საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მშენებლობები ბათუმში და ახალი კანონპროექტი - რას ასაჩივრებს ომბუდსმენი? მშენებლობები ბათუმში და ახალი კანონპროექტი - რას ასაჩივრებს ომბუდსმენი?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტში მიღებული კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შევიდა. ამ სტატიაში გიყვებით, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი და რატომ ფიქრობს ომბუდსმენი, რომ ის არაკონსტიტუციურია.

როდის და რა კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა?

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 23 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო. მისი ავტორი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაა.

საქართველოს პარლამენტი

როგორც პარლამენტის გვერდზე ვკითხულობთ, საკანონმდებლო ცვლილება ბათუმში არსებული მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟსა და თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას უნდა ემსახურებოდეს. ავტორთა მტკიცებით, კანონი მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს, საცხოვრებელი პირობების შექმნასა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

რას ითხოვს ომბუდსმენი?

18 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ნინო ლომჯარიამ ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და მისი არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ომბუდსმენი ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასაც, რათა „მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანი" თავიდან იქნას არიდებული.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

„ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას,” - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ:

  • სადავო რეგულირებით, ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე (2027 წლამდე), დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტისა (K-2) და მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება.
     
  • დასაშვები გახდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.
     
  • გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეებისა შენარჩუნებისთვის.
     

    📢 საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად...

    Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on Wednesday, August 17, 2022

     

ომბუდსმენის თქმით, წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის (სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით) შემსუბუქებისთვის აუცილებელია არა მისი უფრო დამძიმება, არამედ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

„განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას,” - ამბობს სახალხო დამცველი.

რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ?

ამის მიუხედავად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად გატარდა და ომბუდსმენს „ნაციონალური მოძრაობის" დამცველს უწოდებს. 

„სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბები მოვისმინეთ, ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, სახალხო დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში, გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ალბათ, სახალხო უნდა მოვაცილოთ და ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაციის, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია," - განაცხადა  თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.


მან დეველოპერულ სექტორს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა სთხოვა, რათა ამ პროგრამის „კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება" შეძლონ.

რიჟვაძის მტკიცებით, ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერიამ უკვე დაიწყო ოთხი სახლის ჩანაცვლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ გამოყოფილ ფართობში მიიღებს საცხოვრისს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" მნიშვნელოვანი პროექტია. თუმცა, მათი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებები პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის შესაძლებლობას არ იძლევა. 

„ამ პროგრამის განხორციელებაში კორუფციის რისკები უნდა იყოს მაქსიმალურად შემცირებული. როგორ უნდა მოხდეს ეს? - უნდა მოხდეს მაქსიმალური გამჭვირვალობით. სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ბათუმის საკრებულო... ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ამ პროგრამის განხორციელებაში," - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გიორგი კირთაძემ.

რატომ არის მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციური?

სახალხო დამცველის განცხადებით, შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დიდ რისკს ქმნის. ამას გარდა, არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

ომბუდსმენის თქმით, შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითაც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

მთავარი ფოტო: Traveler
კომენტარები