საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
30 აგვისტო, 2022 ბრძოლა ხერსონისთვის - რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის კონტრშეტევაზე?
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

 

რა ხდება ხერსონში? 

უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ხერსონის ოლქი რუსების მიერ 2022 წლის მარტიდანაა ოკუპირებული. უკვე მეორე დღეა უკრაინული არმია ხერსონზე აქტიურ შეტევას განაგრძობს. “უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, ხერსონის ოლქის მთელ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.

ოლქში დილიდან აფეთქების ხმები ისმის. ამას ადასტურებს, როგორც უკრაინული, ისე რუსული მედია. მოსკოვის კონტროლირებადი სააგენტო „ტასი“ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდის მწყობრიდან გამოყვანა ივლისიდან დაიწყეს. 

 

Ну що тут можна сказати? Ситуація на тимчасово окупованій території Херсонщини вкрай непроста. Великі та жахливі HIMARS...

Posted by Оперативне угруповання військ "Каховка" / Grouping of troops "Kakhovka" on Monday, August 29, 2022

 

უკრაინელი სამხედროების ცნობითვე, ბერისლავის რაიონში შეტევის შედეგად განადგურებულია რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 2 ტანკი, 6 ჯავშანმანქანა, 11 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის 3 რეაქტიული სისტემა და სხვა ტექნიკა, ასევე ლიკვიდირებულია 82 სამხედრო. 

როგორ მოამზადეს უკრაინელებმა ხერსონში თავდასხმა

ორშაბათს, 29 აგვისტოს, ნაშუადღევს გამართულ ბრიფინგზე, ნატალია ჰუმენიუკმა, უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა განაცხადა, რომ დაიწყო შეტევა ხერსონზე, ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქზე, რომლის დაკავებაც რუსეთმა ომის დაწყებიდანვე შეძლო.

მისი კომენტარი იმ ვიდეოს შემდეგ გავრცელდა, რომელშიც ჯარისკაცი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ამბობს, რომ უკრაინული ძალები შეიჭრნენ. 

 

ვოლოდიმირ ზელენსკის ღამის მიმართვაში კონკრეტულად თავდასხმა არ უხსენებია. მაგრამ, თქვა: „ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე გავდევნით. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა“.

ამ განცხადებებს სხვა უკრაინელი ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ. სერგი ხლანმა, ადგილობრივმა დეპუტატმა და ხერსონის რეგიონული გუბერნატორის მრჩეველმა თქვა, რომ ეს იყო "ხერსონის ოლქის ოკუპაციის დასასრულის დასაწყისი" და "კონტრშეტევის კარგად დაბალანსებული დასაწყისი". 

BBC -ის ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ს მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემები გამოიყენა დნეპრზე სამი ხიდის და ასევე რუსული ძალების მიერ შექმნილი დროებითი ხიდების დასანგრევად. მათივე ინფორმაციით, რუსულმა პოლკმა დატოვა პოზიციები, მედესანტეები კი გაიქცნენ.

 

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმის შესახებ ბევრი დეტალი არ გაასაჯაროვეს. მიზეზი - ოპერატიული უსაფრთხოებაა.  მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველები ქალაქ ხერსონსა და ნოვაია კახოვკაში აფეთქებების შესახებ აცხადებდნენ, უკრაინის ოპერაციების მასშტაბები და წარმატება ჯერ არ არის დადასტურებული. 

რას ამბობს რუსეთი?

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ მოსკოვის თავდაცვის სამინისტროს ციტირებს, რომელიც აღიარებს, რომ უკრაინის ჯარებმა შეტევა სამხრეთ მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში სცადეს. ნოვა კახოვკას მაღალჩინოსანმა “რიას” განუცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ბრძანება მიეცათ თავი თავშესაფრებში შეეფარებინათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და რომ "მტრის თავდასხმის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა". მოსკოვის დანიშნულმა ყირიმის გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე განაცხადა, რომ სავარაუდო კონტრშეტევა იყო „უახლესი ყალბი [ახალი ამბები] უკრაინული პროპაგანდისგან“ და თქვა, რომ უკრაინის ძალები „ძალიან მძიმე დანაკარგებს იღებენ“.

 
109 полк ДНР відійшов зі своїх позицій на Херсонщині, російські десантники, що були їх підтримкою втекли з поля бою.

109 полк ДНР відійшов зі своїх позицій на Херсонщині, російські десантники, що були їх підтримкою втекли з поля бою.

Posted by Оперативне угруповання військ "Каховка" / Grouping of troops "Kakhovka" on Monday, August 29, 2022

 

30 აგვისტოს, მოსკოვის მართულ სააგენტო “ტასს”-ზე ვკითხულობთ, რომ ორშაბათს და სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების ასამდე რაკეტა ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას ტერიტორიაზე მოხვდა. ამის შესახებ სამშაბათს პირველი არხის ეთერში რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეონტიევმა განაცხადა.

„უკანასკნელი ორი დღეა საკმაოდ დაძაბული ვითარება გვაქვს, რადგან ამ ხნის განმავლობაში ალბათ 15-მდე სარაკეტო დარტყმა იყო. ეს არ არის ერთჯერადი დარტყმები, ეს არის დარტყმების სერია. შეიძლება ითქვას, რომ, ქალაქის ტერიტორიაზე სულ ასამდე რაკეტა მოხვდა“, - განაცხადა მან.

