სადგურების, წყალბადის ტექნოლოგიების განვითარება და გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება. 


რა ვადებში შეიძლება მოხდეს ეს?

ამბიციური გეგმის მიხედვით, ევროპამ რუსეთზე დამოკიდებულების აღმოფხვრა 8 წელიწადში უნდა მოახერხოს. ამიტომ, პროცესები საკმაოდ გამარტივებული და დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, გეგმა ძალიან ამბიციურია, თუმცა, ევროპა აცნობიერებს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების საფრთხეებს პოლიტიკურ ჭრილში. ევროპის მიერ რუსეთის გაზზე უარის თქმა და მისი სხვა
მომწოდებლებით ჩანაცვლება რეალისტური მიზანია და ევროპა მაქსიმალურად ცდილობს ამ მიზანს 2030 წლისთვის მიაღწიოს," - ამბობს მატა გორდეზიანი.

თუმცა, 2030 წლამდე 2022-ის ზამთარია და ევროპაში ახლა ამ ზამთრისთვის გაზის საცავების შევსებაზე მუშაობენ. ამ დროისთვის მათ უკვე გაზსაცავების 64%-ზე მეტი აქვთ შევსებული.

„რუსეთი ყოველთვის იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს პოლიტიკური შანტაჟისთვის, ეს გააცნობიერა ევროპამ და მათი გეგმით წლევანდელი ზამთარი მთლიანად რუსული გაზის გარეშე უნდა გადაატარონ, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება, რომ ევროპამ საკუთარი გაზის საცავების 90% მაინც შეავსოს, რომ ზამთარმა შეფერხების გარეშე ჩაიაროს," - ამბობს მატა გორდეზიანი.


***
ჩაივლის თუ არა შეფერხებების გარეშე ეს ზამთარი, ჯერჯერობით არავინ იცის. თუმცა, ნათელია ის, რომ ევროკავშირსა და კრემლს შორის გაჩაღებული „ენერგეტიკული ომის” მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ამიტომაც, ევროპა ზამთრის მარაგების შევსებასა და ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადებას განაგრძობს. 

კომენტარები