საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
03 აგვისტო, 2022 რა ხდება ტაივანში? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ერთდღიანი ვიზიტით ტაივანში ჩავიდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია - აშშ არ დატოვებს დემოკრატიას მარტოს.

ჩინეთში, სადაც ტაივანი მათ ტერიტორიად მიაჩნიათ, პელოსის ვიზიტმა ვნებათაღელვა გამოიწვია. გარკვეული სახის მუქარები ვიზიტამდეც კი ისმოდა. 

რატომ იყო პელოსის ვიზიტი ასეთი რეზონანსული, როგორია ჩინეთის პოლიტიკა ტაივანის მიმართ და თავად ტაივანის პოზიცია - ერთად გადავავლოთ თვალი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში

ნენსი პელოსი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსია, ვინც ბოლო 25 წელიწადში ტაივანს ესტუმრა. მისმა ვიზიტმა ოფიციალური პეკინის გაღიზიანება გამოიწვია. იქ ფიქრობენ, რომ ტაივანი მათი ტერიტორიაა და ის ოდესმე დაბრუნდება ჩინეთის შემადგენლობაში.

ნენსი პელოსიმ ტაიპეიში ვიზიტის დროს რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა და ქვეყნის პარლამენტსაც მიმართა.

პრეზიდენტ ცაი ინვენთან შეხვედრისას პელოსიმ აღნიშნა, რომ ტაივანი ერთერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოებაა, "თავისუფლების მოყვარული ყველა ადამიანისთვის შთაგონება". მან ცაი ინვენს მადლობაც გადაუხადა. 

პელოსიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ერთგული რჩება წლების წინ დადებული პირობის - ყოველთვის გვერდში დაუდგეს ტაივანს. მისივე განცხადებით, აშშ-ის ურყევი გადაწყვეტილებაა, შენარჩუნდეს დემოკრატია ტაივანში.

„ჩვენი დელეგაცია დღეს ტაივანშია, რათა ცალსახად დააფიქსიროს, რომ ჩვენ არ ვიტყვით უარს ტაივანის წინაშე ჩვენს ვალდებულებებზე", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, დემოკრატების ერთერთმა ლიდერმა მისი ვიზიტის შესახებ რამდენიმე პოსტი ტვიტერზეც გამოაქვეყნა. პელოსის თქმით, ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეიძლება გაღრმავდეს ეკონომიკური ურთიერთობები და მეტად გაძლიერდეს უსაფრთხოების პოლიტიკა, რათა "დავიცვათ საერთო დემოკრატიული ღირებულებები".

 

პელოსიმ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართა. შეხვედრაზე მყოფებს შორის იყვნენ: ლამ ვინ კი - ჰონგ-კონგიდან ტაივანში გაქცეული ბუკინისტი, რომელიც ჩინეთის მთავრობის მიერ იდევნებოდა, და ლი მინ-ჩი - ტაივანელი აქტივისტი, ვინც ჩინეთის ტერიტორიაზე დააპატიმრეს და წელს გათავისუფლდა. 

როგორია ჩინეთის რეაქცია?

აშშ-ის წამყვანი დემოკრატის ვიზიტმა ჯერ კიდევ ვიზიტამდე გააღიზიანა ჩინეთი. ოფიციალური პეკინი იმუქრებოდა, რომ პელოსის შესაძლო ვიზიტს გარკვეული შედეგები მოჰყვებოდა.

სპიკერის ტაიპეიში ჩასვლისთანავე ჩინურ მედიაში ბევრნაირი ინფორმაცია ვრცელდებოდა. მათ შორის ისიც, რომ ტაივანის ყურეს ჩინური ხომალდები კვეთდნენ. მსგავსი ცნობები არ დადასტურებულა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. უწყებამ სპიკერის სტუმრობას "ერთი ჩინეთის პრინციპის უხეში დარღვევა" უწოდა და თქვა, რომ ამას აშშ-ჩინეთს შორის ურთიერთობებზე "მძიმე გავლენა" ექნება. 

პეკინმა პელოსის ვიზიტი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნია. 

„ეს ფუნდამენტურად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის ყურეზე და არასწორ სიგნალებს უგზავნის "ტაივანის დამოუკიდებლობის" მომხრე სეპარატისტულ ჯგუფებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

პეკინი მოუწოდებს აშშ-ს, "შეეშვას ტაივანის კარტით თამაშსა და ჩინეთის შიდა საკითხებში ჩარევას... და არ წავიდეს უფრო ღრმად არასწორ და სახიფათო გზაზე".

