საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
13 აგვისტო, 2022 FBI-მ ტრამპის სახლში საიდუმლო მასალები იპოვა - რას ნიშნავს ეს?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

FBI-ის აგენტებმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვილა მარ-ა-ლაგოში საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. კლასიფიცირებული დოკუმენტების 11 ყუთი, მათ შორის გრიფით საიდუმლო და მხოლოდ სპეციალური სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი მასალები ტრამპის სახლიდან ორშაბათს ამოიღეს.

რატომ ჩატარდა ტრამპის სახლში ჩხრეკა და რა აღმოაჩინა FBI-მ?

აშშ-ის კანონმდებლობა ავალდებულებს პრეზიდენტს, თანამდებობის დატოვების შემდეგ მათ ხელთ არსებული ყველა მასალა ეროვნულ არქივს გადასცენ. იუსტიციის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ გარკვეული მასალა წაშალა ან გადამალა.

2022 წლის თებერვალში მარ-ა-ლაგოში აღმოაჩინეს 15 ყუთი დოკუმენტებისა, რომლებიც ტრამპს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ არქივისთვის უნდა გადაეცა. ამაში შედიოდა კლასიფიცირებული ინფორმაციაც. საქმის შესწავლა იუსტიციის დეპარტამენტს სწორედ წლის დასაწყისში დაევალა.

ჩხრეკის ორდერის მოსაპოვებლად პროკურორებს მოუწიათ, დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით. 

აშშ-ში სახელმწიფო მასალები სამ დონეზე კვალიფიცირდება: კონფიდენციალური, საიდუმლო და ზესაიდუმლო. ტრამპის სახლში FBI-მ სულ 11 ყუთი იპოვა. აქედან ოთხი ყუთი ზესაიდუმლო მასალას ინახავდა, სამი - საიდუმლოს, სამი - კონფიდენციალურს, ერთზე კი მითითება იყო "top secret/SCI" - რაც ზესაიდუმლო, სენსიტიურ მასალას ნიშნავს. მარ-ა-ლაგოში ნაპოვნ მასალაში იყო ფოტოები, სახელმწიფო უწყებების დოკუმენტები, ხელნაწერი დოკუმენტი და საფრანგეთის ერთერთი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციაც კი.

მარ-ა-ლაგო ტრამპის საკუთრებაში არსებული ვილაა, რომელიც მისი ძირითადი რეზიდენციაა და კურორტადაც ფუნქციონირებს. 17 აკრზე გაშენებულ ვილაში 58 საძინებელი და 33 აბაზანაა.

ყოფილი პრეზიდენტის პასუხი

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და კონსპირაციულ თეორიებს აჟღერებს. 

ყოფილი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ დოკუმენტებს “კლასიფიკაცია აღარ ჰქონდა”. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ასე რომ ყოფილიყო, ეს არ მისცემდა ტრამპს უფლებას, დოკუმენტები შეენახა.

 

ყოფილმა პრეზიდენტმა, CNN-ის ცნობით, განაცხადა, რომ "FBI-ს, შესაძლოა, რაიმე მტკიცებულება ჩაედო" მის სახლში. იმავე ხაზს მიჰყვებიან ტრამპის ადვოკატებიც. Fox-ის ეთერში ტრამპის ერთერთმა იურისტმა განაცხადა:

„მეც მაწუხებს აზრი, რომ შეიძლება, რაღაც "ჩაედოთ". პრინციპში, ამ ეტაპზე, ვინ იცის..."

საინტერესო იყო ტრამპის რძლის განცხადებაც. ლარა ტრამპმა თქვა, რომ "რამდენიმე ადამიანი გაუფრთხილებლად შეიჭრა სახლში და წაიღეს, რაც მათთვის უნდოდათ". CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ FBI-მ ჩხრეკამდე ერთი საათით ადრე გააფრთხილა იქ მყოფები. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებები აცხადებენ, რომ ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცველებს "რაც უნდათ" არ მიაქვთ, განსაკუთრებით არ მიაქვთ "მათთვის".

განცხადებების კიდევ ერთი მიმართულებაა "დემოკრატებმა რა ქნეს" - ტრამპმა უსაფუძვლოდ განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ 30 მლნ-მდე დოკუმენტი დაიტოვა, მათ შორის კლასიფიცირებული ინფორმაციაც, და ჩიკაგოში წაიღო.

ტრამპის ამ განცხადებას ეროვნულმა არქივმა უპასუხა, რომ ობამას დროს შექმნილი დოკუმენტები, 30მლნ-მდე ფურცელი, რომელსაც კლასიფიკაცია არ ჰქონდა, თავად უწყებამ გადაიტანა ჩიკაგოს საწყობში. ხოლო კლასიფიცირებული ინფორმაცია ვაშინგტონში ინახება და "ყოფილ პრეზიდენტ ობამას არანაირი კონტროლი არ აქვს იმაზე, თუ სად და როგორ შეინახავს მასალას ეროვნული არქივი".

ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის ეჭვის საფუძველი კიდევ ერთი გარემოება გახდა: ტრამპის განცხადებით, მის ადვოკატებს არ მისცეს უფლება ჩხრეკას დასწრებოდნენ. თუმცა, ამერიკული კანონმდებლობით, მსგავსი ჩხრეკის დროს ადვოკატებს არ აქვთ უფლება იმ ოთახში ყოფნის, სადაც მონიტორინგი ტარდება. ასე ჩხრეკა მხოლოდ ტრამპის სახლში არ ჩატარებულა - ზოგადად ამ წესით მიმდინარეობს.

სადამდე შეიძლება მივიდეს გამოძიება?

ორდერის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი სამ ფედერალურ სამართალდარღვევას იძიებს: 

  • ჯაშუშობის აქტის დარღვევას 
  • მართლსაწინააღმდეგო ქცევა 
  • სახელმწიფო დოკუმენტების დამალვის ან განადგურების მცდელობა. 

მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი საზოგადოებაში ჯაშუშობის აქტის ხსენებამ გამოიწვია. ეს აქტი ფედერალური კანონია - ის კრძალავს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ინფორმაციის ფლობას ან გავრცელებას, სხვისთვის გადაცემას. 

მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მის ხელთ არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელებას გეგმავდა, თუმცა მას კანონი ამ დოკუმენტების ფლობასაც უკრძალავს.

ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წარდგენილი. უცნობია, ვიხილავთ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს ბრალდებულთა შორის. თუმცა საიდუმლო დოკუმენტების სკანდალი, როგორც ამერიკული მედია წერს, კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ აღნიშნული ბრალდების წარდგენისა და დამტკიცების შემთხვევაში დონალდ ტრამპს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. კანონში ცვლილება სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შევიდა და სასჯელის ვადა ერთი წლიდან ხუთ წლამდე გაიზარდა.

ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომენტარები