საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ელისაბედ II გარდაიცვალა - ახლა რა იქნება? ელისაბედ II გარდაიცვალა - ახლა რა იქნება?
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

რა მოხდა?

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II ბალმორალის ციხესიმაგრეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დილიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

„ამ დილით კონსულტაციის შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთდნენ მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ", ნათქვამი იყო სასახლის განცხადებაში.

როგორია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გეგმა - ამის შესახებ სტატია გამოცემა POLITICO-ს აქვს გამოქვეყნებული. მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, დედოფალს გარდაცვალებიდან მეათე დღეს დაასაფლავებენ. გამოცემის თანახმად, დოკუმენტს "ლონდონის ხიდი" ეწოდება.

როგორია დედოფლის დაკრძალვის პროტოკოლი?

გამოცემის მიხედვით, დოკუმენტში გაწერილია ისიც კი, თუ როგორი თანმიმდევრობითა და ვინ უნდა აცნობოს მაღალი თანამდებობის პირებს დედოფლის გარდაცვალების შესახებ. დედოფალს, პროტოკოლის თანახმად, ლონდონში სამეფო მატარებლით ჩამოასვენებენ.

გარდაცვალების შემდეგ დღეს ანუ ხვალ, რომელსაც დოკუმენტის მიხედვით D-Day+1 ეწოდება, დილის ათ საათზე პრინც ჩარლზს წმინდა ჯეიმზის სასახლეში შეკრებილი მთავრობის მაღალჩინოსნები ახალ მმართველად გამოაცხადებენ. პროცესს პრემიერმინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოსნები დაესწრებიან.

პარლამენტი სამძიმრის წერილზე შესათანხმებლად შეიკრიბება, სხვა სამუშაოები კი საკანონმდებლო ორგანოში 10 დღით შეჩერდება. 

ამის შემდეგ, 3:30 სთ-ზე ახალ მეფეს, ჩარლზს, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები შეხვდებიან.

როდის გადაასვენებენ დედოფალს ბუკინგემის სასახლეში?

მეორე დღეს (D-Day+2) დედოფლის ცხედარს ბუკინგემის სასახლეში დაასვენებენ. 

მესამე დღეს მეფე ჩარლზი სამძიმრებს ვესტმინსტერში მიიღებს. დღის მეორე ნახევარში იგი გაემგზავრება გაერთიანებული სამეფოს ტურნეში, რომელიც დაიწყება შოტლანდიის პარლამენტში ვიზიტით და ედინბურგის წმინდა ჯაილსის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებით გაგრძელდება.

მე-4 დღეს მეფე ჩარლზი ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩავა, სადაც სამძიმარს ჰილსბოროს ციხესიმაგრეში გამოუცხადებენ. 

ბუკინგემის შემდეგ, ვესტიმნსტერი

გარდა ამისა, ჩატარდება რეპეტიცია იმისა, თუ როგორ უნდა გადაასვენონ დედოფალი ბაკინგემიდან ვესტმინსტერში.

მე-5 დღეს მსვლელობა ბაკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სასახლემდე ლონდონის გავლით მარშრუტზე გაიმართება. სასახლის მისვენების შემდეგ ვესტმინსტერის დარბაზშივე ჩატარდება მსახურება.

მე-6-დან მე-9 დღემდე დედოფალი ვესტმინსტერის სასახლეში, დარბაზის შუაგულში იქნება დასვენებული. ის საზოგადოებისთვის დღეში 23 საათი იქნება ღია. ასევე გაიცემა ბილეთები VIP პერსონებისთვის. მე-6 დღეს სახელმწიფო სამგლოვიარო მსვლელობის რეპეტიცია ჩატარდება.

მე-7 დღეს მეფე ჩარლზი გაემგზავრება უელსში, რათა მიიღოს სამძიმარი უელსის პარლამენტში და დაესწროს წირვას კარდიფის ლიანდაფის საკათედრო ტაძარში. ამ პერიოდის განმავლობაში სამთავრობო უწყებები დაკრძალვის სამზადისით იქნებიან დაკავებულები.

ისტორიული მოვლენისთვის დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებულად მოემზადება

POLITICO-ს მიერ ნანახი დოკუმენტები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას საერთო ჯამში სჯერა, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაკრძალვა წარმატებით ჩაატაროს, ამისთვის უზარმაზარი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. დეპარტამენტები, რომელთა წინაშეც ყველაზე დიდი სირთულე დგას, არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ტრანსპორტის დეპარტამენტი. საგარეო ოფისს ევალება სახელმწიფოს მეთაურებისა და მაღალი რანგის პირების ჩამოსვლის ორგანიზება საზღვარგარეთიდან, ასევე შეშფოთების საგანია, თუ როგორ გაკონტროლდება ტურისტების დიდი ნაკადი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია უსაფრთხოების ღონისძიებებზე, ხოლო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების სამდივნო და სადაზვერვო სამსახურები იქნებიან მზადყოფნაში გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო. ტრანსპორტის დეპარტამენტი შიშობს, რომ ლონდონში გამგზავრების მსურველთა რაოდენობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას სატრანსპორტო ქსელს და დედაქალაქი გადატვირთოს. ერთერთი ყველაზე ცუდი სცენარით ლონდონი ფაქტობრივად პირველად გახდება "სავსე“, როდესაც პოტენციურად ასიათასობით ადამიანი იქ შესვლას შეეცდება. 

მე-10 დღე "ეროვნული გლოვის დღედ" გამოცხადდება  და პანაშვიდი ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. შუადღით მთელი ქვეყნის მასშტაბით ორწუთიანი დუმილი იქნება. სამგლოვიარო პროცესიით დედოფლის ცხედარს ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ - სწორედ აქ დაკრძალავენ ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივ მონარქს.

ელისაბედ II ტახტზე 1953 წელს ავიდა - ის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი 70 წლის განმავლობაში იყო. მისი ქმარი, პრინცი ფილიპი, 2021 წელს გარდაიცვალა. 

მასალა მომზადებულია POLITICO-ს სტატიის მიხედვით

კომენტარები