საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
09 სექტემბერი, 2022 ლილიბეტიდან ელიზაბეტ II-მდე - როგორი იყო დედოფლის გზა?
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ II გუშინ, 8 სექტემბერს, გარდაიცვალა. 96 წლის ასაკში ელიზაბეთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონარქი იყო. ხოლო მსოფლიო ისტორიაში მასზე დიდხანს ტახტზე მხოლოდ საფრანგეთის მეფე ლუი XIV იჯდა - 72 წელი და 110 დღე, 1643-1715 წლებში.

ელიზაბეტის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი შვილი - ჩარლზ III - ავა 73 წლის ასაკში.

ელიზაბეტ II გაერთიანებული სამეფოს მონარქი ყველაზე ცვალებად დროში იყო - მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთის იმპერია გაერთიანებულ სამეფოდ იქცა, მსოფლიომ გამოიარა ცივი ომი, მისი შემდგომი ეპოქა და ინტერნეტის ერა. დედოფალი ახერხებდა, რომ ასეთ ტურბულენტურ დროშიც კი შეენარჩუნებინა მონარქიისთვის აქტუალურობა.

ელიზაბეტის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი და სიყვარულის ისტორია

PA Images/Getty Images

 ელიზაბეტ ალექსანდრა მერი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა ლონდონში. მას ოჯახში ლილიბეტს ეძახდნენ. როგორც ამბობენ, ასე საკუთარ სახელს პატარაობაში თავად მომავალი დედოფალი წარმოთქვამდა. ჩვილობაში მას ელიზაბეტის წარმოთქმა უჭირდა. 

ელიზაბეტი მეფე ჯორჯ V-ის შვილიშვილი იყო, თუმცა არა ტახტის მემკვიდრე. მამამისი, პრინცი ალბერტი, მეფის უმცროსი ვაჟი იყო, ხოლო ტახტი უფროსს - ედვარდს - გადაეცემოდა. ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1936 წლის იანვარში ტახტზე სწორედ ედვარდ VIII ავიდა, თუმცა წლის ბოლოს ტიტულზე უარი თქვა და საყვარელ ქალთან ერთად გადაწყვიტა ცხოვრება - ამერიკელი ქალი ქმარს გაშორებული იყო, სამეფო ოჯახი კი მსგავს ქორწინებას არ დათანხმდა. 

1936 წლის 11 დეკემბერს პრინცი ალბერტი, ელიზაბეთის მამა, მეფედ აკურთხეს. მას ჯორჯ VI ეწოდა, ხოლო ელიზაბეტი ტახტის პირდაპირი მემკვიდრე გახდა. მალევე, 1939 წლის 3 სექტემბერს, დიდმა ბრიტანეთმა გერმანიასთან ომი გამოაცხადა. 

 

1945 წლის დასაწყისში 18 წლის ელიზაბეტი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაერთო. ის ერთადერთი ბრიტანელი ქალი მონარქია, ვისაც უშუალო საბრძოლო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ტერიტორიულ დამხმარე სამსახურში იყო, მუშაობდა ავტომობილების მექანიკოსად და საჭიროების შემთხვევაში მართავდა კიდეც მას. 

1952 წელს მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა - ტახტზე ელიზაბეტი ავიდა 25 წლის ასაკში. მისი კორონაცია 1953 წელს შედგა.

ელიზაბეტის ქმარი, პრინცი ფილიპი, დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი იყო. ფილიპ მაუნთბატენი საბერძნეთის პრინცი იყო, თუმცა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და იზრდებოდა. მომავალი სამეფო წყვილი ერთმანეთს მაშინ შეხვდა, როცა ელიზაბეტი 13, ხოლო ფილიპი 18 წლის იყო. 

მათ 1947 წელს იქორწინეს ვესტმინსტერის სააბატოში. მალევე წყვილი საცხოვრებლად მალტაში გადავიდა - როგორც ზოგიერთი ბიოგრაფი წერს, ეს დედოფლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ორი წელი იყო. ელიზაბეტი მალტაში ჩვეულებრივი სამხედროს ცოლივით ცხოვრობდა, საზოგადოების მუდმივი დაკვირვებისგან შორს. 

