საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
15 სექტემბერი, 2022 როგორ და რა ტერიტორიები გაათავისუფლეს უკრაინელებმა? - დეტალები
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ


სექტემბრის დასაწყისში უკრაინის არმიამ რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი კონტრშეტევები წამოიწყო. შედეგად მათ შეძლეს ხარკოვის რეგიონის 8 500 კმტერიტორიის დეოკუპაცია და 150 000 ადამიანის გათავისუფლება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარიმ განაცხადა.

ფრონტის ხაზზე ვითარება სწრაფად იცვლება, თუმცა, უკრაინელები წარმატებულ კონტრიერიშებს კვლავ აგრძელებენ და საკუთარი მიწების შენარჩუნებაზეც ზრუნავენ. ამ სტატიაში გიყვებით როდის და რა ტერიტორიებზე დაიბრუნეს კონტროლი უკრაინელებმა 1-15 სექტემბრის პერიოდში.

 

AP NEWS
AP NEWS

რა ტერიტორიები გაათავისუფლეს უკრაინელებმა? 

კონტრშეტევები აგვისტოს ბოლოს უკრაინის სამხრეთიდან დაიწყო. 29 აგვისტოს უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. მოგვიანებით, CNN წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ გათავისუფლებულია ხერსონთან მდებარე 4 სოფელი -  ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.

31 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები თითქმის მთელი ფრონტის გასწვრივ მიმდინარეობს უკრაინის სამხრეთში და ასევე აღმოსავლეთით - ხარკოვის რეგიონსა და დონბასში.

4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფელი ოზერნოე ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, სოფელს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხსნის გზას ლიმანშის სარკინიგზო კვანძისკენ და ასევე ქმნის დასაყრდენს სევროდონეცკის ნაპირებზე. ეს კი უკრაინას საშუალებას აძლევს გააფართოვოს კონტრშეტევები.

8 სექტემბერს უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს. ბალაკლია ოკუპანტების კონტროლქვეშ 6 თვის განმავლობაში იყო.

 

Все на своїх місцях. Прапор України у вільному українському місті під вільним українським небом! Дякую! Пишаюся! Бережіть себе! До перемоги! Слава Україні! 🇺🇦

Posted by Володимир Зеленський on Thursday, September 8, 2022


9 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ იზიუმშიც, რაც მოგვიანებით დადასტურდა. ქალაქზე სარაკეტო თუ საარტილერიო დარტყმები უკრაინაში შეჭრისთანავე დაიწყო. მისი დაკავება ოკუპანტებმა აპრილში მოახერხეს. როგორც საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკოვმა განაცხადა, ოკუპაციის პერიოდში აქ 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ინფრასტრუქტურის 80% გაანადგურეს.

10 სექტემბერს გავრცელდა ცნობები კუპიანსკის გათავისუფლების შესახებ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, ეს ქალაქი დონბასის ფრონტისთვის მთავარი ლოჯისტიკური კვანძია. კუპიანსკში თავს იყრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო ხაზები. ამიტომაც, მისი დეოკუპაცია რუსული ძალებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა. ამავე დღეს გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინელი დამცველები დონეცკის აეროპორტში შევიდნენ. 

11 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ხარკოვის ოლქში  113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ვასილენკოვე და არტემივკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ კი გათავისუფლებული ბაირაკიდან, ნოვაია გუსაროვკადან, შჩუროვკადან და ოლხოვატკადან გამოაქვეყნა ფოტოები.

 

CNN


უკრაინული მხარის ცნობით, 12 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა დატოვეს ლუჰანსკის ოლქის ქ. სვატოვო. ამ დროისთვის ქალაქში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „მილიცია” რჩება. გათავისუფლებულია ხარკოვის რეგიონში, სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარე დასახლება კოზაჩია ლოპანიც. 

როგორც უკრაინული მხარე ამბობს, სრულად მათ კონტროლ ქვეშ ჯამში ხარკოვის ოლქის 388 დასახლება მოექცა და რეგიონი თითქმის მთლიანად გათავისუფლდა. რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საზღვრებამდეც მიაღწიეს.

14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებული ქალაქი იზუმი მოინახულა. მისი თქმით, იზუმის მსგავსად, უკრაინის არმია ყველა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქსა და სოფელს გაათავისუფლებს.

 

Можна тимчасово окупувати території нашої держави. Але точно неможливо окупувати українських людей. Можна промивати мозок, але не можна зробити цього із серцями українців. Дякую командувачу Сухопутних військ ЗСУ Олександру Сирському, усім нашим воїнам за те, що звільняєте українську землю від ворога. Бережете наших людей, наші серця, дітей і майбутнє. ____ You can temporarily occupy the territory of our state. But you definitely cannot occupy the Ukrainian people. You can brainwash people’s minds, but you cannot do this to the hearts of Ukrainians. I am thankful to Commander of the Ground Forces of the Ukrainian Armed Forces Oleksandr Syrsky, to all our warriors for liberating the Ukrainian land from the enemy. You save our people, our hearts, children and the future.

