საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
01 სექტემბერი, 2022 რატომ წაიღო ტრამპმა კლასიფიცირებული დოკუმენტები სახლში? - 3 თეორია
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს ვილაში FBI-ის მიერ ჩატარებულ ჩხრეკაზე პროტესტი გამოთქვა. თუმცა არასდროს განუმარტავს, რატომ წაიღო საიდუმლო მასალები სახლში.

ეს უპასუხო კითხვა კი კარგს არაფერს მოასწავებს საქმეში, რომლითაც ისტორიაში პირველად, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდეს - მაინც რად უნდოდა ტრამპს მის სახლში აღმოჩენილი დოკუმენტები?

„უმაღლესი კლასიფიკაციის საიდუმლო ინფორმაციას ასე უბრალოდ არ ტენი ყუთში და არ მიგაქვს ფლორიდაში [სახლში]. რაზე ფიქრობდა ტრამპი?", - განაცხადა რობერტ დიცმა. ის ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩევლად მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რა იყო ტრამპის მოტივაცია, ფაილების შენახვის გამო, შესაძლოა, ციხეში წავიდეს. ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ემუქრება გამოძიება ჯაშუშობის აქტის დარღვევისა და სხვა სერიოზული დანაშაულების გამო.

მარ-ა-ლაგოს ვილაში ჩატარებული ჩხრეკით გაირკვა, რომ ტრამპს 184 კლასიფიცირებული დოკუმენტი ჰქონდა შენახული, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებიც კი.

გაურკვევლობისა და კითხვების ფონზე ამერიკული გამოცემა VICE გვთავაზობს სამ თეორიას, რითაც შეიძლება აიხსნას ტრამპის ქმედებები:

თეორია N1: ტრამპს სურდა, რაიმე ბერკეტი ჰქონოდა თავის დასაცავად

ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოჰენი წლების განმავლობაში მუშაობდა ყოფილ პრეზიდენტთან. ის ძალიან კარგად იცნობს ტრამპის ფიქრებს და ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ფაილები რაღაც კონკრეტული მიზნით შეაგროვა. 

„დარწმუნებული ვარ, ბატონმა ტრამპმა კლასიფიცირებული მასალა იმიტომ შეინახა, რომ თავდაცვის ბერკეტად გამოეყენებინა იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა" - ეუბნება კოჰენი VICE-ს.

საქმე იმაშია, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმეები მარ-ა-ლაგოში ჩხრეკვამდეც იყო აღძრული ჯორჯიისა და ნიუ-იორკის შტატებში. გარდა ამისა, კონგრესი იძიებს მის როლს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლის შენობაში მომხდარ არეულობაში.

თუკი ტრამპს უნდოდა, რომ დოკუმენტები თავდაცვისთვის გამოეყენებინა, ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წარიმართა - დამოუკიდებელი იურისტები ამბობენ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ტრამპს ბრალს დასდებენ მარ-ა-ლაგოს ეპიზოდზე.

ტრამპი აქამდეც ყოფილა ბრალდებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში. მას 2019 წელს პირველი იმპიჩმენტი იმიტომ მოუწყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიებას სთხოვდა.

დემოკრატები მხარს უჭერდნენ მის იმპიჩმენტს და ამბობდნენ, რომ ტრამპმა, მსგავსი ქმედებებით, უკრაინა რუსეთს მიჰყიდა. ტრამპი იმპიჩმენტს გადაურჩა, თუმცა ამ მოვლენებიდან ორ წელიწადში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

თეორია N2: ტრამპი გადაცმული "ვირთხაა"

ცნობილია, რომ ტრამპს აქვს ნივთების შეგროვების ბავშვური აკვიატება. მისი ოფისი "ტრამპ თაუერში" სავსე იყო ისეთი საგნებით, როგორებიცაა სპორტული სამახსოვრო ბარათები, შაკილ ო'ნილის ფეხსაცმელი, ფეხბურთის ჩახფუტები და კრივის ქამრები.

ტრამპის მიერ ეროვნული არქივისთვის ადრე გადაცემულ დოკუმენტებს შორის, შესაძლოა, იყოს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინის "სასიყვარულო წერილი" მისდამი და ბარაკ ობამას მიერ თეთრი სახლის დატოვებისას დატოვებული წერილი. მარ-ა-ლაგოდან ამოღებულ ყუთებშიც იყო ისეთი უცნაური ნივთები, როგორიცაა საწვიმარი მოსასხამი, გოლფის ბურთები და საპარსი.

ტრამპმა იტრაბახა კიდეც, პრეზიდენტობისას და ვადის ამოწურვის შემდეგაც, რომ ჰქონდა პრეზიდენტ მაკრონის სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალა. ფედერალებმა მარ-ა-ლაგოში იპოვეს დოკუმენტი, რომელიც იდენტიფირებული იყო, როგორც "ინფორმაცია: საფრანგეთის პრეზიდენტი". დაზუსტებული არაა, ტრამპს მაკრონის შესახებ დოკუმენტები ჰქონდა მარ-ა-ლაგოში თუ არა.

თეორია N3: ტრამპი რაღაცას მალავს

არის კიდევ ერთი, უფრო ბოროტული ახსნა: ტრამპი, შესაძლოა, ცდილობდა, რომ რაღაც მის მტრებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

აშკარაა, რომ ტრამპი წლების განმავლობაში ცდილობდა, რაღაცები საიდუმლოდ შეენახა. მაგალითად, ის წარუმატებლად ცდილობდა ნიუ-იორკელი პროკურორებისგან დაემალა გადასახადები, რაც საბოლოოდ სასამართლომდე მივიდა. 

თუმცა ეს თეორია მაინც ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ყველა ის დოკუმენტი, რაც ტრამპს ჰქონდა, გარკვეულ ფედერალურ სამსახურებსაც ექნებოდათ. ამიტომაც მათი დამალვით სიმართლეს ვერ დამალავდა.

ამავდროულად, თუკი სურდა, რომ ჩანაწერები გამქრალიყო, ამისთვისაც საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა.

სტატია მომაზდებულია Vice-ის მასალის მიხედვით

მთავარი ფოტო: NBC
კომენტარები