საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 აგვისტო, 2022 დახმარება გლეხებს თუ ჩვენი ფულის უმიზნოდ ხარჯვა? - სუბსიდია ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

სუბსიდია ბიუჯეტიდან გაცემული ერთგვარი დახმარებაა. სამთავრობო ნარატივის გამო ქართული საზოგადოება შეჩვეულიც კია რაიმე პროექტზე სუბსიდია დადებით მოვლენად აღიქვას. სინამდვილეში კი ეს ნიშნავს ჩვენი ფულის იმაში გადახდას, რაშიც შეიძლება არასდროს დაგვეხარჯა დანაზოგი.

მაგალითად, წლებია ყოველი ზაფხულის ბოლოს აქტიურდება რთველის სუბსიდირებაზე საუბარი. ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს, რომ ასე სახელმწიფო გლეხს ეხმარება და "შრომას უფასებს". თუმცა, რეალობა სულ სხვანაირია - მთავრობა ბიუჯეტიდან თანხებს ხარჯავს პროდუქტზე, რომელსაც თავად არ ვყიდულობთ. ყურძენი იაფი ღირს, რადგან ის ჭარბად იწარმოება და მასზე იმხელა მოთხოვნა არაა, რამხელაც მიწოდება. სუბსიდირებით სახელმწიფო ახალისებს გლეხს, ის მოსავალი მოიყვანოს ჭარბად, რაც შემდეგ ბაზარზე ვერ იყიდება. 

რა არის სუბსიდია, როდის მიმართავენ ამას საქართველოში?

როგორც უკვე ვთქვით, სუბსიდია "დახმარებაა", რომელსაც სახელმწიფო უწევს კომპანიებს, კერძო პირებს ან ადგილობრივ ორგანოებს. ანუ პროექტები ბიუჯეტიდან, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება. 

 

სუბსიდია შემდეგნაირად მუშაობს: მაგალითად, თუკი ყურძნის საბაზრო ღირებულება კილოგრამზე 50 თეთრია, სახელმწიფო სუბსიდიით ხელოვნურად ზრდის მის ფასს და გლეხისგან მას 80 თეთრად ყიდულობს. ეს, ერთი შეხედვით, კარგია გლეხისთვის, ვინც იშრომა და ყურძენი მოიყვანა. მაგრამ რეალურად მთავრობა ფულს იხდის იმაში, რაშიც ჩვენ არ გადავიხდიდით. პროდუქტის ფასი დაბალია, როცა ის ჭარბი რაოდენობითაა ბაზარზე, მყიდველი კი არ ჰყავს. 

სუბსიდიით კი გლეხიც "მოტყუებული" რჩება - პლანტაციისა თუ ბაღის მფლობელს იმედი აქვს, რომ სუბსიდია შეეხება. ის წლების განმავლობაში უვლის მანდარინის პლანტაციებს, ვენახს, ვაშლს და საბოლოოდ, მხოლოდ რამდენიმე თეთრით ძვირად ყიდის. შეიძლება თვითღირებულებაც კი ვერ ამოიღოს. ამავდროულად, არ უჩნდება მოტივაცია, დრო და ენერგია დახარჯოს ისეთი პროდუქტის მოყვანაზე, რაც ნაკლებადაა ან შეიძლება საერთოდ არაა ბაზარზე. 

მთავრობა სუბსიდირების სხვადასხვა პროგრამას გვთავაზობს. ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა ყურძნის, მანდარინის, ვაშლის, კომუნალურების, სესხების სუბდისიდირებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა სეზონზე რაღაცას ვასუბსიდირებთ. ამაში კი მილიონებს ვხარჯავთ.

რას ვასუბსიდირებთ?

ყველაფერს, რაც შეიძლება დასუბსიდირდეს. მსგავსი პროექტების შესახებ სიახლეები იმდენად ხშირია, ეკონომისტები ქვეყნის “სუბდისირების ჰაბად” გადაქცევაზეც კი ხუმრობენ. თუმცა არის პროექტები, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა.

უკვე წლებია, სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამა მოქმედებს რთველის დროს. მთავრობა საბიუჯეტო სახსრებით აფინანსებს ყურძნის ფასის ზრდას, სახელმწიფო კომპანიები კი ამ ყურძენს ყიდულობენ - ეს ყველაფერი მილიონობით ლარი ჯდება. მთავრობა გვარწმუნებს, რომ ამ სქემით ბაზარზე ჩაუბარებელი ყურძენი არ რჩება. 

BMG-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან 2021 წელს გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2015-2020 წლებში "სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა". 

ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ 2017-19 წლებში სუბსიდია არ ხორციელდებოდა, თუმცა 2019 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო კომპანია "აკურა" მაინც შეიძენდა ყურძენს გლეხებისგან. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ფული ისევ დაიხარჯებოდა - თუმცა, ამჯერად არა სუბსიდიის სახელით.

მიუხედავად იმისა, რომ რთველის სუბსიდია ერთგვარ ტრადიციად იქცა და უკვე წლებია, საბიუჯეტო თანხები იხარჯება, მთავრობა სხვა მიმართულებითაც არ იშურებს ჩვენს ფულს. მანდარინის სუბსიდირება, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება, სესხების სუბსიდირება - ეს ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალია.

