საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
26 აგვისტო, 2022 რუსეთის კიდევ ერთი "რეფერენდუმი" ანექსიისთვის? - რა ხდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

 

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმი კვირის ბოლომდე გამოაცხადოს. ამის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

დონეცკი, ლუჰანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე ის პოტენციური ოლქებია, სადაც შესაძლოა, რუსეთმა ფიქტიური რეფერენდუმი ჩაატაროს. ამერიკა თვლის, რომ რუსეთი რეფერენდუმების შედეგებით მანიპულირებას ცდილობს, თითქოს უკრაინელ ხალხს რუსეთთან შეერთება სურს. 

"აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმურად არ განიხილება", - თქვა კირბიმ.

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, რუსეთის ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ დაგეგმილ რეფერენდუმზე დაბალი აქტივობა იქნება. 

ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა.

მართალია, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ე.წ. რეფერენდუმი და რას ჰკითხავენ მოსახელობას. თუმცა, თავდაპირველი ცნობებით, ოკუპანტები ხერსონსა და ზაპოროჟიეში რეფერენდუმის ჩატარებას 11 სექტემბრისთვის გეგმავენ. სწროედ იმ დღეს, როდესაც რუსეთის რამდენიმე რეგიონში დეპუტატებისა და გუბერნატორების არჩევნებია დაგეგმილი. 

რას ამბობს რუსეთი?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მარიონეტები დანიშნა და ადგილობრივ მოსახლეობას რუსული პასპორტების აღებას აიძულებდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ის უკრაინის ტერიტორიების მითვისებას, ყირიმის მსგავსად შეეცდებოდა. 

გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რუსეთი საჯაროდ უარყოფს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების გეგმას. “ამ ხალხის მომავალი ბედი მათ ხელშია“, - თქვა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. “თუ ისინი აპირებენ რაიმე რეფერენდუმის ჩატარებას, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება”. 

თუმცა, რა თქმა უნდა რუსეთის ამ განცხადებების არავის სჯერა. რადგან მსგავსი სცენარი მან  2014 წელს უკრაინაში, იქამდე კი საქართველოში გაითამაშა. 

რუსული რეფერენდუმი - ტერიტორიის (არა)კანონიერად მიტაცება

უახლოესი ისტორიით რომ დავიწყოთ, რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე - 2014 წლის 27 აპრილს ლუგანსკში, 11 მაისს კი დონეცკში ჩაატარა.  "ბიულეტენების" მიხედვით რეგიონები გახდებოდნენ "დამოუკიდებლები" ნაცვლად მათი ანექსიისა, მაგრამ, როგორც რუსი სეპარატისტები წერენ: “სადაც ვართ ჩვენ, იქ არის რუსეთი”

2014 წლის მაისში დონეცკში საგზაო ბლოკზე წარწერა „სადაც ვართ ჩვენ, იქ არის რუსეთი“ [მანსურ მიროვალევი/ალ ჯაზირა]

ორივეჯერ კენჭისყრა სკოლებში, სამთავრობო შენობებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდა. საარჩევნო მოხელეთა უმეტესობა სკოლის მასწავლებელი ან დაბალი დონის საჯარო მოხელე იყო.

ალ ჯაზირას ინფორმაციით, ამომრჩეველთა უმეტესობა მოხუცები იყვნენ, რომლებიც საარჩევნო უბნებზე დილის 8 საათზე - გახსნიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. ისინი იყვნენ კრემლის მტკიცე ლოიალისტები, რომლებსაც ნოსტალგია ჰქონდათ საბჭოთა პერიოდის ახალგაზრდობის მიმართ და ინფორმაციისთვის ძირითადად რუსულ მედიებს იყენებდნენ.

ამავე წლის 16 მარტს რეფერენდუმი ოკუპირებულ ყირიმშიც ჩატარდა. 18 მარტს კი ვლადიმირ პუტინმა “ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით” ბრძანებას მოაწერა ხელი. შედეგად, ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.

რუსეთი რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რეფერენდუმებს ატარებს ქართველებისთვისაც არაა ახალი.

სამაჩაბლოს ყოფილმა ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2022 წლის 13 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. 30 მაისს კი ახალმა თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა გაგლოევმა ის გააუქმა. 

