საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
04 აგვისტო, 2022 “იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

“იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” - 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 14 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე იკრიბებიან. აქციაზე იმ ფილმების ჩვენება მოეწყობა, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთში 90-იან წლებში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ასახავს. 

“იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” ერთგვარი გაგრძელებაა “ბუჩამდე იყო აფხაზეთისა”. ესაა კამპანია, რომელსაც “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ტაბულა”, “ევროპული საქართველო”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება” და “აფხაზთა კრება” უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად აწარმოებს. იგი 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარებას ემსახურება.

“საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო. ოკუპაციის გახსენება ნაკლოვანი იქნება უმაღლესი დანაშაულების სათანადო სახელდების გარეშე” - წერენ ორგანიზატორები. 

ჯერ კიდევ გრძელდება ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფების მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ქართველთა გენოციდად აღიარებას მოითხოვს. თანაც არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. 

“გარდა იმისა, რომ პეტიცია თითოეული ადამიანის პოზიციას გამოხატავს, პირველ რიგში, ის დატვირთვა აქვს, რომ იმ ადამიანების თანამეგობრობა შეიქმნას, ვინც ვთვლით, რომ რუსებმა გენოციდი ჩაიდინეს და ამის აღიარებისა და მოქმედებისთვის მზად ვართ. პირველ რიგში, ხელის მოწერით და მერე უკვე სხვა ნაბიჯებითაც. ამას მომავალი გვაჩვენებს” - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი Enigma-სთან.

 

საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. ისტორიის სამართლიანობისთვის, ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. ვთქვათ, რომ ოკუპანტმა აფხაზეთში ქართველებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. რუსეთმა გენოციდი მოაწყო. იმისთვის, რომ ეს სრული და სათანადოდ თქმული სიმართლე ყველას გავაგებინოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის. ხელი მოაწერე პეტიციას - https://bit.ly/3IiBGUQ გაავრცელე სიმართლე. მოდი, 7 აგვისტოს 21:00 საათზე, ომის წლისთავზე, რუსთაველზე, პირველ სკოლასთან მტრის ბოროტმოქმედებისთვის ისტორიული სახელის დასარქმევად.

Posted by იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის on Monday, August 1, 2022

 

“ბუჩამდე იყო აფხაზეთი”

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბუჩაში მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ეს ქმედებები გენოციდად შეაფასეს. 

თუმცა, ორგანიზატორების თქმით, ბევრს არ ახსოვს, რომ ბუჩამდე, აფხაზეთი იყო. 90-იან წლებში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ - საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულმა მღელვარებამ - მსოფლიოს საშუალება არ მისცა შესაბამისი პასუხი გაეცა რუსული სისასტიკის წინააღმდეგ. ახლა კი გვაქვს შანსი, მსოფლიოს გავაგებინოთ რა ხდებოდა 30 წლის წინ საქართველოში და ავხსნათ, რომ რუსი სამხედროების ამგვარი სისასტიკე, მათთვის კარგად ნაცნობი პრაქტიკაა. 

სწორედ ამ მოვლენების გაცოცხლების და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო კამპანია “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”.  პირველი ღონისძიება 24 მაისს გაიხსნა. KHIDI-მა ქართველების გენოციდის ინტერაქტიურ ექსპოზიციებს უმასპინძლა - თვითმხილველები იმ ისტორიებსა და ემოციებზე საუბრობდნენ, რომლებიც თავად განიცადეს რუსი ოკუპანტების სასტიკი ღონისძიებების შედეგად. თითოეული ეს ისტორია, პოლიტიკური ინტერპრეტაციებისგან დაცლილი იყო და ყველაზე კარგად ასახავდა რუსი ოკუპანტების სისასტიკეს. მსგავსი ექსპოზიცია მოგვიანებით ქუთაისშიც გაიხსნა

გარდა ამისა, ამ ისტორიების გამოყენებით სოციალურ ქსელში აქტიური საინფორმაციო კამპანია ხორციელდება, რომლებიც 1992-1993 წლებში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე გვიამბობს. 

