საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
05 აგვისტო, 2022 “ლელო” რუსებისთვის სავიზოს ითხოვს, რუსები “დედაენას” ესხმიან თავს, “ოცნება” კი რუსებს იცავს - რა ხდება?
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

უკრაინაში პუტინის არმიის მიერ დაწყებული ომის შემდეგ რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესეს. გარდა მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისა, სანქციები მოქალაქეებსაც შეეხო. საბანკო სისტემაზე დაწესებული სანქციები, რუბლის რეკორდული ვარდნა საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეებზეც აისახა.

ომის დაწყების შემდეგ არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ რუსეთიდან ჩამოსულთა ნაკადები რაიმე სახით უნდა კონტროლდებოდეს. უსაფრთხოების საკითხების მკვლევრები მიუთითებდნენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნიდან მომავალთა ნაკადების შესაკავებლად.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ ჩამოდიან, ჩვენს მოქალაქეებს კი იქ ჩასასვლელად ნებართვა სჭირდებათ. ერთერთი იდეა სწორედ ის იყო და დღემდე აქტიურად განიხილება, რომ ქვეყანაში შემოსასვლელად რუსეთიდან ჩამოსულებს ვიზა დასჭირდეთ.

ლელოს ინიციატივა და ომის ფონზე რუსების გაზრდილი რაოდენობა 

პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ ხელისუფლებას 3 ინიციატივით მიმართა. ისინი რუსეთისა და ბელარუსიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ, ასევე, ბინადრობის უფლებაზე, უძრავი ქონების შეძენასა და ბიზნესის რეგისტრაციის კონტროლს გამკაცრებას.

პარტიაში ამბობენ, რომ "ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ივნისში საქართველოში რუსეთის 135 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა 340 პროცენტითაა გაზრდილი.

 

📌 სახელმწიფოები, სადაც რუსებს უვიზო მიმოსვლა აქვთ ❗️რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 360 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ

Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on Thursday, August 4, 2022

 

რუსეთის მოქალაქეების ასეთი რაოდენობის ფონზე, გასულ თვეს უკრაინიდან, სადაც კრემლის ომი გრძელდება, 19 585 ადამიანი შემოვიდა. ამას ემატება ისიც, რომ თბილისის მერიამ 1 აგვისტოდან უკრაინელ ლტოლვილებს ფულადი დახმარება შეუწყვიტა. ახლა ისინი საცხოვრებლისა და ყველანაირი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. 

“ჩვენ ყველაზე მეტად შეგვიძლია განვიცადოთ ომით მიღებული ტკივილი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა და დევნილობაში ყოფნის სიმწარე.” 

საქართველოს ხელისუფლებისგან გაჭირვებაში დარჩენილი უკრაინელებისთვის დახმარება თავის თავზე ისევ სამოქალაქო საზოგადოებამ იკისრა. შეიქმნა ფონდი, სადაც ადამიანები, უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველსაყოფად თანხებს რიცხავენ. 

“ქალები, ბავშვები, პენსიონერები, რომლებმაც ჩვენი თანადგომის იმედით საქართველოს მოაშურეს, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მათი მამები, ქმრები, შვილები – ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.”

 

1-ელი აგვისტოდან, უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ქალები,...

Posted by ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation on Thursday, August 4, 2022

 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ბევრმა ქვეყანამ მასთან საჰაერო საზღვარი ჩაკეტა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა დააწესა. მაგალითად კანადამ, ევროკავშირმა და რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვეიცარიამ, აკრძალა რუსების საკუთრებაში ან კონტროლირებადი თვითმფრინავებით მათ საჰაერო სივრცეში შესვლა.

შეტევა „დედაენის ბარზე”


რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისში მდებარე „დედაენის ბარში" უკვე რამდენიმე თვეა ერთგვარი „ვიზა” მოქმედებს. ბარში შესასვლელად მათ სპეციალურ კითხვარში უნდა მონიშნონ, რომ:

  • პუტინი დიქტატორია და მისთვის ხმა არ მიმიცია
  • ვგმობ რუსულ აგრესიას უკრაინაში
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა
  • დიდება უკრაინას
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია
  • მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй…

 

სწორედ ამ პოლიტიკის გამო გუშინ, 4 აგვისტოს, სოციალურ ქსელებში პუტინისტებმა ბარს ორგანიზებულად შეუტიეს. როგორც „დედაენის ბარი" ამბობს, მათ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა ხორციელდება - იწერება ათობით უარყოფითი, აგრესიული შეფასება და მუქარის შემცველი კომენტარები.

