საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
15 აგვისტო, 2022 როგორ ცდილობენ რუსები, გვერდი აუარონ სანქციებს? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დასავლეთმა რუსეთი არაერთ ამერიკულ და ევროპულ ბანკში დაბლოკა. 

მდიდარი და საშუალო კლასის რუსები, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) ფულის გაგზავნით ცდილობენ. სპარსეთის ყურეში მდებარე შვიდი ავტოკრატიული ნავთობსახელმწიფოს ფედერაციამ გადაწყვიტა, არ შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში, პუტინთან დაახლოებული სანქცირებული ბიზნესმენები დიდ ინვესტიციებს დებდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში. ბოლო თვეების განმავლობაში კი ის იახტების თავშესაფრადაც იქცა. New York Times-ის ცნობით, მოსკოვიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უფრო მეტი რუსული კერძო თვითმფრინავი მიფრინავს, ვიდრე აქამდე ყოფილა. ხოლო, რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა თავისი  Dreamliner სწორედ დუბაიში გააჩერა. გარდა ამისა, საამიროების ეროვნული ავიახაზები ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელიც აგრძელებს პირდაპირ რეისებს რუსეთიდან. 

ბინძური ფული პუტინის ახლო წრიდან ლონდონის ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზარზე და გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ეკონომიკაშიც შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ჯგუფები ცდილობენ თვალყური ადევნონ საამიროებში არსებულ თანხებს, ტრანსფერის ფარული ბუნება და ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი ნაკლებად ცნობილი რუსისგანაა, რომელიც არც სანქციების სიაში მოხსენიებული, ართულებს დაკვირვების ფორმასა და მასშტაბს. 

“ფულის მოძრაობა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, საშუალებას აძლევს რუსეთ მართოს საკუთარი და ომის ეკონომიკა” - განმარტა კარენ გრინვეიმ, FBI-ს ყოფილმა აგენტმა.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარტში, პარიზში დაფუძნებულმა მთავრობათაშორისმა სტანდარტების დამდგენმა ორგანომ FATF-მა არაბთა გაერთიანებული საამიროები ნაცრისფერ სიაში შეიყვანა. ეს გლობალური საკონტროლო სია განსაზღვრავს ქვეყნებს, რომლებშიც დაფიქსირდა ხშირი ფულის გათეთრებისა და უკანონო დაფინანსების შემთხვევები. ახლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომლებიც იქ მოქმედებენ, უფრო ფრთხილად უნდა აკონტროლონ ტრანზაქციები. ამ რისკებმა შეიძლება დააზიანოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძლიერი ეკონომიკა. 

საპასუხოდ, საამიროები რეფორმების განხორციელებას, ნაცრისფერი სიიდან გასვლასა და პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს. ამის პარალელურად კი, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს ემირატების ხელმძღვანელობა ვაშინგტონთან დაახლოვოს.

ვლადიმერ პუტინი და აბუ დაბის მეფისნაცვალი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი, 2019 წელი. AP Photo/Alexander Zemlianichenko

რას აკეთებს არაბთა გაერთიანებული საამიროები?

საამიროები  გლობალური ფინანსური ცენტრია, რომელიც აგებულია შეუზღუდავ რეგულაციებზე. რამდენიმე ათეული თავისუფალი ფინანსური ზონა ერთგვარი თავშესაფარია უცხოური ფულისთვის გადასახადების თავიდან ასაცილებლად. ხოლო, ქვეყნის თავისუფალი რეგულაციები მას განსაკუთრებულად  ნაყოფიერ ადგილად აქცევს ემიგრანტებისა და უცხოური კომპანიებისათვის. აქ არ არის საშემოსავლო გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი მხოლოდ 2018 წელს შემოვიდა; ხოლო მისი პირველი კორპორატიული საგადასახადო რეჟიმი 2023 წლისთვის არის დადგენილი.

დუბაი უკანონო ფინანსებისა და სხვა ისეთი ძვირფასი ნივთების ჰაბი გახდა როგორიცაა, ოქრო, ხელოვნების ნიმუშები და კრიპტო.

დუბაი ასევე არის ამერიკული და საერთაშორისო კომპანიების ცენტრი, ზოგჯერ კი მათი ბაზა და პორტი ახლო აღმოსავლეთის ბიზნესისთვის. აქ არსებობს ოქროს სავიზო პროგრამა, სადაც ძვირადღირებული ქონების მყიდველებს საამიროებში გაფართოებული ბინადრობის ნებართვა შეუძლიათ მიიღონ. 

აშშ-ის ხაზინის ყოფილმა წარმომადგენელმა Vox-თან ანონიმურად თქვა, რომ საამიროების გამოყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით სულაც არ არის სიახლე.  “ეს არის რაღაც, რაც საკმაოდ ფართოდაა ცნობილი”. ეს არის ცნობილი რისკი, რასაც ხშირად სტრატეგიული კონსულტანტებიც კი ურჩევენ ხოლმე კლიენტებს. 