Posted by Володимир Зеленський on Wednesday, September 14, 2022


ხარკოვის გარდა, გათავისუფლებულ ტერიტორიებს შორისაა ხერსონის ოლქის დასახლებებიც: ვისოკოპოლია, ნოვოვოზნესენსკი, ბელოგორკა,  სუხოი სტავოკი. რუსი ოკუპანტები გავიდნენ სოფელ კასილიოვკიდანაც, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ოპერატიულად მნიშვნელოვანი ადგილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხერსონის მიმართულებით რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადამ დაკარგა პირადი შემადგენლობის თითქმის 85%. უკრაინელები პერიოდულად ანადგურებენ რუსი სამხედროების საბრძოლო მასალებს, ოკუპანტები კი ფრონტის ხაზიდან გარბიან.

როგორ მოხდა ეს?

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მიხედვით, ბოლო დღეებში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა 5 თვეში. ISW უკრაინის არმიის წარმატებებს კარგად დაგეგმვის, განხორციელებისა და დასავლური შეიარაღების შედეგად მიიჩნევს. მათ შორის ამერიკული სარაკეტო სისტემების - HIMARS-ების.

ამას ადასტურებდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეც. საშა ბეიკერის შეფასებით, კონტრშეტევამ აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს.


„ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები,” - განაცხადა ბეიკერმა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა.

CNN-ის ცნობით, კონტრშეტევის დაწყებამდე, ამერიკამ უკრაინასთან ერთად „სამხედრო თამაშებიც” ჩაატარა. ამ „თამაშებით” უკრაინელებს უნდა გაეანალიზებინათ, თუ რა სახის ძალაა საჭირო მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისას.

ISW-ის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ გარემოებაზე. კიევი დიდხანს საჯაროდ განიხილავდა და ხერსონის ოლქზე კონტრშეტევა შემდეგ გამოაცხადა. ამის გამო რუსულმა ძალებმა ყურადღება ხერსონისკენ გადაიტანეს. უკრაინელებმა კი სწრაფი კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის მიმართულებით დაიწყეს.


რას ამბობენ რუსეთში?

რუსეთში კონტრშეტევების თაობაზე გაკეთებულ თავდაპირველ განცხადებებს  „უკრაინული პროპაგანდის მორიგი ფეიკი უწოდეს.” შემდეგ კი ცდილობდნენ, რომ უკანდახევა სტრატეგიულ ქმედებად წარმოეჩინათ.

მაგალითისთვის, 10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბალაკლიადან და იზიუმიდან ჯარები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაიყვანა. თუმცა, ამას მან „გადაჯგუფება” უწოდა. მიზეზად უწყებამ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება მოიშველია.


რუსეთს უკრაინაში რუსული ჯარის უკან დახევის გამო, ე.წ რეფერენდუმების გადადებაც მოუწია. მოსკოვი „რეფერენდუმებს” ლუჰანსკში, დონეცკში, ხარკოვში, ხერსონსა და ზაპოროჟიაში გეგმავდა, რათა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთთან მიეერთებინა.

რუსული სამხედროების წარუმატებლობის მიუხედავად, კრემლში კვლავ  აცხადებენ, რომ „სპეციალური ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველი მიზნები არ მიიღწევა.” ამის შესახებ დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ რუსეთი მომავალი მოთხოვნა რუსეთის პირობებით კიევის რეჟიმის „ტოტალური კაპიტულაცია” იქნება.

რას ამბობს ზელენსკი?

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უკრაინამ კონტრშეტევები დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს აფრთხილებდა, რომ თუ გადარჩენა სურდათ, უნდა გაქცეულიყვნენ.

რამდენიმე დღის წინ კი ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა დათმობაზე წასვლას არ აპირებს და საკუთარი ტერიტორიებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.



უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი ყირიმისა და დონბასის ოკუპაციით დაიწყო, შესაბამისად მათი გათავისუფლებით დასრულდება.

„ტუჩების მოძრაობით გამოიცანით: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი - ჩვენთვის ისეთი საშიში და სასიკვდილო არ არის, როგორც თქვენი "მეგობრობა და ძმობა," - წერს ზელენსკი.

მისი შეფასებით, ეს ზამთარი გარდამტეხი წერტილი იქნება, რამაც შესაძლოა უკრაინის სწრაფი დეოკუპაცია განაპირობოს.

კომენტარები