საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
14 სექტემბერი, 2022 რადიაციული საფრთხე უკრაინიდან - რა ხდება ზაპოროჟიაში?
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

სად არის ზაპოროჟია?

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი ზაპოროჟია უკვე რამდენიმე თვეა, რუსებს აქვთ ოკუპირებული. ის თავისი ელქტროსადგურებით, მათ შორის ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტორსადგურით, თბოსადგურით, დნეპერის ჰიდროელექტროსადგურითა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრითაა ცნობილი. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ერთერთი განხილვადი და მთელი მსოფლიოსთვის საჭირბოროტო თემა ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურია. თვეების განმავლობაში მის ტერიოტრიაზე, ისევე როგორც მთელ უკრაინაში, აქტიური საომარი ვითარებაა. სროლების, ელექტრომომარაგების გათიშვისა და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნების შემდეგ, ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა სრულადაა შეჩერებული.

ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში და მსოფლიოს 10 უმსხვილესს შორისაც შედის. ის გამოიმუშავებს უკრაინის ბირთვული ენერგიის ნახევარს. სადგურის საერთო სიმძლავრე კი დაახლოებით 6000 მეგავატია, რაც საკმარისია დაახლოებით ოთხი მილიონი სახლის ენერგიით მომარაგებისთვის. 

რა ხდება ატომურ ელექტროსადგურზე?

ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ახლა საფრთხის ქვეშაა. შესაბამისად საფრთხის ქვეშაა ევროპისა და აზიის ქვეყნებიც. ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. იქ უკრაინელი ინჟინრები ოკუპანტების ზედამხედველობის ქვეშ მუშაობენ.

UNIAN

11 სექტემბერს  „ენერჰოატომმა“, უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ, რომელსაც სადგურის მართვა ევალება, განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები უსაფრთხოების მიზნით „სრულად გაჩერდა“. 

მათი განმარტებით, სადგურის ერთადერთი რეაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ ოპერირებდა, დილით გათიშეს ელექტროქსელიდან და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის „ცივ მდგომარეობაში“ გადასაყვანად. 

 

9 სექტემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურთან ახლოს სროლამ გამოიწვია ელექტროენერგიის თითქმის სრული გამორთვა, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას სადგურის უსაფრთხოების გარშემო.

 

 

რაფაელ გროსის შეფასებით, ადგილზე შექმნილი ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ შესაძლოა თანამშრომლებმა ვეღარ შეძლონ ზაპოროჟიას სადგურის უსაფრთხოდ მართვა. 

უკრაინა მოითხოვს სადგურის გარშემო ზონის დემილიტარიზებას. ამ იდეას მხარს უჭერენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დემილიტარიაზაციას და ხელს ოკუპირებული ქვეყნისკენ იშვერს.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ კი რუსეთს ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

IAEA-ის შეფასება - რა ხდება სადგურზე?

ზაპოროჟიას აეს-ზე გაეროს წარმომადგენლები იყვნენ შესული. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებს სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, მათ საბოლოოდ მაინც მოახერხეს სადგურის მონახულება და დასკვნის დადებაც.

როგორც IAEA-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სადგურის მთლიანობა რამდენჯერმეა დარღვეული, ხოლო მასზე განმეორებითი იერიშები დაუშვებელია. ასე საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობას, არამედ სრულიად ევროპასა და მიმდებარე ტერიტორიებს. 

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი პირადად ჩავიდა ზაპოროჟიას სადგურზე და თქვა, რომ დამატებითი უსაფრთხოებისთვის ადგილზე მუდმივად იმუშავებდნენ გაეროს წარმომადგენლები. თუმცა, რაფაელ გროსიმ არ დამალა, რომ საფრთხის გამო ის კვლავაც შეშფოთებული იყო.

გარდა იმისა, რომ დაბომბვის შედეგად სადგურის რეაქტორებს შორის ერთიანობაა დარღვეული, საფრთხეს ქმნის ელექტრომომარაგებაც. იმისათვის, რომ რეაქტორებმა იმუშაონ, საჭიროა მუდმივად მიეწოდებოდეთ ელექტროენერგია და მუშაობდეს გაგრილების სისტემა. ოკუპანტების სადგურზე შესვლის შემდეგ ელექტრომომარაგების პრობლემა ხშირად ექმნება როგორც ზაპოროჟიას აეს-ს, ისე ჩერნობილს. 

გაეროს სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, დაზიანებულია: 

  • ტურბინების დაზეთვისთვის განკუთვნილი ზეთის ავზი; 
  • კომპლექსი შენობის მახლობლად, სადაც მდებარეობს რეაქტორი; 
  • სასწავლო კორპუსი; 
  • შენობა, რომელშიც განლაგებულია სადგურის ფიზიკური დაცვის საავარიო სისტემა; 
  • ასევე კონტეინერი, რომელშიც რადიაციის მონიტორინგის სისტემაა განლაგებული. 

