საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
02 სექტემბერი, 2022 უკრაინის მხარდამჭერი არტისტების კონცერტები, შესაძლოა, ჩაიშალოს - რა ხდება?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

უკრაინის მხარდამჭერი არტისტების კონცერტები, შესაძლოა, ჩაიშალოს. Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩხიკვიშვილი, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ჩხიკვიშვილი წერს, რომ კონცერტების ორგანიზატორს სპორტის სასახლემ დარბაზის დათმობაზე უარი უთხრა, მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დაასახელა. არადა ღონისძიებები ბევრად ადრე დაიგეგმა.

ვინ მართავდნენ კონცერტებს?

Biletebi.ge-ის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, საუბარი სამი ღონისძიების გაუქმებაზეა. ესენია "მაშინა ვრემენის" კონცერტი 24 სექტემბერს, მაქსიმ გალკინის კონცერტი 15 ოქტომბერს და ვალერი მელაძის კონცერტი 23 ნოემბერს.

მათგან ორზე - "მაშინა ვრემენისა" და გალკინის კონცერტზე - დასასწრები ბილეთები ზემოხსენებულ ვებგვერდზე იყიდება, ხოლო მელაძის კონცერტის ბილეთებს tkt.ge ყიდის.

Enigma Media დაუკავშირდა tkt.ge-ს წარმომადგენელს და ჰკითხა კონცერტის შესაძლო გაუქმების შესახებ. როგორც მან ჩვენთან საუბრისას თქვა, ამჟამად კონცერტის გაუქმებაზე საუბარი არაა. 

„ორგანიზატორისგან როგორც მაქვს ინფორმაცია, ტარდება", - განაცხადა Enigma-სთან კომპანიის წარმომადგენელმა.

გიორგი ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კონცერტები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმართებოდა. მაგალითად, მაქსიმ გალკინის კონცერტიდან შემოსული ჰონორარი უკრაინიდან ლტოლვილებს მოხმარდება.

 

უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში: ისრაელი, აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია,...

Posted by Biletebi.ge on Monday, July 11, 2022

 

ჩხიკვიშვილის თქმით, გალკინისა და "მაშინა ვრემენის" კონცერტების გამართვა პოლიტიკური კონტექსტის გამო დადგა ეჭვქვეშ. მათ უარი იმის გამო ეთქვათ, რომ უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.

გიორგი ჩხიკვიშვილი Enigma-სთან ამბობს, რომ ორგანიზატორები ამ ეტაპზე კონცერტების ჩასატარებლად ალტერნატიული ფართის მოძებნაზე მუშაობენ. თუკი მსგავს ფართს ვერ იპოვიან, კონცერტები, სავარაუდოდ, გაუქმდება.

რა განცხადებებს აკეთებდნენ არტისტები ომის დაწყების შემდეგ?

მაქსიმ გალკინი

რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი იყო ერთერთი პირველი ვარსკვლავი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრაზე საჯაროდ ისაუბრა. წარმოშობით უკრაინელმა გალკინმა თებევრალში პირად instagram გვერდზე დაწერა, რომ “არ შეიძლება ომს რაიმე გამართლება ჰქონდეს”

“დილიდან არ არის კავშირი ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რასაც ახლა ვგრძნობ. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი! არ შეიძლება ომს რაიმე გამართლება ჰქონდეს! არა ომს!”

მაქსიმ გალკინი ამ განცხადებით არ შემოფარგლულა. ის პერიოდულად ავრცელებს ანტისაომარ მოწოდებებს.

 

 

"მაშინა ვრემენი"

მომღერალმა, კომპოზიტორმა, რუსული ჯგუფის "მაშინა ვრემენის" ლიდერმა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა და ახლა ისრაელში ცხოვრობს. მაკარევიჩმა ბოლო წლებში მკვეთრად ანტიპუტინური პოზიცია დაიკავა, რისთვისაც მას ბევრი რუსი პოლიტიკოსი და ზოგიერთი კოლეგა აკრიტიკებდა. მისი კონცერტები გაუქმდა რუსეთში და პრო-სამთავრობო მედიამ იგი რამდენჯერმე აქცია პროპაგანდისტული კამპანიის გმირად. 

"Кто пишет букву Z – да пошел он в ж*пу",- ამბობს, მაკარევიჩი “ ნასტაიაშია ვრემიასთან” ინტერვიუში.

 

ერთერთი პოსტით, რომლითაც მაკარევიჩი უკრაინაში ომს გამოეხმაურა ასე ჟღერდა: ” და აი, რა ვერ გავიგე - როგორ ვითმენთ ამ ყველაფერს? მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან წაგვაჩხუბეს, ომის ზღვარზე დაგვაყენეს, ჩვენი სახელით უხეშად ექცევიან ამ სამყაროს, გვატყუებენ, კანონები მხედველობის არეშიც კი აღარ დარჩა- რატომ?”

რას უკავშირებენ მომხდარს Biletebi.ge-ში?

Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი პირდაპირ ამბობს, რომ კონცერტების გაუქმების ბრძანება კულტურის სამინისტროდან მოდის. კომპანია წულუკიანის უწყებისადმი მიმართვასაც ავრცელებს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

Enigma-მ კულტურის სამინისტროსთან დაკავშირება სცადა, თუმცა უწყება, ტრადიციულად, არაკონტაქტურია - მათი წარმომადგენელი მედიის ზარებს არ პასუხობს.

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს გაუქმება სახელმწიფოსგან მოდის, ეჭვი კი არა, თითქმის უკვე დარწმუნებულები ვართ. გვინდა გავიდეთ რომელიმე სახელმწიფო უწყებაზე, ვინც ოფიციალურად დაგვიდასტურებს, რომ ამ არტისტების ჩამოყვანა არ შეიძლება და არიან შავ სიაში. გვჭირდება კონკრეტული თამაშის წესები, რომ ამისი შეიძლება და ამისი არა და ოფიციალურად ინფორმაციას არავინ არ გვაძლევს და ასეთი ირიბი გზით მოხდა ჩვენამდე მოტანა, რომ გადიან სარემონტო სამუშაოებზე" - აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი Enigma-სთან.

ჩხიკვიშვილისთვის "დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე". მისი განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი კონცერტებისთვის უარის თქმას პოლიტიკური კონტექსტი.

„თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გაღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?", - აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი.

გარდა ამისა, ჩხიკვიშვილი საუბრობს ინდუსტრიისთვის ისეთ რთულ პერიოდში მძიმე დარტყმებზე - "ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას".

"წარმოიდგინეთ 2 წლის განმავლობაში ყველაფერი გაჩერებული იყო კოვიდსიტუაციების გამო. ფაქტობრივად, სულს ღაფავდნენ და ეს იყო მაგათთვის ერთგვარი ჟანგბადი ეს კონცერტები და ეს შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღოთ და ახლა თავისი ნებით უარს ამბობენ ამ შემოსავალზე და ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ანგრევენ. " - გვეუბნება გიორგი ჩხიკვიშვილი.

სპორტის სასახლეში Enigma-ს უთხრეს, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ გააკეთა biletebi.ge-იმ მსგავსი განცხადება. როგორც სასახლის წარმომადგენელმა თქვა, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - "გვერდზე არის შახტა ჩავარდნილი და საშიშროებაა იმის, რომ რაღაც მოდეს". 

კომენტარები