არსებობს ინდიკატორები, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური პირები უგულებელყოფენ კორუფციასაც. აშშ-ის ფინანსური დარგის მაღალჩინოსნები საბანკო ინსტიტუტებში ფულის ნაკადების კონტროლისას ყოველწლიურად გზავნიან მილიონობით საეჭვო აქტივობის ანგარიშს. რაც შეეხება ემირატებს, როგორც “გლობალური ფინანსური მთლიანობის” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლაქშმი კუმარამ აღნიშნა, საამიროების თავისუფალ ზონებში ასეთი ანგარიშების საეჭვოდ დაბალი რაოდენობაა განთავსებული. მისი აზრით, ისინი არ აკვირდებიან საეჭვო აქტივობებს, ისევე როგორც მისი ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნები. 

კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების აღსრულების საკითხი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ხელმძღვანელობასთან. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს არ გააჩნიათ დემოკრატიული ინსტიტუტები ან დამოუკიდებელი სააგენტოები. ბევრ სასამართლო, სამართალდამცავ და აღმასრულებელ უწყებას სამეფო ოჯახის წევრები მართავენ. 

”ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საამიროები ნამდვილად არ არიან დაინტერესებულნი ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით, არის ის, რომ მათ ჰყავთ საკუთარი ოლიგარქები,” - თქვა გრინავეიმ, FBI-ის ყოფილმა აგენტმა. 

აშკარა კორუფციისა და რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, საამიროებს გამორჩეული პოზიცია უჭირავს ვაშინგტონში. აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ საამიროების ფაქტორიც. განსაკუთრებით კი ანტიტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობის თვალსაზრისით და 2020 წელს ისრაელსა და საამიროებს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების გათვალისწინებით. 

"აშშ საამიროებს, ისრაელსა და მის მეზობლებს გაერთიანებაში დაეხმარა. თუმცა, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამერიკა კვლავ დარჩება მოლაპარაკების მაგიდასთან" - განაცხადა მაიკლ გრინვალდმა, ამერიკის ხაზინის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

Christopher Pike/Bloomberg

რა შეუძლია ამერიკას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის ბინძური ფულის წინააღმდეგ?

კორუფციის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა იყო მთავარი იდეა ამერიკის ხაზინის მაღალჩინოსნის ელიზაბეტ როზენბერგის სიტყვაში, რომლითაც მან არაბ ბანკირებს ამ წლის თებერვალში მიმართა. 

“თითქმის ყველა კორუფციული აქტი მიედინება ფორმალური ფინანსური სისტემის მეშვეობით. იმ სისტემის, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას გვაქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა შევაჩეროთ ის” - თქვა ელიზაბეტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ამერიკამ საერთაშორისო დონეზე ტერორისტული დაფინანსების შეზღუდვა მოახერხა, ახლა კი კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა ამ განცხადებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შესაბამისად გზავნილებიც შეიცვალა. 

როდესაც ფინანსთა მდივნის მოადგილე უოლი ადემო ივნისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია და ბანკირებს შეხვდა,  სიტყვა "კორუფცია" არ იყო მის შენიშვნებში. თუმცა, მან საამიროს გაზეთს განუცხადა, რომ თავის შეხვედრებზე დააყენა საკითხი რუსების მიერ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფინანსური სექტორის გამოყენების შესახებ.

ახლო აღმოსავლეთში ჯო ბაიდენის ბოლო მოგზაურობისა და საამიროების მმართველთან შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციას მკაცრად ფორმულირებული განცხადება არ გაუკეთებია. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ: „პრეზიდენტმა ბაიდენმა აღიარა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალისხმევა, გააძლიეროს მისი პოლიტიკა და აღსრულების მექანიზმები ფინანსურ დანაშაულთან და უკანონო ფულის ნაკადებთან ბრძოლაში“.

იმავე დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თავი აარიდა კითხვას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, როგორც რუსული ფულის თავშესაფარზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ხმა მისცეს გაეროს გენერალური ასამბლეაზე რუსეთის წინააღმდეგ.

თუმცა ფაქტია, ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საამიროები გახდა ალტერნატიული ფინანსური ცენტრი სანქციების დამრღვევებისთვის.

Anadolu Agency via Getty Images

ნაცრისფერ სიაში მოხვედრის შემდეგ, "არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ" მებრძოლმა ორგანიზაციამ პირობა დადო ინსტიტუციების ახალი ინსპექტირების დაწყების შესახებ. იგი მიზნად ისახავს FATF-ის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.

შეიძლება ითქვას, რომ ნაცრისფერ სიაში მოხვედრამ საამიროები გამოაფხიზლა. ადგილობრივი ბიზნესკონსულტანტის თქმით, ემირატების ფინანსური ხელისუფლება უფრო ყურადღებით აკვირდება ყოველდღიურ ფინანსურ ტრანზაქციებს, რადგან მაღალჩინოსნები რეალურად შეშფოთებულნი არიან ახლანდელი რეპუტაციით.

ჯერჯერობით, ეს დასაწყისია, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ექსპერტები კი სისტემურ ანგარიშს ელიან. 

სტატია მომზადებულია Vox.com-ის სტატიის მიხედვით, ავტორი -  Jonathan Guyer

მთავარი ფოტო: AFP/Getty Images
კომენტარები