ჩინეთმა პელოსის ვიზიტის შემდეგ ტაივანიდან მთელი რიგი პროდუქციის შეტანა აკრძალა. შეზღუდვა ეხება ციტრუსს, ორი სახეობის თევზს, ტკბილეულსა და ჩინეთიდან მიწის კუნძულებისკენ ექსპორტს.

ტაივანისთვის ჩინეთი ერთერთი უმსხვილესი ბაზარია - კუნძულიდან ექსპორტზე გასული პროდუქციის 30%-მდე ჩინეთში მიდის.

ტაივანი-ჩინეთის ისტორია - მოკლედ

ტაივანი მე-17 საუკუნემდე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, თუმცა, აქ ცენტრალური მმართველობა არ არსებობდა. ამავე საუკუნის შუა წლებში კუნძული ნიდერლანდების კოლონიად იქცა, შემდეგ კი ცოტა ხნით კვლავ თავისუფლება დაიბრუნა. მე-17 საუკუნის მიწურულს ტაივანზე კონტროლი ჩინეთმა აიღო და ორი საუკუნის განმავლობაში მართავდა მას.

ჩინეთსა და იაპონიას შორის 1894-95 წლებში მიმდინარე ომის შემდეგ ტაივანი იაპონიის მმართველობაში გადავიდა. კუნძული ჩინეთის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, 1945 წელს, დაბრუნდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩინეთში სამოქალაქო კონფლიქტი გამწვავდა. 1949 წელს კონტინენტურ ჩინეთზე კონტროლი კომუნისტურმა პარტიამ დაამყარა. მაო ძედუნის გამარჯვებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა. 

სამოქალაქო ომში დამარცხებული ნაციონალისტების ლიდერი ჩან კაიში კი თავის ჯართან და მხარდაჭერებთან ერთად ტაივანზე გადავიდა. სწორედ აქედან, 1949 წლიდან დაიწყო დღევანდელი ტაივანის ისტორია. ​მაო ძედუნი საბჭოთა კავშირის დახმარებით მის ასაღებადაც ემზადებოდა, თუმცა, შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომი გაჩაღდა.

აშშ ხედავდა, რომ კომუნიზმის გავრცელების შესაჩერებლად როგორც სამხრეთ კორეას, ასევე ტაივანს დახმარება სჭირდებოდა. ამიტომაც, კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმანმა მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და კუნძულის გარეშე აგრესიისგან დაცვის შესახებ ბრძანება გასცა. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ის მთავრობამ ტაივანის ხელისუფლებასთან დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა. აშშ-სა და ტაივანს შორის გაფორმებული მარეგულირებელი აქტით კი მისი დაცვის ვალდებულებაც აიღო.

​მართალია, ტაივანს დამოუკიდებლობა ოფიციალურად არ გამოუცხადებია და არც აშშ-ს უღიარებია მისი სუვერენიტეტი, თუმცა ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას მასზე კონტროლი კვლავ დაკარგული ჰქონდა (დღეისათვის ტაივანს დამოუკიდებელ ქვეყნად 13 ქვეყანა და ვატიკანი ცნობს). 

50-იანი წლებიდან კუნძული ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, რომ მას „აზიური ვეფხვიც" კი შეარქვეს. 1952-დან 1982 წლამდე ტაივანის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 8.7%-ით იზრდებოდა და ტაივანი უკვე უცხოურ ბაზრებზე წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი უცხოური ვალუტის რეზერვების მქონე, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა იყო. დემოკრატიული ინდექსით კი დღეს ის ევროპის რამდენიმე ქვეყანასაც კი უსწრებს. კუნძულს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჰყავს და თავისი კონსტიტუცია აქვს.

ამის მიუხედავად, ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამბობს, რომ მზადაა, მისი დაბრუნებისთვის ძალაც კი გამოიყენოს. ამიტომ, პერიოდულად ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა იძაბება.

პელოსის აზიური ტურნე 

ბოლო კვირებში ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გაზრდა ნენსი პელოსის ვიზიტს უკავშირდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის შესახებ ცნობები თავდაპირველად აქტიურად ვრცელდებოდა მედიაში, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო უწყებები განმარტებებისგან თავს იკავებდნენ. როგორც ჯო ბაიდენი ამბობდა, პენტაგონის აზრით, ნენსი პელოსის ვიზიტი მაინც და მაინც კარგი იდეა არ იყო.

მართალია, პელოსის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ აზიური ტურნეს გრაფიკში ტაივანი არ ფიგურირებდა, თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, 2 აგვისტოს სწორედ მას ესტუმრა.

ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე ორშაბათს სინგაპურიდან დაიწყო, ის ეწვევა მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიასაც. თუმცა, მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სწორედ ტაივანში ჩასვლა მოექცა.

მთავარი ფოტო: AP Photos
კომენტარები