ამას გარდა, Google-ზე რუსმა ოკუპანტებმა შეცვალეს ბარის მისამართი და სახელი („დედაენის ბარის" ნაცვლად აწერია „დენაზიფიკაცია"). მათი საიტის ნაცვლად მიუთითეს კრემლის გვერდი.

„სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის "ადამიანი", რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს” - წერდა „დედაენის ბარი.”

 

წყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს...

Posted by დედაენის ბარი on Tuesday, August 2, 2022

 

ამ შეტევის შემდეგ ერთგვარი მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო. მომხმარებლები Google Map-ზე  „დედაენის ბარის” რეიტინგის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. ბარის მხარდაჭერისკენ მოქალაქეებს მოუწოდებდა უკრაინული გამოცემა UNIAN-იც. 

„რუსი მუტრუკები ქართულ დაწესებულებას [დედაენა ბარს] მასობრივად უწერენ დაბალ შეფასებას… მოსკოვის  ჭაობების მცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო არიან იმ კითხვარით, რომლის შევსებას ბარის თანამშრომლები სთავაზობენ რუს ტურისტებს… მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ პრინციპულ მფლობელს და დადებითი შეფასება მისცეთ ამ ბარს," - წერდა UNIAN.

დღეს კი ბარი Facebook-ზე წერდა, რომ მათი რეიტინგი გაიზარდა, ცუდი შეფასებები კი წაიშალა.

"მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა. ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ,” - ვკითხულობდით ბარის ბოლო განცხადებაში, რომელიც ახლა აღარ იძებნება.

როგორც „დედაენის ბარის” დამფუძნებელმა დათა ლაფაურმა Enigma-ს უთხრა, ეს პოსტი მათ არ წაუშლიათ და კიბერშეტევა ისევ გრძელდება.

„კომენტარები რომ წაიშალა, არის ძალიან კარგი ამბავი. Google-ის ანალიტიკოსები არიან ჩართულნი ამ საქმეში და რეალურად ჩვენს ფეიჯს უყურებენ და გვეხმარებიან. იქამდეც მივიდა ეს ინფორმაცია, რომ ეს არის კიბერშეტევა…მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, რომ კიბერშეტევა ისევ გრძელდება,” - ამბობს ლაფაური.

“ქართული ოცნება” ჩამოსული რუსების ინტერესების სადარაჯოზე

"ქართული ოცნება" კი არც უვიზო რეჟიმის გადახედვას აპირებს და, როგორც ჩანს, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა დისკომფორტმაც შეაწუხა. მმართველმა პარტიამ ქსენოფობია უწოდა იმას, რომ მოქალაქეები რუსეთთან სავიზო მიმოსვლის დაწესებას ითხოვენ. ასევე, ქსენოფობად და "უკულტუროდ" მონათლეს ყველა, ვინც ბარ "დედაენაზე" რუსების თავდასხმით გაღიზიანდნენ.

 
„რუსეთის მოქალაქის მიმართ ზიზღი არის ქსენოფობია და სირცხვილი“ - კობახიძე

„თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე და არაფერზე. გარდა ამისა, კულტურაზე,“ — კობახიძე

Posted by Formula • ფორმულა on Friday, August 5, 2022

 

"ოცნების" თავმჯდომარემ "ლელოს" ინიციატივას ირაციონალური უწოდა და გვაცნობა, რომ ცვლილება არ იგეგმება. 

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა კი რუსებისთვის ვიზების დაწესების ინიციატივაში "ტურიზმის ჩამოშლის კამპანია" დაინახა. "ქართულ ოცნებას" ენმ-ის ხელისუფლება არც ამ საკითხზე საუბრისას დავიწყებია - მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსებს უვიზო მიმოსვლა სწორედ წინა მთავრობამ დაუწესა.

რუსების მოქალაქეები რომ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდიან, ეს თემა განსაკუთრებით უკრაინაში თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ გააქტიურდა. მოსახლეობაში ამას შეშფოთება მოჰყვა, საუბარი არ შემწყდარა უსაფრთხოების შესახებაც - რა პოლიტიკას უნდა ატარებდეს სახელმწიფო მსგავს ვითარებაში.