 

⚫️ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შესახებ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებებიდან 👉 იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის - https://bit.ly/3IiBGUQ

Posted by Tabula - ტაბულა on Monday, August 1, 2022

 

Enigma კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორს თამარ ჩერგოლეიშვილს ესაუბრა. მისი თქმით,  ამ ღონისძიებებს არაერთი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. 

“რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი, რომ რუსეთზე სწორი წარმოდგენა შეიქმნას. ერთია, როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ხალხს და მეორეა, როდესაც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც თავის ტყავზე გამოცადეს [რუსი ოკუპანტების სისასტიკე], ის ხალხი ხომ უფრო დამაჯერებელი იქნება” - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

მისივე თქმით, ბუჩაში მიმდინარე მოვლენების გენოციდად აღიარების შემდეგ, საქართველოს აქვს შანსი სამართლიანობა აღადგინოს და 1992-1993 წლის მოვლენებს ეთნიკური კონფლიქტის ნაცვლად, გენოციდი ეწოდოს. 

ჩერგოლეიშვილის თქმით, თანამედროვე საინფორმაციო საშუალებების  გამოყენებით მსოფლიოსთვის მალევე გახდა ცნობილი თუ რა მოხდა ბუჩაში. 90-იანებში კი ქართველებს ამის საშუალება არ გვქონდა. სწორედ ამიტომ საჭიროა დავიწყოთ საუბარი, გავასაჯაროო და ციფრულად ვაქციოთ ის ინფორმაცია, რაც დღეს ქაღალდების სახით გვაქვს შემონახული. 

ჩერგოლეიშვილის თქმით, ეთნიკური კონფლიქტის სტატუსის გენოციდად კვალიფიცირება სულაც არ უარყოფს იმას, რომ საქართველოში ეთნიკური კონფლიქტი არსებობდა. მისი თქმით, ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და საჭიროა ამაზე საქართველოს სახელმწიფომ იმუშაოს. 

Malcolm Linton, აფხაზეთი 1993 წელი

რატომ არის მნიშვნელოვანი გენოციდის აღიარება?

გაეროს თანახმად, გენოციდი ქმედებაა, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად, ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით. თუმცა, კონკრეტული მოვლენის გენოციდად აღიარება მარტივი საქმე არაა.  განსაკუთრებით რთულია ძალადობრივი ქმედების უკან კონკრეტული ჯგუფის განადგურების განზრახვის დადასტურება. 

სწორედ ამის გამოა, რომ კონვენციის მიხედვით, გაერომ გენოციდად მხოლოდ სამი შემთხვევა აღიარა, თუმცა არცერთ მათგანში არ შედის რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი. 

უკრაინა იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მათთვის რუსეთის აგრესიის გენოციდად კლასიფიცირება. ცალკეული სახელმწიფოების დამოკიდებულებები მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. 

მართალია, დღეს საქართველოში აქტიური სამხედრო მოქმედებები არ ხორციელდება, თუმცა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ არ შეცვლილა - კრემლი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას. სწორედ ამიტომ, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  მსოფლიომ აღიაროს, რომ 1992-1993 წლებში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არა თუ ეთნიკური წმენდა არამედ, გენოციდია.  

თუმცა, როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი Enigma-სთან აღნიშნავს, არ უნდა შევქმნათ მცდარი მოლოდინი, რომ ყველაფერი მოკლე პერიოდში განხორციელდება. 

“ჩვენ არ უნდა შევქმნათ არასწორი მოლოდინები, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი. ეს ძველი ამბავია და ძველი ამბის გაცოცხლებას მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ვიდრე იმას, რაც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება” - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა დავიწყოთ დისკუსია, რათა დავაინტერესოთ საერთაშორისო მედიაც - “შესაძლებელია, რომ თუ აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე არა, პარლამენტებში დაიძრას ამაზე დისკუსია. ხოლო იმისათვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს და სამართლებრივი ფორმა შეიძინოს - ამაში საქართველოს მთავრობა უნდა ჩაერიოს”.

ცალკე საკითხია სურს თუ არა საქართველოს მთავრობას ეს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე დავიწყოთ დისკუსია, რადგან “ძალიან მნიშვნელოვანია გააზრება იმის, რა გამოვიარეთ, საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ ჩვენი მეგობარი” - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

შეუერთდით პეტიციას რუსეთის მიერ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარებისთვის.

კომენტარები