საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 აგვისტო, 2022 ვინ იღებს პასუხისმგებლობას დარია დუგინას მკლელობაზე და რა ვიცით მათ შესახებ?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

 

რა მოხდა?

20 აგვისტოს, მოსკოვის გარეუბანში მომხდარი მანქანის აფეთქების შედეგად, დარია დუგინა ადგილზევე გარდაიცვალა. იგი პუტინისტი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის შვილი იყო. აფეთქება მოსკოვის დროით 21:30 საათზე მოხდა, მიზეზად კი მკვლელობის მცდელობას ასახელებენ. 

ოკუპირებული დონეცკის ლიდერი, დენის პუშილინი, დარია დუგინის მკვლელობას უკრაინას აბრალებდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას მომხდართან საერთო არ აქვს. 

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის “ეროვნული რესპუბლიკის არმიამ” (NRA) აიღო. ამის შესახებ, უკრაინაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ილია პონომარიოვმა “Утро Февраля-ის” ეთერში განაცხადა. როგორც ცნობილია, იგი კრემლის საწინააღმდეგო ქმედებების გამო ქვეყნიდანაა გაძევებული. 

რუსი ოპოზიციონერის თქმით, პარტიზანული მოძრაობა, დუგინას აფეთქებასთან ერთად, პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

პონომარიოვმა განაცხადა, რომ პირველი შეტყობინება NRA-ის წარმომადგენლებისგან 20 აგვისტოს მიიღო, რომელიც გარკვეულ მინიშნებას შეიცავდა. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ. მისივე თქმით, აფეთქება ორივე მათგანისთვის მზადდებოდა. 

ილია პონომარიოვმა "Утро Февраля-ის" ეთერში NRA-ის მებრძოლების მანიფესტი წაიკითხა და მათ მოძრაობას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ამის შემდეგ, 22 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ მკვლელობის საქმე გახსნეს და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს.

 

რა ვიცით “ეროვნულ რესპუბლიკურ არმიაზე”? 

ერთადერთი ცნობა, რაც მოძრაობის შესახებ არსებობს, 21 აგვისტოს გავრცელებული მანიფესტია. მასში ნათქვამია, რომ “ეროვნულ რესპუბლიკური არმიის” მონაწილეები რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ახლა უკვე პარტიზანები და მებრძოლები გახდნენ. ისინი უკრაინაში მიმდინარე ომს უკანონოდ აცხადებენ. პუტინს კი უზურპატორს უწოდებენ და განადგურებით ემუქრებიან. 

“ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა.

ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!”- წერია მანიფესტში. 

მანიფესტის მიხედვით, მათი მიზანია რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევის შეჩერება. ასევე, კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენების საქმიანობის შეჩერება, რომლებმაც მათი თქმით, ხალხის ფული მიითვისეს და არაერთ დანაშაულს სჩადიან ქვეყნის შიგნით და გარეთ. 

არმიის წევრები, უზურპატორის თანამზრახველად და ქვეყნის მოღალატედ აცხადებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც პუტინს უკანონო ომის წარმოებაში ეხმარება. ისინი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ რეჟიმის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი განადგურებით ემუქრებიან. 

“რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ გადადებს უფლებამოსილებას, გავანადგურებთ. 
 

ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც არ მოინანიებს და ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ საჯაროდ არ ილაპარაკებს, გავანადგურებთ. 
 

უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსაც. გავანადგურებთ მათ, ვინც იარაღს არ დადებს. გავანადგურებთ მათაც, ვინც ომით ფულს შოულობს”, - წერია მანიფესტში. 

როგორც მანიფესტის ავტორები ამბობენ, ისინი მხოლოდ ძალაუფლების მქონე პირებს ერჩიან და არა მშვიდობიან მოქალაქეებს. ამასთან, საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ უშიშროების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს არ დაუჯერონ. 

“ჩვენ გვახსოვს სახლების დაბომბვა რუსეთში, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა.  ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი არ შეჩერდება არცერთ ყველაზე ამაზრზენ დანაშაულზე. ამიტომ, ვაცხადებთ: ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს მხოლოდ ამ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დავესხმებით და თუ პუტინის უშიშროება პროვოკაციებს მოაწყობს და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერს, არ დაუჯეროთ,” - წერია მანიფესტში. 

