საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
16 სექტემბერი, 2022 10 მნიშვნელოვანი რამ, რაც NDI-ის ახალი კვლევებით გავიგეთ
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოების აზრის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი  +/- 2%-ია.

Enigma Media გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც ახალი კვლევებით გავიგეთ.

 

[For English Scroll Down] 📊 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი National Democratic Institute საზოგადოების აზრის კვლევის...

Posted by NDI Georgia on Friday, September 16, 2022

 

1. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 23%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29%-ის აზრით - საერთოდ არ იცვლება.

ამ საკითხისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი პირები თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

ამას გარდა, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, 92%-ისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდეს. თუმცა, მხოლოდ 30%-ს მიაჩნია რომ, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა. მათთვის დემოკრატია პირველ რიგში კანონის წინაშე თანასწორობასა და სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს.

„საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით , ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და ქართული ოცნების მხარდამჭერები მიიჩნევენ,” - ნათქვამია კვლევაში.

2. ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 2015 წელს ეს მნიშვნელოვანი გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 21%-სთვის იყო.

3. სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს წარმოადგენს

გამოკითხულთა უმრავლესობას ასევე მიაჩნია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.

სხვა ჯგუფებთან შედარებით, სიღარიბე უფრო მწვავე საკითხია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება.

4. გამოკითხული მოსახლეობა უარყოფითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას

რესპონდენტთა 55% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 4%-ს კი მიაჩნია, რომ კარგია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. გარდა ამისა, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში,  ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა მოსახლეობისთვის წამლების საფასურიც.

ამას გარდა, თანდათან უფრო ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

5. მთავრობის საქმიანობის შეფასება უცვლელია - მოსახლეობის ნახევარი მის საქმიანობას ცუდად აფასებს, თუმცა, გაიზარდა პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35% პრემიერმინისტრის საქმიანობას აფასებს ცუდად, 33% საშუალოდ, 28%-ის აზრით პრემიერი კარგად მუშაობს, 4%-მა არ იცის.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებებისა და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.

რაც შეეხება პრეზიდენტის საქმიანობას, მოსახლეობის 40% მას ცუდად აფასებს. 43% საშუალოდ, 12% - კარგად, 5%-მა კი არ იცის.

უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. გამოკითხულთა 41%-ის აზრით, პარლამენტი ცუდად მუშაობს. 45%-ის აზრით, საშუალოდ, 9%-ის აზრით კარგად. 4%-მა არ იცის.

მოსახლეობის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები არ მოქმედებენ. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლის ტიპის დასახლებებში არიან განწყობილნი.

6. უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (56%) აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები კი იმდენად დაბალია, რომ, NDI-ის შეფასებით, არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ამას გარდა, უმრავლესობის აზრით, პოლიტიკოსები და რუსეთი ქართულ საზოგადოებას ხლეჩენ. ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ინსტიტუტების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: რელიგია, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ევროკავშირი და ნატო.

7. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით

კვლევის მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.

მცირედი ვარდნის მიუხედავად, კვლავ მაღალია ევროკავშირის მხარდაჭერა.მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? - NDI-ის ამ შეკითხვას 75% პასუხობს, რომ მისაღებია. 14%-ისთვის მიუღებელია. 10%-მა არ იცის.

მხარდაჭერის მთავარ მოტივად სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება სახელდება. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.

სტაბილურად მაღალია NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდენს NATO-ს წევრი? - 69% პასუხობს, რომ მისაღებია. 16%-ისთვის მიუღებელია. 14%-მა კი არ იცის.

უმრავლესობის აზრით, ამას ხელს ყველაზე მეტად რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიები უშლის.

8. NDI-ის კვლევით, მოსახლეობას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა

მოსახლეობის უმრავლესობა (56%) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. უმრავლესობისთვის (71%-ისთვის) საჭირო რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა, მხოლოდ 32% მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს.

9. გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს

დემოკრატიის ინსტიტუტის კვლევაში ჩანს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს და თვლის, რომ უკრაინაში ომი სწორედ მან დაიწყო. თუმცა,მათ აქვე სჯერათ იმის, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს.

10. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის

NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.

თეგები: #NDI, #კვლევა
კომენტარები