სუბსიდირება განსაკუთრებით პოპულარული გახდა კოვიდპანდემიის დროს - ჩაკეტილი ეკონომიკისა და უარყოფითი ნიშნულის ფონზე მთავრობა, ფაქტობრივად, ყველაფერს ასუბსიდირებდა. 2020 წლის მარტიდან მოყოლებული ამოქმედდა ისეთი პროგრამები, როგორიცაა: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, კონკრეტული პროდუქტების (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასზე სუბსიდია, იპოთეკური სესხების სუბსიდირება, ბინის შეძენის მსურველთათვის სესხის სუბსიდია და ა.შ. 

ბიუჯეტიდან თანხები დახარჯულა ისეთ პროექტებზეც კი, როგორიცაა საძოვრების ათვისების სუბსიდია. 2017 წელს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროგრამით მაღალმთიან ზონებში მცხოვრებლები ისარგებლებდნენ და მასზე 6 მლნ ლარი დაიხარჯებოდა.

გარდა ამისა, გვახსოვს ისეთი პროგრამები, როგორიცაა სესხების დოლარიდან ლარში გადაყვანისა და შიდაავიაციის სუბსიდია. როგორც 2016 წელს კვირიკაშვილმა განაცხადა, 65 მლნ ლარი დაიხარჯებოდა იმაზე, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მომხდარიყო. ხოლო 2018 წელს შიდაავიაციის სუბსიდირებაში 50 მლნ ლარამდე გამოიყო.

სუბსიდიის რისკები - აბა, რას უნდა ვაკეთებდეთ?

სუბსიდირება ხშირადაა კრიტიკის ობიექტი მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, ამხელა ფინანსების ხარჯვა კი კორუფციის რისკებსაც წარმოშობს. როგორც BMG-მ გაარკვია, 2015-20 წლებში მხოლოდ ყურძნის სუბსიდირებაზე მთავრობამ 212 მლნ ლარი დახარჯა, 2021 წელს ეს თანხა 138 მლნ ლარი იყო, 2022 წელს კი რთველის სუბსიდია 150 მლნ ლარი დაგვიჯდება. ეს ნიშნავს, რომ ბოლო შვიდ წელიწადში მხოლოდ რთველზე ბიუჯეტიდან 500 მლნ ლარი იქნება დახარჯული. 

 

რთველის სუბსიდირება წელსაც იგეგმება, რაც 150 მლნ ლარი დაგვიჯდება - პრემიერი ვრცლად: 👉https://bit.ly/3AkDslU

Posted by BMG • ბიემჯი on Monday, August 15, 2022

 

"გამჭირვალობა საქართველოს" კვლევამ 2021 წელს გამოკვეთა, რომ რთველის სუბსიდიაში კორუფციული პრობლემები იყო - "უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს". 

კორუფციის რისკებსა და პროექტების მიზნობრიობაზე საუბრობს Enigma-სთან ეკონომისტი გიორგი კეპულაძეც. მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამებით ის ადამიანებიც სარგებლობენ, ვისაც ამის საჭიროება არ უდგას - "სახელმწიფო უფრო მეტად ეხმარება არა გლეხს, არამედ მეღვინეებს, კომპანიებს - გამოდის, რომ ვეხმარებით იმათ, ვისაც ეს არ სჭირდება. აქაა სიტუაცია, როცა იაფ სესხებს იღებენ მსხვილი ბიზნესმენები".

მისი თქმით, სუბსიდირების პროექტებზე მოსახლეობას არასწორი წარმოდგენა აქვს. ეს არ არის ვინმეს კეთილი ნება, გლეხს დაუფასოს შრომა - გადასახადების გადამხდელთა ფული იხარჯება არა ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, არამედ მთავრობების პოპულისტურ გადაწყვეტილებებში. 

„ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ამ გადასახადებით ივსება ბიუჯეტი, შემდეგ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ვის დაეხმაროს. საქართველოში ესაა ძირითადად საარჩევნო ხმების მოპოვების ერთერთი საშუალება".

გარდა ამისა, გიორგი კეპულაძე აღნიშნავს იმასაც, რომ "ქართული ოცნებისთვის" რაიმე სახის სუბსიდია არ არის დარგის განვითარებაში ჩადებული ფული - მთავრობა პოტენციური ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს და პოპულისტურ ნაბიჯებს დგამს. "ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ეკონომიკურად შეიძლება არ იყოს გამართლებული, თუმცა, მათი პარტიისთვის, წინასაარჩევნო კამპანიისთვის არის მნიშვნელოვანი", - ამბობს ის. 

ეკონომისტი კიდევ ერთ საკითხზე საუბრობს - პროდუქტის ხელოვნური გაძვირება, რასაც სუბსიდიის პროგრამები საქართველოში გულისხმობს, ხელს უშლის ნორმალური საბაზრო ურთიერთობების განვითარებას და ვიღებთ შედეგს, რომ პროდუქტი რეალურ ფასად არ იყიდება.

„ჩვენი ჯიბიდან არის ეს გადახდილი და მოქალაქეებმა უნდა განვსაზღვროთ, გვიღირს თუ არა ამაში ფულის დახარჯვა. ხომ არ გვირჩევნია, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადები სწორი მიზნით დაიხარჯოს და მოხმარდეს იმას, რომ სექტორი, ეკონომიკა განვითარდეს".

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა ეკონომიკის, კონკრეტული სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს, რათა ხარჯი გამართლებული იყოს. სუბსიდირების ის პროექტები, რაც ხორციელდება, რომელიმე სექტორს არ ახალისებს და არც საერთო ფონს აჯანსაღებს. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ სურათს, რომ ბიუჯეტიდან ფინანსები არასწორად ნაწილდება და ამით საშუალოსტატისტიკური გლეხი არ სარგებლობს - მოგებას ისევ დიდი კომპანიები ნახულობენ.

კომენტარები