ამავე ანაგრიშში საგენტომ აღნიშნა, რომ საჭიროა ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით სროლა შეწყდეს, ვინაიდან ამან შეიძლება „ბირთვული ინციდენტი“ გამოიწვიოს.

სწორედ იმიტომ, რომ რუსებმა ამდენი თვის განმავლობაში არცერთხელ არ შეასრულეს შეთანხმება და სადგურზე შეტევა არ შეწყვიტეს, უკრაინულმა მხარემ სადგური გამორთო. როცა ყველა ბირთვული რეაქცია შეჩერებულია, რეაქტორებში ტემპერატურა და წნევა თანდათან მცირდება, რაც შესაბამისად ამცირებს რადიოაქტიური საწვავის წყლით გაგრილების საჭიროებას.

და მაინც - რა საფრთხის წინაშე ვართ?

ზაპოროჟია რუსების სამიზნე თავიდანვე იყო. ომის დაწყებიდან მალევე ავიაიერიშები მიიტანეს და სადგურის ოკუპაციაც მოახდინეს. ზაპოროჟიასკენ მიმავალ გზას მშვიდობიანი მოქალაქეები პირადი რესურსებითაც კი იცავდნენ ოკუპანტებისგან.

ევროპაში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედია, რომლის შესახებაც ცნობები სსრკ-ის მმართველმა ელიტამ გვიან გაავრცელა. ომის დაწყების შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაში მდებარე ორი სადგური კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა - სხვადასხვა ეტაპზე არსებობდა როგორც ჩერნობილიდან, ისე ზაპოროჟიადან გაჟონვის საფრთხე. 

რუსეთთან ამ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს უმაღლესი დონის მოლაპარაკებებიც კი, თუმცა კრემლის ლიდერები ბირთვული შანტაჟისთვის თავის დანებებას არ აპირებენ. ბოლო უმაღლესი დონის დიალოგი ბირთვულ საფრთხეზე საფრანგეთისა პრეზიდენტსა და პუტინს შორის შედგა. კრემლის ლიდერს მაკრონი სადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაციაზე ესაუბრა. 

"რადიო თავისუფლებას" ცნობით, სატელეფონი საუბრის დროს პუტინმა ყველაფრის უკრაინისთვის დაბრალება სცადა. თუმცა მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხეს სადგურის მიმდებარედ და რეაქტორებთან განლაგებული რუსული არმია და იარაღი წარმოადგენს.

რუსული ჯარების ზაპოროჟიაში ყოფნა რომ მთავარი საფრთხეა, ამას უკრაინული მხარე უკვე თვეებია, ამბობს. BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ამბობს, რომ "წარმოუდგენელია რაიმე უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი, როცა ატომური ელექტროსადგური რუსების მიერაა ოკუპირებული."

სადგურზე ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინელი სპეციალისტები, მათ გაერო-ს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. უკრაინელები ამბობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ახერხებენ დაზიანებული და ერთიანობადაკარგული სადგურის მართვას, თუმცა, ვითარება რთულია - "ჩვენ უმწეონი ვართ ადამიანების სიგიჟისა და უპასუხისმგებლობის წინაშე".

"ალჯაზირასთან" ინტერვიუში ბრიტანელი მეცნიერი, როს პილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. მართალია, ამჟამინდელი მდგომარეობით აფეთქებისა და ბირთვული მასალის გაჟონვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ "თუკი სხვადასხვა კატასტროფული ფაქტორი გაერთიანებდება, აფეთქება მოოსალოდნელია".

თუკი აფეთქება მოხდება, ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში საყოველთაო ევაკუაცია იქნება საჭირო, რათა ხალხი უხილავ რადიოაქტიურ ღრუბელს გაარიდონ. თუმცა ნივთიერებათა მავნე ზემოქმედება კიდევ წლების განმავლობაში არ განეიტრალდება. ამან კი სრულიად შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა მძიმე დაავადება, მათ შორის, სიმსივნით დაავადების გახშირება.

მეცნიერები შეშფოთებულნი არიან სისტემის დაზიანებითაც. თუკი გაგრილების სისტემა გაითიშება და აღარ იმუშავებს, ამან შესაძლოა სითბოს დაგროვება გამოიწვიოს ერთ სივრცეში. შემდეგი კი მასალების დნობა და ხანძარია - თუ მოვლენები ასე განვითარდება, რადიაცია გაჟონავს იმ ნაგებობებიდან, რაც წესით მას უნდა აკავებდეს.

კომენტარები