საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
05 სექტემბერი, 2022 ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერია - ახალი ლიდერის წარსული და სამომავლო გეგმები
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი მერი ელიზაბეტ ტრასი გახდა. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ბორის ჯონსონის მიერ  ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება.

5 ივლისს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობი დატოვეს, რადგან მათ პრემიერმინიტრ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობა არ სურთ. გადადგა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსანიც. 

აქედან 2 დღეში, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. 

"ჩვენი შესანიშნავი დარვინული სისტემა ახალ ლიდერს წარმოშობს". – თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ ჩამნაცვლებელს შეძლებისდაგვარად დაეხმარება. 

ივლისში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა გამართეს საბოლოო კენჭისყრა და ქვეყნის პრემიერმინისტრობის ორი კანდიდატი დატოვეს. ხმების უმრავლესობა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა მოაგროვა (137 ხმა). 113 ხმით კი მეორე ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი გავიდა. 

ვინ არის ლიზ ტრასი?

შვიდი წლის ასაკში ლიზ ტრასმა სკოლის იმიტირებულ საყოველთაო არჩევნებში მარგარეტ ტეტჩერის როლი შეასრულა. ოცდაცხრამეტი წლის შემდეგ, კი მისი როლი რეალობად იქცა. ის გახდა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და პრემიერმინისტრი. ტრასი გაერთიანებული სამეფოს მესამე ქალი პრემიერია.

მშობლები მემარცხენეები იყვნენ. ტრასის დედა პრისცილა მერი ტრასი მონაწილეობას იღებდა ბირთვული განიარაღების კამპანიაში, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტეტჩერის მთავრობის გადაწყვეტილებას აშშ-ის ბირთვული იარაღი დაეყენებინათ RAF Greenham Common-ში, ლონდონის დასავლეთით.

BBC Radio 4-ის პროფილთან საუბრისას, მისმა ძმამ თქვა, რომ ოჯახი სიამოვნებით თამაშობდა სამაგიდო თამაშები, მაგრამ ახალგაზრდა ტრასს სძულდა წაგება და ხშირად  ამჯობინებდა გამქრალიყო, ვიდრე წაეგო.

ტრასი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ეცნობოდა ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ეკონომიკას. ასევე აქტიური იყო სტუდენტურ პოლიტიკაში, თავდაპირველად ლიბერალ-დემოკრატებისთვის.

პარტიის 1994 წლის კონფერენციაზე მან ისაუბრა მონარქიის გაუქმების სასარგებლოდ და უთხრა დელეგატებს ბრაიტონში: "ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატებს გვჯერა შესაძლებლობების ყველასთვის. ჩვენ არ გვჯერა, რომ ადამიანები იბადებიან მმართველებად". 

ოქსფორდში სწვალის პერიოდში კონსერვატორი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბუღალტრად Shell-ში და Cable & Wireless-ში და 2000 წელს დაქორწინდა ჰიუ ო'ლიზე.

ის 2001 წლის საყოველთაო არჩევნებში ჰემსვორთში, დასავლეთ იორკშირში, ტორების კანდიდატად იდგა, მაგრამ დამარცხდა. მან  კიდევ ერთი მარცხი განიცადა კალდერ ველში, ასევე დასავლეთ იორკშირში, 2005 წელს.

მაგრამ მისი პოლიტიკური ამბიციები არ ჩამცხრალა. ის 2006 წელს აირჩიეს მრჩევლად გრინვიჩში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, და 2008 წლიდან ასევე მუშაობდა მემარჯვენე-ცენტრის რეფორმის ანალიტიკურ ცენტრში.

 ლიზ ტრასი 2010 წელი

ის 2010 წელს არჩეულ ოთხ კონსერვატიულ დეპუტატთან ერთად თანაავტორია წიგნის „Britannia Unchained“, რომელიც რეკომენდაციას უწევდა სახელმწიფო რეგულაციების გაუქმებას, რათა გაეძლიერებინა გაერთიანებული სამეფოს პოზიციები მსოფლიოში. 

2012 წელს, დეპუტატობიდან სულ რაღაც ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მან მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ხოლო 2014 წელს დაწინაურდა გარემოს დაცვის მდივნის თანამდებობაზე.

2015 წლის კონსერვატიულ კონფერენციაზე ქალბატონ ტრასს დასცინოდნენ გამოსვლის გამო, რომელშიც მან  თქვა: "ჩვენ ყველის ორი მესამედი შემოგვაქვს. ეს არის სირცხვილი". 

 

როდესაც ბორის ჯონსონი პრემიერ მინისტრი გახდა 2019 წელს, ქალბატონი ტრასი გადაიყვანეს საერთაშორისო ვაჭრობის მდივნად - მისი სამსახური გულისხმობდა გლობალურ პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრას UK PLC-ის პოპულარიზაციისთვის.

2021 წელს, 46 წლის ასაკში, მან დაიკავა მთავრობის ერთერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა - საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია.