მოძრაობის წევრები მიმართავენ რუსეთის არმიის ჯარისკაცებსაც და მოუწოდებენ, შეწყვიტონ სროლა საკუთარი ძმების წინააღმდეგ. მათ შორის კი საქართველოსა და სირიის მოქალაქეებს მოიხსენიებენ. გარდა ამისა, მოუწოდებენ ყველა რუსს, შეუერთდნენ მათ რიგებს, რათა დაამტკიცონ, რომ “მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი”.

“ჩვენ მიუღებლად ვთვლით, რომ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ომის დანაშაულების გამო რუსების ცილისწამება - ეს მათი დანაშაულია ვისაც არც ეროვნება აქვს და არც სამშობლო და უყვარს მხოლოდ ფული და ძალაუფლება”, - წერია მანიფესტში. 

არმიის წევრების თქმით, ისინი დაიცავენ ყველას, ვინც მათ მოწოდებებს მიჰყვება. გამარჯვების შემდეგ კი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ პუტინის ხელისუფლების მიერ უკანონოდ მსჯავრდებულებს. 

“ჩვენ მივცემთ თავისუფლებას რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს და ახალ საზოგადოებას ავაშენებთ - საზოგადოებას ოლიგარქების, კორუფციის, თანამდებობის პირების თვითნებობის გარეშე”, - წერენ ისინი. 

და ბოლოს, მოძრაობა მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ “ეროვნულ რესპუბლიკურ არმიას” და აღმართონ „ახალი რუსეთის თეთრ-ლურჯი-თეთრი დროშა, პუტინის მთავრობის მიერ შეურაცხყოფილი სამფეროვნის ნაცვლად“. 

ალექსანდრ და დარია დუგინები

რას ამბობს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ მკვლელობის საქმე გახსნა და მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მათი თქმით, აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი იყო, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში გაუჩინარდა. 

უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

უწყება განმარტავს, რომ ნატალია ვოვკი 23 ივლისს 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში ჩავიდა. მან დუგინას მკვლელობის ორგანიზებისთვის მოსკოვში ბინა იქირავა - იმ სახლში, სადაც დარია დუგინა ცხოვრობდა. მასზე დასაკვირვებლად კი “მინი კუპერს" იყენებდა. გამოძიების თქმით, რუსეთში შესვლისას დედა-შვილი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამანქანო ნომერს იყენებდნენ - Е982ХН DPR, მოსკოვში გადაადგილებისას ყაზახურ ნომერს - 172AJD02, ხოლო რუსეთის დატოვებისას - უკრაინულს AH7771IP.

უშიშროების ფედერალური სამსახური ამბობს, რომ მასალები საგამოძიებო კომიტეტს უკვე გადაეცა.

რა უნდა ვიცოდეთ დუგინისა და მისი ქალიშვილის შესახებ?

„​ულტრანაციონალისტი იდეოლოგი," „პუტინის ტვინი", „უკრაინაში რუსეთის შეჭრის სულიერი მეგზური" - ასე მოიხსენიებს დასავლური მედია კრემლის იდეოლოგს, მემარჯვენე რადიკალ ფილოსოფოსა და ევრაზიანიზმის აპოლოგეტ ალექსანდრ დუგინს, რომლის შვილიც მოსკოვის გარეუბანში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.
 