 

ელიზაბეტმა და ფილიპმა ერთად 73 წელი გაატარეს. სამეფო ბიოგრაფები ხშირად ამბობენ, რომ ელიზაბეტი სამეფოს საყრდენი იყო, ხოლო ფილიპი - თავად დედოფლის. პრინცმა მის კარიერაზე თქვა უარი იმისათვის, რომ ელიზაბეტთან ერთად ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში. არსებობს მოსაზრებაც, რომ სამეფო ოჯახის მოდერნიზებას სწორედ ფილიპმა შეუწყო ხელი. 

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - მეფე ჩარლზ III, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ და ედვარდი. ტახტის მემკვიდრეებად ჩარლზის შთამომავლები ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორისაც ყველაზე განხილვად წყვილებად სწორედ ჩარლზის შვილები ითვლებიან - პრინცი უილიამი და მისი ცოლი, ქეით მიდლტონი და პრინცი ჰარი მეგან მარკლთან ერთად.

სამეფო სკანდალები

ელიზაბეტის დედოფლობას დაემთხვა ისეთი გახმაურებული საქმეები სამეფო ოჯახში, როგორიც იყო, მაგალითად, პრინცესა დაიანა სპენსერის ჩარლზთან ქორწინება, დაშორება და სიკვდილი. 

დაიანა სპენსერი სამეფო ოჯახის წევრი 1981 წელს გახდა. ჩარლზ III და უელსის პრინცესა 1992 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო 1996 წელს ოფიციალურადაც განქორწინდნენ. მათი ცხოვრება მუდმივად ტაბლოიდების ყურადღების ქვეშ იყო. პრინცესა დაიანა საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობდა, ხოლო ჩარლზისა და კამილას ურთიერთობის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა ხალხი მომავალი მეფის წინააღმდეგ განაწყო. 

1997 წელს დაიანა პარიზში გარდაიცვალა - მიზეზი ავტოავარია იყო, რომელსაც დღემდე აქტიურად განიხილავენ. ზოგიერთები დაიანას სიკვდილში სამეფო ოჯახის ბრალსაც კი ხედავენ. ელიზაბეტმა ყოფილი რძლის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას მიმართა და თქვა, რომ დაიანა "განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვინც არასდროს კარგავდა ღიმილისა და სიცილის უნარს, მუდამ შეეძლო სხვების შთაგონება საკუთარი სიკეთითა და სითბოთი".

საინტერესოა ისიც, რომ ელიზაბეტი ჩარლზისა და კამილას ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც სამეფო ოჯახს დაატყდა თავს, პრინც ედვარდს ცოლ სარა ფერგიუსონს ეხებოდა. მედიაში ედვარდის ცოლის ფოტოები გავრცელდა - ის სხვა კაცთან ურთიერთობაში ამხილეს. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. 

ხმაურიანი იყო პრინც ჰარისა და მისი ცოლის მიერ სამეფო ტიტულებზე უარის თქმაც. უფრო მეტიც, სასახლიდან წამოსვლის შემდეგ მეგან მარკლმა საერთაშორისო მედიასთან იმაზე ისაუბრა, რომ სამეფო ოჯახში რასისტული განწყობები იყო. მარკლის თქმით, სამეფო კარზე მისი ფეხმძიმობის დროს განხილვები არ წყდებოდა, "რამდენად მუქი ფერის კანი ექნებოდა მომავალ პრინცს".

უცნობი ფაქტები დედოფლის შესახებ

1. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო იორკის ჰერცოგის და ჰერცოგინიას პირველი შვილი, ის სასახლეში არ დაბადებულა.  დაიბადა ლონდონის თაუნჰაუსში, რომელიც ეკუთვნოდა მის შოტლანდიელ ბებიას, გრაფის და გრაფინიას სტრათმორის 1926 წლის 21 აპრილს.

2. ის განათლებას სასახლეში იღებდა. 

დედოფალი ელიზაბეტ II განათლებას იღებდა სახლში მის ერთადერთ დასთან, პრინცესა მარგარეტთან ერთად, რომელიც 1930 წელს დაიბადა. ორმა პრინცესამ განათლება მიიღო დედისა და მათი გუვერნანტის, მარიონ კროუფორდის მეთვალყურეობის ქვეშ. მათ ასწავლიდნენ ისტორიაზე, ენაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს.

3. დედოფალი ელიზაბეტ II იმყოფებოდა კენიაში მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად, როდესაც მისი მამა, მეფე ჯორჯ VI 1952 წელს გარდაიცვალა.  მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების ამბავი  ფილიპმა ცოლს  თავად შეატყობინა. 

