საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
21 სექტემბერი, 2022 რატომ ვერ შევლენ რუსები ბალტიისპირეთსა და პოლონეთში - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

რა ხდება?

19 სექტემბრიდან, რუსეთის მოსაზღვრე ოთხ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზით შესვლა ეკრძალებათ. მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაა. 

შეზღუდვები მხოლოდ პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დააწესა. რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის 5 ქვეყნიდან რეგულაციებს მხოლოდ ფინეთი არ შეუერთდა. თუმცა, მან საგრძნობლად შეამცირა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა.

შენგენის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვა დროებითია, თუმცა უცნობია, როდემდე გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვაა რუსეთის მოქალაქეებისთვის. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აკრძალეს ფრენები რუსეთიდან და მხოლოდ სარკინიგზო და საავტომობილო სატრანსპორტო კავშირები შეინარჩუნეს. 

შეზღუდვები ძირითადად ტურისტული მიზნით მოგზაურ რუსებზე ვრცელდება. დიპლომატები, რუსი დისიდენტები, რომლებიც თავშესაფარს ევროკავშირში ეძებენ - გამონაკლისს წარმოადგენენ. ასევე საზღვრის კვეთის უფლება აქვთ რუსებს, რომლებსაც, ამკრძალავ ქვეყნებში ოჯახის წევრები ჰყავთ, ცხოვრების უფლება გააჩნიათ ან ამ ქვეყნებში ტრანზიტული მიზნით იმყოფებიან. 

“ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. ვინაიდან უკრაინის მოსახლეობას აწამებენ, კლავენ და ტერორს უწყობენ, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებს არ უნდა შეეძლოთ თავისუფალი სამყაროს პრივილეგიებით სარგებლობა” - განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა. 

ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველა ინსტრუმენტს იყენებს ევროპის საზოგადოების დასანგრევად. მათ კი, როგორც ევროკავშირის საზღვრისპირა ქვეყნებს, აქვთ ვალდებულება, იზრუნონ ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. 

REUTERS/Janis Laizans

რას ამბობენ ევროკავშირში

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა აღნიშნული რეგულაციების დაწესების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გააკეთეს ოფიციალური განცხადება. მათი თქმით, შეზღუდვები ჯერჯერობით რეგიონულ დონეზე ვრცელდება, თუმცა აგრძელებენ მუშაობას, რომ იგი ევროკავშირის მასშტაბით დაწესდეს. 

მანამდე რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები ევროკავშირისგან ითხოვდნენ, ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად აკრძალულიყო. ამ მოსაზრებებმა ბლოკი ორად გაყო - საფრანგეთი და გერმანია ამტკიცებდა, რომ შეზღუდვების დაწესება რიგითი რუსებისთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა. შედეგად, ევროკავშირმა ვიზების გაცემა არ აკრძალა, თუმცა შეაჩერა გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება. ახლა რუსებს უფრო მეტი დრო და უფრო მეტი თანხა სჭირდებათ ვიზის მოსაპოვებლად. 

რას ამბობენ რუსეთში

ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ელჩმა ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ უპასუხებს ევროკავშირის რეგულაციებს. მისი თქმით, რუსეთი დარჩება “ღია მათთვის, ვისაც სურს ნახოს, როგორ ცხოვრობენ რუსები რეალურად და რა ხდება რუსეთში”. 

ტურისტული ვიზების შეჩერება კრემლმაც დაგმო და მას “კიდევ ერთი სასაცილო გადაწყვეტილება” უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მტკიცებენ, რომ ცალკეული რუსებისთვის “უსაფრთხოს” სტატუსის მინიჭება და მათი დაყოფა “სასარგებლოდ და არასასარგებლოდ”, ასევე ევროკავშირში ვიზიტის „პრივილეგიებზე” საუბარი, რუსეთის მიმართ “ქსენოფობიისა და სიძულვილის აშკარა გამოვლინებაა“.

ამრიგად, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის საზღვრის კვეთა ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მხრიდან ეკრძალებათ. გარდა ამისა, როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა,  ევროკავშირის სულ მცირე ცხრა წევრმა ქვეყანამ შეწყვიტა ტურისტული ვიზის განაცხადების მიღება რუსეთის მოქალაქეებისგან. ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ბელგია, დანია და ნიდერლანდებიც შეუერთდნენ. 

კომენტარები