საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
24 აგვისტო, 2022 31 წელი დამოუკიდებლობიდან - რა გზას გადის უკრაინა? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ


24 აგვისტო უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. უკრაინელები დამოუკიდებლობის 31 წლისთავს აღნიშნავენ და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კი უკვე 182 დღე გავიდა.

როგორ აღინიშნება ეს დღე უკრაინაში?

დამოუკიდებლობის დღე კიევში ყოველწლიურად დიდი სამხედრო აღლუმით აღინიშნება. თუმცა, სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, წელს მასობრივი ღონისძიებები არ ჩატარდება.

ეს დღე საკუთარ მოქალაქეებს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიულოცა. ზელენსკის თქმით, ექვსთვიანი მცდელობის მიუხედავად, გაენადგურებინათ უკრაინა და უკრაინელები, ისინი კვლავ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას.
 


ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს მიწებითა და ხალხით ვაჭრობას და ისინი აუცილებლად დაიბრუნებენ დონბასსა და ყირიმის.

„ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ვხვდებით. ვიღაცები სანგრებში, თავშესაფრებში, ტანკებში, IFV-ებში, ზღვასა და ჰაერში არიან - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტზე. ვიღაცები გზაზე, მანქანებში, სატვირთოებსა და მატარებლებში დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან - ფრონტზე მყოფთათვის საჭირო ნივთების მიწოდებით. ზოგიც სმარტფონებსა და კომპიუტერებთანაა - ისინიც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, თანხების მოზიდვით, რათა გზაზე მყოფებს ფრონტის ხაზზე მყოფთათვის რაიმე მისატანი ჰქონდეთ. ჩვენ ამ დღეს სხვადასხვა ვითარებაში, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაშიც კი ვხვდებით, მაგრამ ერთი მიზანი გვაერთიანებს - დამოუკიდებლობის შენარჩუნება და უკრაინის გამარჯვება!" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვას მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. დღეს 24 ქვეყნის 51 ქალაქში, #IndependenceInMyHeart-ის კამპანიის ფარგლებში,  უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება. კამპანიას შეუერთდება თბილისიც.

როდის აღიდგინა უკრაინამ დამოუკიდებლობა?

დღევანდელი უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა რუსეთმა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და 1793 წელს დასავლეთ უკრაინის ანექსიით დააგვირგვინა. 

რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ უკრაინამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა (1918 წლის იანვარში უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა). თუმცა, ეს პერიოდი ქვეყნის ისტორიაში ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან 1922 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო.

ჰოლოდომორი

სსრკ-ში ყოფნა, სხვა ყველაფერთან ერთად, უკრაინელებისთვის დიდ ეროვნულ ტრაგედიას - ჰოლოდომორს - უკავშირდება. 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეულ მასობრივ შიმშილობას, სხვადასხვა მონაცემით, 10 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ​ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკის ეს შედეგი 2008 წელს უკრაინის რადამ გენოციდად აღიარა, ევროპარლამენტმა კი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.

1990 წელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გახშირდა. ამავე წელს ​300 ათასამდე უკრაინელმა კიევსა და ლვოვს შორის ცოცხალი ჯაჭვი შეკრა, რომელიც 1919 წლის ეროვნული გაერთიანების აქტს ეძღვნებოდა.

 

16 ივლისს უკრაინამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. თუმცა, საბოლოოდ მისი აღდგენა სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოახერხა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. 1 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმიც. რეფერენდუმზე მისულ ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა მხარი უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა და პრეზიდენტად ლეონიდ კრავჩუკი აირჩია.

რა ხდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ?

​დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ, საქართველოს მსგავსად, მიზნად NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაისახა. თუმცა, სსრკ-ის სამართალმემკვიდრე - რუსეთი- პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკუთარ ორბიტაზე დაბრუნებას მუდმივად ცდილობს. გასაკვირი არცაა, რუსეთის დღევანდელი ლიდერისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა „XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური” ტრაგედიაა. მართალია, ვლადიმერ პუტინის მთავარი სამიზნე დღეს უკრაინაა, თუმცა ის არც გასულ წლებში იყო მისი ყურადღების მიღმა.

რუსეთის პრეზიდენტი პირადად ჩაერია 2004 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას მიიყვანა. ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად უჭერდა მხარს ვიქტორ იანუკოვიჩს და მისი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

სექტემბერში ცნობილი გახდა, იანუკოვიჩის ოპონენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, დიოქსინით მოწამვლის შესახებაც. ექიმებმა იუშჩენკოს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, თუმცა, მის სახეზე კვალი სამუდამოდ დარჩა. არსებითად შეიცვალა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაც.  საქმე დღემდე გამოუძიებელია, მაგრამ ახალი ამბავი არაა, რომ კრემლი ოპონენტების წინააღმდეგ საწამლავს აქტიურად იყენებს. 

ვიქტორ იუშჩენკო მოწამვლადმე და მოწამვლის შემდეგ

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულად პუტინის ფავორიტი იანუკოვიჩი დასახელდა. ამ ფაქტს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელითაა ცნობილი. დემონსტრაციები 2 კვირას გაგრძელდა. საბოლოოდ კი, ხელახალი არჩევნები დაინიშნა, სადაც იუშჩენკომ პუტინის ფავორიტი 52%-ით დაამარცხა.

ამის მიუხედავად, პრორუსი იანუკოვიჩის პოლიტიკური კარიერა ამით არ დასრულებულა. მან 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხა.

მთელი 2013 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იანუკოვიჩი აცხადებდა, რომ უკრაინამ კურსი ევროპულ ინტეგრაციაზე აიღო. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში მან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. იანუკოვიჩის მტკიცებით, უკრაინა ვერ დათმობდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს. ამის საპასუხოდ ევრომაიდანზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა, რამაც საბოლოოდ მისი მმართველობა დაასრულა.

დამოუკიდებლობიდან 31 წლისთავზე უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა და აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში, საკუთარ ევროპულ მომავალს მტკიცედ იცავს. 

კიევი, 2013 წელი. Reuters/Gleb Garanich

პუტინის „სპეციალური ოპერაციები” 

მეზობელი ქვეყნის პროდასავლურობით „გაღიზიანებული” პუტინი ამით არ გაჩერებულა. ევრომაიდნის მოვლენებიდან მალევე, 2014 წელს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მან ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კი გაყალბებული რეფერენდუმით ანექსია გამოაცხადა.

Gleb Garanich/Reuters

მას შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ბრძოლები, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა. 2022 წლის თებერვალში რუსეთმა ჯერ ოკუპირებული დონეცკი და ლუჰანსკი გამოაცხადა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.” შემდეგ კი უკრაინაში ხელახლა შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა მას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უწოდა. ამ ოპერაციის მიზანი კიევის აღება და ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლა იყო, რაც დღემდე მიუღწეველი რჩება.

კომენტარები