4. მისი კორონაციის შემდეგ, 25 წლის ასაკში ის თანამეგობრობის შვიდი დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.  ეს ქვეყნები იყო გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, პაკისტანი და ცეილონი (დღეს ცნობილია როგორც შრი-ლანკა), ასევე თანამეგობრობის მეთაური.

5. ის იყო პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც ეწვია ირლანდიის რესპუბლიკას. 2011 წელს, დატვირთული ვიზიტით ის გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც ეწვია ქვეყანას 1922 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

6. დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ივნისში ოთხდღიანი ბრილიანტის იუბილეს წინ დაათვალიერა ბრიტანეთის ყველა რეგიონი. ხოლო სამეფო ოჯახის სხვა წევრები თანამეგობრობის ქვეყნებს სტუმრობდნენ.

7. იგი იყო თანამეგობრობის 54 ქვეყნის მეთაური

თანამეგობრობა 54 ერს  მოიცავს და დედოფალი ელიზაბეტ II სიკვდილამდე ამ ქვეყნების მეთაური იყო. მისი მამა, მეფე ჯორჯ VI, იყო პირველი მონარქი, რომელიც ოფიციალურად დასახელდა თანამეგობრობის მეთაურად.

8. ის ისტორიაში ყველაზე მოგზაური მონარქი იყო. გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, კანადა ის ქვეყანაა სადაც მან ყველაზე მეტი იმოგზაურა

დედოფალი, როგორც მუდმივა დროის სვლაში

ელიზაბეტ II დედოფალი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბრიტანეთში პრემიერმინისტრი ჩერჩილი იყო, ამერიკაში კი ტრუმანი პრეზიდენტი. როგორც ამბობენ, მან სამეფო ინდუსტრიულ დროში ჩაიბარა და მომავალ მეფეს ციფრულ ერაში გადააბარა.

ელიზაბედ მეორე და ჰარი ტრუმანი

ბოლო 70 წლის განმავლობაში, ამერიკას 14 პრეზიდენტი ჰყავდა. დედოფალი 12 მათგანს შეხვედა. გამონაკლისი ბაიდენი და ლინდონ ჯონსონი არიან.

რაც შეეხება ბრიტანეთის პრემიერმინისტრებს, ტახტზე ყოფნის პერიოდში მან 15 პრემიერმინისტრი აკურთხა. ბოლო მათგანი,  კი ლიზ ტრასი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე.

ელიზაბედ მეორე და უინსტონ ჩერჩილი

ელიზაბეტ II -ს ასევე შეხვედრიან საქართველოს პირველი პირები. ედუარდ შევარდნაძე და მისი ცოლი 2000 წლის 19 ივლისს. 

 
შევარდნაძე და ელისაბეთ II

🔙🎞 ედუარდ შევარდნაძისა და ნანული შევარდნაძის შეხვედრა ელისაბედ II-სთან, ლონდონი, 2000 წლის 19 ივლისი 🎥 Associated Press

Posted by Tabula - ტაბულა on Thursday, September 8, 2022

 

ასევე 18 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გელა ჩარკვიანი.

1996  წელს დედოფალი ბუკინგემის სასახლეში ასევე შეხვდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ნელსონ მადელასაც. ამის შემდეგ დედოფალი და მანდელა ერთამენთს კიდევ რამდენიმეჯერ შეხვდნენ.

ელიზაბედ მეორე და ნელსონ მანდელა

2015 წელს ელიზაბეტ  II-მ  ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც უმასპინძლა.

დედოფალი ტახტზე ყოფნის განმავლობაში, სხვა უამრავ ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად შეხვედრია ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა მერლინ მონრო, ფრენკ სინატრა, ბარბარა სტრეიზანდი,მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოპესი, მადონა და სხვა.

ელიზაბედ მეორე და მერლინ მონრო

უფრო მეტიც, პოლ მაკარტნი მაკარტნი 1963 წლის ნოემბერში დედოფალს, როგორც ბითლზის წევრი ისე შეხვდა. ორი წლის შემდეგ, ჯგუფის ოთხივე წევრი დასახელდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრად.

1997 წელს მაკარტნის დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა. ერთი წლის შემდეგ ელტონ ჯონსაც იგივე პატივი ერგო.

კომენტარები