Francesca Ebel/Associated Press
  • ალექსანდრ დუგინი 1980-იან წლებში დისიდენტი და ანტიკომუნისტი იყო.
  • 1988 წელს ის ნეონაცისტურ ორგანიზაცია „პამიატს" შეუერთდა. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნეონაცისტური იდეების გავრცელებაში.
  • სსრკ-ის დაშლის შემდეგ დუგინი კომუნისტური პარტიის პოლიტიკური პროგრამის ავტორად მოგვევლინა.
  • 1993 წელს მან დააფუძნა ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია, რომელსაც 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა.
  • 2001 წელს დააფუძნა პან-რუსული ევრაზიული მოძრაობა. ერთი წლის შემდეგ კი „ევრაზიული პარტია."
  • დუგინის პარტიებს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია. თუმცა, თავად  სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ გენადი სელეზნიოვისა და დუმის დეპუტატ სერგეი ნარიშკინის მრჩეველი იყო. 
  • ალექსანდრე დუგინს დაწერილი აქვს არაერთი სტატია და წიგნი. თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობით მისი „გეოპოლიტიკის საფუძვლები - რუსეთის გეოპოლიტიკური მომავალი" და "მეოთხე პოლიტიკური თეორია” სარგებლობს.
  • ქართული საზოგადოების ფართო წრისთვის ცნობილი დუგინი 2008 წლის ომის დროს გახდა. ერთ-ერთ გამოსვლაში ის ქართველ სამხედროებს ოსი ხალხის „გენოციდს," ქალების, მოხუცებისა და ბავშვების დახოცვასა და საბავშვო ბაღების დაბომბვას აბრალებდა. „და თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართველები ადამიანები არიან?!.. მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი რომელიც ასეთი ცხოველობის ჩამდენია, არ იმსახურებს ადამიანებად იწოდებოდნენ," - აცხადებდა  დუგინი და ამტკიცებდა, რომ საქართველო დაესხა თავს რუსეთს და არა პირიქით.
  • დუგინსვე ეკუთვნის ეს სიტყვები: „უკრაინელები უნდა დავხოცოთ, დავხოცოთ და დავხოცოთ! მეტი მსჯელობა არაა საჭირო." ​ის „ნეონაცისტებისგან გაწმენდაზე" ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიისას საუბრობდა და ანექსიის მხარდამჭერიც იყო.

 

„დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ გავაგრძელო მისი იდეები," - ეს სიტყვები კი დარია დუგინას ეკუთვნის. დარია მამამისის ხედვებსა და იდეოლოგიას იზიარებდა. The New York Times-ის თქმით, ის იყო „რუსი ქორი, რომელიც დასავლეთის „გლობალურ ჰეგემონიას" ეწინააღმდეგებოდა."

  • დაიბადა 1992 წლის 15 დეკემბერს, მოსკოვში.
  • 2015 წელს დუგინამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა.
  • სწავლის დასრულების შემდეგ ის მამის საქმეების გაგრძელებას ცდილობდა და ხშირად კითხულობდა ლექციებს.
  • ​დარია დუგინა იყო მამამისის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი.
  • დუგინა ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობასაც. ის წერდა პროპაგანდისტული მედია RT-სა და დუგინის დაფუძნებულ Царьград-სთვის. სერგეი მარდანთან ერთად კი მიჰყავდა გადაცემა რადიო „Комсомольская Правда"-ში.
  • სოციალური ქსელებისთვის მას ჰქონდა ფსევდონიმი პლატონოვა, რაც, სავარაუდოდ, ბერძენი ფილოსოფოსის იდეების გავლენასთან უნდა იყოს კავშირში.
  • დარია დუგინა აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ივლისში მას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები უკრაინაში კონფლიქტის შესახებ „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“ დაუწესა.
  • დუგინა თანაავტორია წიგნის სახელად „Книга Z," რომელიც უკრაინის ომს შეეხება.
  • გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს, მან წაიკითხა ლექცია „გონებრივ რუკებსა და მათ როლზე ქსელურ ომში," სადაც რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე დადგმულ მოვლენად აღწერა.
  • შაბათს, გარდაცვალებამდე ის მამასთან ერთად ესწრებოდა ნაციონალისტურ ფესტივალს სახელწოდებით „ტრადიცია."
  • 20 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად, დარია დუგინა ადგილზევე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ალექსანდრ დუგინიც იმავე მანქანაში უნდა მჯდარიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვაგან გადაჯდა. 

 

 

“ეროვნული რესპუბლიკური არმიის” განცხადებას რუსეთში ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. შესაბამისი უწყებები გამოძიებას აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, დუგინას მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი დისტანციურად ამოქმედდა. ამას გარდა, ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებისას დარია დუგინთან ერთად მანქანაში კიდევ ერთი პირი იყო. რაც შეეხება ალექსანდრ დუგინს, რუსი პროპაგანდისტის სერგეი მარკოვის თქმით,  შვილის გარდაცვალების შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კომენტარები