მის გადაწყვეტილებას დიდად უკმაყოფილება არავისში გამოუწვევია. რადგან, იმ მომენტში ეს რუსეთის გეგმებში არ შედიოდა. 24 მაისს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიტყვა „გაერთიანება“ თავის თავში ახალი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რაც არ იგეგმება და „ალბათ, საჭიროა უბრალოდ ცოტათი დაფიქრება ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით“. 

ოსური მედიის ცნობით, იყო მოსაზრებები, რომ არ არის საჭირო მეორე რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ამ საკითხზე დე-ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ თავისი აზრი 30 წლის წინ გამოთქვა.

„1992 წელს ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულ დოკუმენტს - სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ. მის პირველ პუნქტში ნათქვამია: „ეთხოვოს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საბჭოს, მიიღოს სამხრეთ ოსეთი მის წევრად“. და ამ დოკუმენტს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა“, - განაცხადა პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატმა ვიაჩესლავ გობოზოვმა.

1999 წლეს ე.წ რეფერენდუმი ოკუპირებულ აფხაზეთშიც ჩატარდა. მასში მონაწილეობა 200 ათასზე მეტ დევნილს არ მიუღია. 

ის ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა. მისი მიზანი იყო, გაერკვიათ ემხრობოდა თუ არა მოსახლეობა 1994 წლის 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი კონსტიტუციის შექმნის შესახებ.

რას ამბობს უკრაინა?

გასულ კვირას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა სერგეი ხლანმა განაცხადა, რომ ოკუპირებული მიწების ანექსიის შესახებ „რეფერენდუმი“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რადგან რუსებმა ხერსონის ოლქში რეფერენდუმის თარიღი არაერთხელ გადადეს. 

თავდაპირველად ის მაისის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო. მოგვიანებით კი მისი ჩატარება 11 სექტემბერს, რუსეთში ადგილობრივ არჩევნებთან ერთად დაიგეგმა.

რუსეთი ოკუპირებულ ლუგანსკში რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადებას იწყებს, თუმცა „ამის საჭიროება არ არის, რადგან საოკუპაციო ხელისუფლებამ შეიძლება შედეგები დაითვალოს, ისე  როგორც მოესურვება“, - თქვა რეგიონის უკრაინელმა გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ ხუთშაბათს სატელევიზიო კომენტარში. 

”რეფერენდუმის ნამდვილი შედეგია ის, რომ 100,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა რეგიონული ცენტრი სიევიეროდონეცკი, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა, როდესაც ივნისში რუსეთის ჯარებმა ქალაქი დაიპყრეს,” თქვა მან.

 

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ ზაპოროჟიეს რეგიონში გასცა ბრძანება რუსეთთან „გაერთიანების“ ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ. 

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონისა და მარიუპოლის მოსახლეობა ფიქტიურ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

„ხერსონის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა ხელს უშლის რუსებს განახორციელონ ყველა ორგანიზაციული ღონისძიება ყალბი რეფერენდუმის მოსამზადებლად.” 

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებს პრობლემები აქვთ როგორც ამომრჩეველთა სიებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიტუაციაა მარიუპოლშიც. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქში ადგილობრივი თანამშრომლების მცირე ჯგუფები (ძირითადად 2-3 ქალი) აგრძელებს მოსახლეობის აღწერის ჩატარებას. ამრიგად, ოკუპანტები ცდილობენ დაადგინონ მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების რეალური რაოდენობა.

ეს ადამიანები დადიან ყველა ბინას და კერძო ობიექტში და „აღწერის“ დროს ითხოვენ სარეგისტრაციო პერსონალური დოკუმენტაციის წარდგენას ე.წ “პროპისკა”. 

სეპარატისტი „დამკვირვებელი“ შავ მაისურში დონეცკის „რეფერენდუმზე“ საარჩევნო ჩინოვნიკების გვერდით [მანსურ მიროვალევი/ალ ჯაზირა] 

ალ ჯაზირას თანახმად, უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში ქაოსური ადმინისტრაციისა და უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის გამო, მოსკოვს რთულად თუ შეუძლია იწინასწარმეტყველოს და მითუმეტეს დაგეგმოს შემდგომი მოვლენები.

მართალია, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, ფაქტია, რომ მას არ ექნება საერთაშორისო აღიარება, ისევე როგორც ყირიმსა და აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმებს.

მთავარი ფოტო: ua.depositphotos.com
კომენტარები