საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
13 სექტემბერი, 2022 რა ხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

რა ხდება

13 სექტემბერს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთი თავდასხმაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. აზერბაიჯანი კი  სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოწყობილ დივერსიაზე საუბრობს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დილის 9 საათზე ამოქმედდა. თუმცა, მალევე რამდენიმეჯერ დაირღვა.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეტაკებების შედეგად მინიმუმ 49 ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, ეს საბოლოო რიცხვი არაა. დანაკარგებზე აზერბაიჯანიც საუბრობს, თუმცა ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებს. 

რას ამბობს სომხეთი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 13 სექტემბერს 00:05 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სომხურ პოზიციებს. კერძოდ, დაიბომბა სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშისა და იშხანასარის მიმართულებით არსებული პოზიციები. 

სროლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სომხური მხარის ცნობით არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათივე თქმით, იწვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული მხარე ინტენსიურ საარტილერიო და დიდი კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებს

სომხურმა მხარემ, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სომხეთში აკრედიტებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. 

თავდაცვის სამინისტროს თქმით, აზერბაიჯანის განცხადებები, რომ დაბომბვა სომხურმა მხარემ დაიწყო, აბსოლუტური სიცრუეა. 

“სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობამ მოამზადა საინფორმაციო საფუძველი ამ პროვოკაციისთვის, რასაც მოწმობს ყოველდღიური დეზინფორმაცია სავარაუდო სომხური დაბომბვის შესახებ” - წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს უკვე ესაუბრა და აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დეტალები გააცნო. ფაშინიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქციის მნიშვნელობას. 

გარდა ამისა, სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] მიმართა, რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი არიან. 

სომხეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის კოლეგას, სერგეი შოიგუს ესაუბრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ გადადგამენ აუცილებელ ნაბიჯებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

რას ამბობს აზერბაიჯანი?

აზერბაიჯანული მხარე დივერსიაზე საუბრობს და სომხეთის საპირისპირო შინაარსის განცხადებებს ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის - დაშკასანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციები განახორციელეს. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბასარკეჩარის, ისტისუს, გარაკილსა და გორუსის დასახლებების მიმართულებით განლაგებულმა სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, თავშესაფარსა და დასაყრდენს. მათივე თქმით, არის დანაკარგები სამხედრო მოსამსახურეებს შორის, დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურაც. აზერბაიჯანი მთელ პასუხისმგებლობას პროვოკაციებზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს. 

“ტარდება აუცილებელი ზომები სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე პუნქტების ჩასახშობად და დაპირისპირების მასშტაბების გაფართოების თავიდან ასაცილებლად” - წერია განცხადებაში. 

აზერბაიჯანული მხარე სომხეთს ბოლო პერიოდში არაერთი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. მათივე თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვართან მძიმე არტილერია და სამხედრო პერსონალი განალაგა.

აზერბაიჯანი უარყოფს, რომ იგი მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს სამიზნედ და მას მორიგ სომხურ დეზინფორმაციას უწოდებს. მათივე თქმით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია “აზერბაიჯანის სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა სისულელე”

“სომხეთის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმია ატარებს ადგილობრივ კონტრზომებს და ანეიტრალებს საცეცხლე პუნქტებს. სომხეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ავანტიურიზმისა და რევანშიზმის პოლიტიკა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების ინტენსიური დაბომბვა ქალბაჯარის, ლაჩინის, დაშკასანისა და გადაბაის მიმართულებით და დღეს მისი ფართომასშტაბიანი პროვოკაციები სიტუაციის გამწვავების მთავარი მიზეზია” - წერია განცხადებაში. 

სომხეთის მსგავსად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ სამხედრო ატაშეებს გააცნო არსებული ვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქეთის თავდაცვის მინისტრსაც ესაუბრა. თურქეთის მინისტრმა განაცხადა, რომ “თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას”. 

რა არის დაპირისპირების მიზეზი?

ყარაბაღის საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივი დაპირისპირების საგანია. ამჟამად არსებული დაპირისპირებებიც მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. 2020 წლის შემოდგომაზე მხარეებს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. თითქმის ექვსკვირიანი ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, შედეგად რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალები განლაგდა. რაც შეეხება ყარაბაღის სტატუსს, იგი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული. 

მას შემდეგ, მხარეები ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობასა და ძალის გამოყენებაში. მსგავსი განცხადებები სექტემბრის დასაწყისშიც ვრცელდებოდა, მხარეები ერთმანეთს ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, აზერბაიჯანიც და სომხეთიც ბრალდებას უარყოფდნენ. 

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქალაქ ლაჩინზე კონტროლი აღადგინეს. მანამდე, ლაჩინის დერეფანს რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ. სწორედ ის იყო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი. 

31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერმინისტრი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებშიც შეხვდნენ.

რას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება?

სომხეთის პრემიერმინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონ ბლინკენსაც ესაუბრა. 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაზრდილ ესკალაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ენტონი ბლინკენის შეფასებით, ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების, მათ შორის, სომხეთის შიგნით დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო. როგორც უკვე დიდი ხანია აღვნიშნავთ, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია. ჩვენ მოვუწოდებთ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ," - ვკითხულობთ განცხადებაში.

სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. როგორც სომხეთის პრემიერმინისტრის გვერდზე ვკითხულობთ, ფაშინიანმა მაკრონს აცნობა, რომ შუაღამით აზერბაიჯანმა დაიწყო პროვოკაციული და აგრესიული სამხედრო ოპერაციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით. მაკრონმა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მიუღებლად მიიჩნია.

რაც შეეხება რუსეთს - კრემლმა მხარეებს მოუწოდა, შეაჩერონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და დაიცვან 2020 წელს გაფორმებული შეთანხმება. მოსკოვის მტკიცებით, სადავო საკითხები დიპლომატიით უნდა გადაწყდეს. გარდა ამისა, ცნობილია გრიგორი კარასინის კომენტარი. მისი მტკიცებით, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

განცხადება გაავრცელა ОДКБ-მაც, რომელსაც სომხეთმა დამხარების თხოვნით მიმართა. ორგანიზაციის თქმით, მიმდინარე კონფლიქტში ძალის გამოყენება მიუღებელია, პრობლემა კი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. 

როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერმინისტრი საქართველოს პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის ინიციატორი ნიკოლ ფაშინიანი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა მედიაციის პროცესში ჩაერთოს. 

კომენტარები