ამ როლში ის ცდილობდა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის კვანძოვანი პრობლემის გადაჭრას, ბრექსიტის შემდგომი ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის შეთანხმების ნაწილების გაუქმებით - ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი სასტიკად აკრიტიკებდა.

მან უზრუნველყო ბრიტანეთის-ირანის ორი მოქალაქის გათავისუფლება. 

და როდესაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან მკაცრი პოზიცია დაიკავა და დაჟინებით მოითხოვა ვლადიმერ პუტინის მთელი ძალების განდევნა ქვეყნიდან.

ტრასის საგარეო ვექტორი

ტრასი პრემიერობამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა მდივანი იყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი სახელი და გვარი განსაკუთრებულად აქტიურად გვხვდებოდა საერთაშორისო მედიაში - ტრასი უკრაინის ერთერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად და მეგობრად ითვლება. სწორედ ასე მოიხსენიებს მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება - "უკრაინის მეგობარი".

ლიზ ტრასი ერთერთი იყო ჯონსონის კაბინეტიდან, ვინც აშკარად მხარს უჭერდა და აქეზებდა პრემიერის ხმაურიან გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მდივნობის დროს ის, ფაქტობრივად, ლობირებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთისთვის უმძიმესი სანქციების დაკისრების პოლიტიკას. ტრასმა გაპრემიერებამდე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერის სახელით პირველ ზარს სწორედ ზელენსკისთან განახორციელებს.

გარდა ამისა, ტრასი ჩინეთისადმი ხისტი პოზიციითაც გამოირჩევა. მისი მოკავშირეები ელიან კიდეც, რომ ტრასი პეკინის მიმართ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბორის ჯონსონი იყო. "გაერთიანებული სამეფოს აწ უკვე ყოფილ პრემიერს სჯეროდა, რომ ეკონომიკური დიალოგი და ურთიერთობები შესაძლოა არსებობდეს გეოპოლიტიკისგან დამოუკიდებლად" - წერს Foreign Policy.

საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ბრექსიტის მომხრეა და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ შემთხვევაშიც ის უფრო ხისტი იყოს, ვიდრე ჯონსონი. ტრასი ჰპირდება ბრიტანელებს, რომ 2023 წლის ბოლომდე გააუქმებს ან ჩაანაცვლებს ევროკავშირის იმ კანონებს, რომლებიც სამეფოს ეკონომიკის წინსვლას აფერხებენ. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ტრასმა ბრექსიტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცნობილია ისიც, რომ ტრასი ბრიტანეთის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ აშშ-ს ხედავს. ანალიტიკოსი ბენ ჯუდა წერს, რომ ის "უფრო მეტადაა ამერიკელი, ვიდრე თავად ამერიკელები". 

„ტრასის პრემიერობა უჩვეულოც კი იქნება აშშ-სთვის. ისინი საბოლოოდ მიიღებენ ისეთ მოკავშირეს, როგორიც ყოველთვის უნდოდათ: ჩინეთთან მკაცრი, თავდაცვაზე მეტი ბიუჯეტით და მუდამ მზად მოქმედებისთვის".

და რა მოხდება შინ?

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას - ლიზ ტრასის მთავარი დაპირება გადასახადების შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსები 2022-23 წლის ზამთრისათვის ვარაუდობენ, რომ ბრიტანელებს "გათბობა ან კვება" არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ტრასი მათ არ ეთანხმება. ის სახელმწიფოს მხრიდან "დამრიგებლობას" არ ეთანხმება და ამბობს, რომ გადასახადების შემცირება ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.

ტრასი არჩევამდე პერიოდში საუბრობდა იმაზეც, რომ ცვლილებები შეეხება ეროვნულ ჯანმრთელობის დაზღვევასაც. სავარაუდოდ, ამავე წლის აპრილში დაზღვევაზე გაზრდილი ფინანსები შემცირდება, თუმცა, პარალელურად გაიზრდება საგანგებო ვითარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი.

მის პროგრამაში ადგილი ეთმობოდა სოციალურ საკითხებსაც - მაგალითად, ტრასი ჰპირდება მოსახლეობას, რომ ჯანდაცვის დანახარჯებიდან მეტი წილი მოხმარდება სოციალურ ზრუნვას. ამას გარდა, ტრასი სკოლებში მენტალურ ჯანმრთელობაზე მეტი ზრუნვის შესახებაც საუბრობდა.

რაც შეეხება განათლებას - ტრასი ამბობს, რომ სისტემა ყველას ერთნაირ შანსს უნდა აძლევდეს წარმატების მისაღწევად. გარდა ამისა, გამოდის ინიციატივით, რომ სკოლის უმაღლეს ნიშნებზე დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეთავაზება ჰქონდეთ ისეთი უნივერსიტეტებიდან, როგორიც ოქსფორდი და კემბრიჯია.

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რის პირობას ტრასმა დადო, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდაა. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5% ხმარდება თავდაცვას - ტრასმა ამის 3%-მდე გაზრდა დააანონსა.

კომენტარები