შალვა პაპუაშვილი, უსაფრთხოების ექსპერტებისგან განსხვავებით, რუსეთიდან ადამიანების უკონტროლო შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია "ქსენოფობიაში გადაიზარდა".

"დედაენაზე" თავდასხმის შემდეგ დღეს, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩამოსული რუსების მიმართ ქსენოფობიური განწყობები იკვეთება და ეს განცხადებები კვლავაც საქართველოს "ომში ჩართვასთან" დააკავშირა.

„ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ესაა რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება...

1968 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ჩეხოსლოვაკია, ამის გამო ბაბუათქვენი ხომ არ იყო ცუდი კაცი, ან ბაბუაჩემი? აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი - როდესაც ქსენოფობიური კამპანია არის აგორებული და ცდილობენ ზიზღის გაღვივებას რიგითი რუსის მიმართ, ეს არის სამარცხვინო ქმედება... 

თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ, თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე და გარდა ამისა - კულტურაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

რას ამბობს სამოქალაქო სექტორი? 

“დღეს, ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა და სტრატეგია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით, როდესაც ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების და ინტერესის მატარებელია. და როდესაც რეგიონში ომია” - წერს ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში. 

საქართველოსი დიდი ოდენობით რუსების შემოდინებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას სამოქალაქო სექტორი აქტიურად აკრიტიკებს. მათი თქმით, “ქართული ოცნება” არანაირ პოლიტიკას არ ატარებს ამ მიმართულებით და მეტიც, აქტიურად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას კრემლის სტილში. 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის თქმით, მიმდინარე მოვლენები სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია.  მისი თქმით, სახელმწიფო არ იღებს მინიმალურ ზომებსაც კი, მიგრაციის ტალღასთან და სოციალურ შფოთთან გასამკლავებლად. იგი იმ საჭირო ღონისძიებებსაც ასახელებს, რაც არ ხორციელდება. 

 

რუსების მიმართ ისტერიული ტალღის მიზეზი პირველ რიგში სახელმწიფოს უმოქმედობაა. სახელმწიფო არ იღებს მინიმალურ ზომებსაც...

Posted by Tamta Mikeladze on Thursday, August 4, 2022

 

მიქელაძის თქმით, მაშინ როდესაც სახელმწიფო ამ მინიმალურ ღონისძიებებსაც არ ატარებს,  უსაფრთხოების დაცვის სხვა უფრო მკაცრ რეჟიმებზე საუბარიც კი ზედმეტია, მათ შორის კი სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. 

“საიას” ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი “ქართული ოცნების” რიტორიკას ეხმაურება, რომელიც სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნას “ქსენოფობიურს” უწოდებს. მისი თქმით, ყველა, “ვინც ამ ყველაფერს ქსენოფობიას უწოდებს, ან არ იცის, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ან კიდევ საზოგადოებას ტყუილებით კვებავს”.

სიმონიშვილის თქმით, საჭიროა დავფიქრდეთ შედეგებზე და საია-ის 8 მარტის განცხადებას ახლიდან აქვეყნებს, რომელიც ხელისუფლებას საემიგრაციო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. საია-ის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთს აქვს ინტერესი, რომ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამ დროს კი საქართველოს მთავრობა არ პასუხობს კითხვებს რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ. 

“იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის არგუმენტით საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს, ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული საფრთხეები და ეფექტიანად და დროულად იმოქმედოს მათ აღსაკვეთად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად შესაძლოა განხილული იყოს სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის ფედერაციასთან და საიმიგრაციო კანონმდებლობის გადახედვა არსებული გამოწვევების შესაბამისად” - წერს საია. 

მიმდინარე მოვლენებს პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, სავიზო რეჟიმს აზრი ექნება არა “ქართული ოცნების”, არამედ ნორმალური ხელისუფლების პირობებში.  

“სავიზო რეჟიმიც რომ დააწესო, ეს ხელისუფლება შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვები არ არის და არ შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვებია” - ამბობს ჯაფარიძე.

პოლიტიკური ოპონენტები და იურისტები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა და გაატაროს შესაბამისი სავიზო პოლიტიკა. თუმცა “ქართული ოცნება”, სხვა შემთხვევების მსგავსად, არავის უსმენს და ცალსახად ამბობს, რომ არაფრის გადახედვას არ აპირებს.

კომენტარები