რატომ არის ხერსონი მნიშვნელოვანი?

უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონი სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქია. ხერსონის დაბრუნებას უზარმაზარი სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ესაა ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომელიც რუსეთმა რეალურად დაიკავა. დანარჩენი ტერიტორიების უმეტესობა პატარა ქალაქები და სოფლებია.  

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხერსონის გათავისუფლება უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება.

Guardian-ის თანახმად,  ხერსონის დაკარგვა რუსეთის დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს შეუშლის ხელს. ეს ის რეფერენდუმია, რომლითაც ოკუპანტები ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს ხერსონისა და სამხრეთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ. 

საპორტო დანიშნულება და ზღვაზე გასასვლელი, ასევე ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფაქტორია. უკრაინისთვის ხერსონის კონტროლი ნიშნავს, რომ მას ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგების სისტემის კონტროლიც შეუძლია

 

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ რუსული ჯარები უკრაინაში ყირიმიდან გადადიან და მაქსიმალურად ცდილობენ უკრაინას ზღვაზე გასასვლელი წაართვან. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხერსონს ამ მისიის შესასრულებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს რუსეთისთვის. 

გარდა ამისა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის არმიის ერთ-ერთი მიზანი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში „სახმელეთო დერეფნის“ შექმნაა, რომელიც ლუგანსკსა და დონეცკს ყირიმთან დააკავშირებს. ამ გეოგრაფიულ არეალში ხერსონიცაა, შესაბამისად, რუსებისთვის ამ ტერიტორიის დაკარგვა წარუმატებლობის ტოლფასია. 

„მისი [ხერსონის]  დაკარგვა სერიოზულად უთხრის ძირს რუსეთის მცდელობებს წარმოაჩინოს ოკუპაცია წარმატებულად” - წერს ბრიტანული დაზვერვა.

Guardian-ის მიხედვით, ოფიციალურმა უკრაინამ ხერსონი დაუყოვნებლივ უნდა დაიბრუნოს, რადგან ამინდის ცვლილება შემოდგომიდან სახმელეთო ჯარების გადაადგილებას ბევრად გაართულებს. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრებები, რომ ევროპული მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს. სწორედ ამიტომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიოს საკუთარი წინსვლა აჩვენოს. 

როგორ ცხოვრობენ ხერსონის რეგიონის მცხოვრებლები

20 ივნისს ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ განაცხადა, რომ რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 450 000-500 000 მოქალაქე რჩება. ეს არის ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით 40-50%.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დაეტოვებინათ რეგიონი კონტრშეტევის შესახებ განცხადებების შემდეგ. თუმცა, ამჟამად ევაკუაციის მთავარი მარშრუტი ოკუპირებული ყირიმის გავლით გადის.

კიდევ ერთი გზაა ზაპოროჟიე ოკუპირებული მელიტოპოლისა და ვასილივკის გავლით. თუმცა, გზები სახიფათოა დაბომბვისა და ჰუმანიტარული დერეფნების არარსებობის გამო. 

სამხარეო ადმინისტრაცია რეგულარულად საუბრობდა ხერსონის რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეზე. ხერსონში ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ამბობდნენ, რომ საკვების, მედიკამენტების და საწვავის მარაგი იწურებოდა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა რეგიონში ტერორი და რეპრესიები გაატარეს. ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ახალ „ავტორიტეტს“ იტაცებენ და თვეების განმავლობაში არავინ იცის სად არიან. 

უკრაინელებს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.. სკოლები რუსულ პროგრამებზე გადადის. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ და დაზვერვამ განაცხადეს, რომ ხერსონის მოსახლეობა, როგორც მასწავლებლები, ასევე სტუდენტები, უგულებელყოფენ განათლების ახალ წესრიგს. რის საპასუხოდაც, ოკუპანტები მოწინააღმდეგეების მშობლებს ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.

რა ვიცით ომიდან 188-ე დღეს?

მართალია, უკრაინის ჯარები სამხრეთ რეგიონში დიდი ხნის ნანატრ კონტრშეტევას ახორციელებენ. თუმცა, აფეთქებების ხმა უკრაინის სხვა ტერიტორიებზე ჯერ კიდევ ისმის. 

ოფიციალური უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ენერგოდარს -  ქალაქს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. გარდა ამისა, საარტილერიო იერიში მიიტანეს ხარკოვზეც, რომელსაც თითქმის ექვსი თვეა, ყოველდღე უტევენ. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაიჭრა 7 ადამიანი. 

 

გაეროს ბირთვული დამკვირვებლის ინსპექტორთა ჯგუფი კიევში ორშაბათს ღამით ჩავიდა. ისინი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დათვალიერებას აპირებენ და ბირთვული ობიექტის უსაფრთხოების დაცვას გეგმავენ. 

ამ მოვლენების პარალელურად კი, რუსეთი ჯარის გაფართოებას და მეტი ჯარისკაცის მოზიდვას ცდილობს. პუტინმა გასულ კვირას ბრძანება გასცა, რომ მისი ჯარი მომავალი წლის იანვრიდან დაახლოებით 10%-ით გაზრდილიყო

მთავარი ფოტო: TASS
კომენტარები