საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
01 აგვისტო, 2022 კოსოვო-სერბეთი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ - რა ხდება მათ საზღვარზე?
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ


გასული დღის განმავლობაში სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ისმოდა სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა. კოსოვოს შეიარაღებული ძალები სასაზღვრო ზოლში განლაგდნენ. გადაიკეტა გამშვები პუნქტები. ​საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა სერბეთის არმიაც.

​როგორც სერბეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა, კოსოვოს არმია ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმისთვის ემზადება. ალექსანდრ ვუჩიჩის მტკიცებით, პრიშტინას რეჟიმი „თავის მსხვერპლად გასაღებასა” და „მსოფლიოში არსებული განწყობებით სარგებლობას" ცდილობს. 

კოსოვოში კი რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას სერბეთს აბრალებენ. როგორც სპეციალური მიმართვისას კოსოვოს პრემიერმინისტრი - ალბინ კურთი - ამტკიცებდა, სწორედ ამ მიზნით აწყობს ბოლო დღეების განმავლობაში სერბეთი პროვოკაციებს. 

„მომდევნო წუთები, დღეები და კვირები რთული და პრობლემური იქნება. ჩვენ შევეჯახეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ სერბულ ნაციონალ-შოვინიზმს. ჩვენ დღე და ღამე ვიმუშავებთ თქვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის," - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა.

რა ხდება?

რეგიონში ვითარების დაძაბვა მანქანის სანომრე ნიშნებსა და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით შემოღებულ წესებს უკავშირდება. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტები ახალი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით უნდა შეეცვალათ, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში. სერბეთში ჩასული კოსოვოელი მოქალაქეებისთვის მსგავსი წესი უკვე დიდი ხანია მოქმედებს. 

რაც შეეხება მანქანის სანომრე ნიშნებს, 1 აგვისტოდან ძალაში უნდა შესულიყო წესი, რომლის მიხედვითაც, კოსოვოს მთავრობა სერბეთის ინსტიტუტების მიერ გაცემულ კონკრეტულ ნიშნებს უკანონოდ მიიჩნევს. თუმცა, მათი გამოყენების ნებას რთავს უმეტესად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთის 4 მუნიციპალიტეტში.

ამის შემდეგ ორი გამშვები პუნქტი სატვირთო მანქანებითა და ბარიკადებით კოსოვოელმა სერბებმა გადაკეტეს. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, აშშ-სთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, დაძაბულობის გამომწვევი ამ ახალი კანონების ამოქმედება კოსოვოს მთავრობამ 1 სექტემბრისთვის გადადო.

 

​მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 2021 წლის სექტემბერშიც იფეთქა და ძალადობაში გადაიზარდა. კოსოვოელმა სერბებმა გამშვები პუნქტები გასულ წელსაც გადაკეტეს. კოსოვოს მთავრობამ ადგილზე პოლიციის დანაყოფები გაგზავნა. ძალის დემონსტრირების ნიშნად ცაში დაფრინავდნენ სერბეთის სამხედრო ვერტმფრენები და თვითმფრინავებიც. საბოლოოდ, ევროკავშირის შუამდგომლობით მხარეები დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.

კოსოვოს მთავრობა მაშინაც განმარტავდა, რომ მანქანის ნიშნებთან დაკავშირებული რეგულაცია 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი იყო. სწორედ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა კოსოვომ. სერბეთმა მასზე კონტროლი გაცილებით ადრე, 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს. 

საერთაშორისო გამოხმაურება - როგორია NATO-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიცია

სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე ვითარებამ მსოფლიოს ყურადღებაც მიიქცია. რუსეთისგან მხარდაჭერილი სერბეთი უკრაინის ომის კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა დასავლეთისთვის. 

საზღვარზე შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას გამოეხმაურა NATO. ალიანსმა განაცხადა, რომ მზადაა კოსოვოში შევიდეს, თუკი "სტაბილურობა საფრთხეში აღმოჩნდება". როგორც ცნობილია, კოსოვოში ორგანიზაციის მონიტორინგის მისია მუშაობს და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, ეს ძალები ჩაერთვებიან მიმდინარე მოვლენებში. 

საზღვარზე ვითარების დაძაბვას გამოეხმაურა აშშ-იც. კოსოვოში ქვეყნის ელჩმა მოუწოდა ოფიციალურ პრიშტინას, გადაედო სადავო გადაწყვეტილების აღსრულება. "როგორც ჩანს, გადაწყვეტილების შესახებ არსებობს დეზინფორმაცია და მხარეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაც". 

მანვე აღნიშნა, რომ ვითარების განსამუხტად კოსოვოს ხელისუფლებამ და ევროპელმა კოლეგებმა ერთად უნდა იმუშაონ, რომ დაძაბულობამაც იკლოს და შეთანხმებაც მიღწეულ იქნას.

კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა ჯოზეფ ბორელი - მან მოუწოდა ორივე მხარეს, საკითხი ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში გადაწყვიტონ.

 

პრიშტინა-ბელგრადს შორის დაძაბულობას უკრაინაც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობრივ მოვლენებს დაუდოს სათავე.

რას ამბობენ კრემლში?

სერბეთის მხარდამჭერმა რუსეთმა კი ვითარების დაძაბვაში კოსოვო დაადანაშაულა და პრიშტინას "რადიკალური" უწოდა. 

კრემლის მტკიცებით, კოსოვო ბალკანეთის ჩრდილოეთიდან სერბების განდევნას ცდილობს და ახალი სასაზღვრო წესებიც სწორედ ამ მიზნით შემოიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კოსოვო ეთნიკური სერბების წინააღმდეგ პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა.

„კოსოვოელი ლიდერებისთვის ცნობილია, რომ სერბები ინდიფერენტულნი არ იქნებიან, როცა მათივე თავისუფლებაზე აშკარა თავდასხმა ხორციელდება. ისინი მიზანმიმართულად ამძიმებენ მდგომარეობას, რომ ძალადობრივი სცენარი განვითარდეს", - ამტკიცებს ზახაროვა.

გარდა ამისა, კრემლის ერთერთი პროპაგანდისტი აცხადებს, რომ სერბეთ-კოსოვოს შორის ვითარების დაძაბვამ აჩვენა, თუ რამდენად არ მუშაობს ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებები. 

კოსოვოს რესპუბლიკის მოკლე ისტორია

კოსოვოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. ოფიციალური პრიშტინას დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად, მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა. სერბეთი კოსოვოს ჯერ კიდევ თავის ავტონომიურ ოლქად უყურებს.

კოსოვოში ეთნიკურმა ალბანელების ბრძოლა სერბების პოლიტიკის წინააღმდეგ სათავეს 1990-იან წლებში იღებს. პირველი მნიშვნელოვანი კამპანია 1995 წელს დაიწყეს. მათ მიერ წლების განმავლობაში მოწყობილ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებს 1999 წელს სერბეთის არმიის მხრიდან მასობრივი კამპანია მოჰყვა.  

კოსოვოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთნიკურად ალბანელია. აქ კონფლიქტი 1998-99 წლებში გამწვავდა და ომის სახე მიიღო. საბოლოოდ ის NATO-ის ჩარევის შემდეგ დასრულდა. კოსოვოში ალიანსის რამდენიმეათასიანი შემადგენლობა 1999 წლის 12 ივნისს შევიდა და დღემდე მოქმედებს. NATO-ის ჯარისკაცები მუდმივ მზადყოფნაში არიან, ვითარების გამწვავების შესაბამისად იმოქმედონ, თუმცა მათი ძირითადი მისია მშვიდობისმყოფელობაა.

კომენტარები