საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 სექტემბერი, 2022 ირანელი ქალების ბრძოლა რელიგიური ტირანიის წინააღმდეგ - ახსნილი

ირანში ქალები ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებს აწყობენ - საზოგადოება ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც 22 წლის მაჰსა ამინი "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააპატიმრა და, სავარაუდოდ, სცემა.

22 წლის ქალი განყოფილებაში ყოფნის დროს ცუდად გახდა, მოგვიანებით კი კლინიკაში გარდაიცვალა. 

რა დაემართა მაჰსა ამინის?

წინა კვირაში მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად თეირანს სტუმრობდა. ოჯახი "მორალის პოლიციამ" გააჩერა - მათ ქალებისათვის მკაცრად განსაზღვრული სამოსის ტარების კონტროლი ევალებათ. IranWire ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა ქალი პოლიციამ ძალით ჩატენა ავტომობილში.

მაჰსას ძმამ სცადა, და პოლიციელებისგან დაეცვა, თუმცა უთხრეს, რომ ქალი პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ "საგანმანათლებლო" დანიშნულებით. კიარაში ამბობს, რომ და ბოლოს სწორედ დაკავებისას ნახა.

ოჯახს განუცხადეს, რომ ქალი პოლიციის განყოფილებაში ცუდად გახდა და გულის შეტევით საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. თუმცა ოჯახი ამ ვერსიას გამორიცხავს. ისინი ამბობენ, რომ ამინის ჯანმრთელობის და, მით უფრო, გულის პრობლემები არ ჰქონდა.

ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათივე თქმით, აღბეჭდილია, თუ როგორ შევიდა საგანმანათლებლო ცენტრში 22 წლის ქალი. საინტერესოა, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. მასში ნაჩვენებია კამერის ჩანაწერები - ქალი ჯდება, შემდეგ ფეხზე წამოდგება და ესაუბრება "ექსპერტს", ვინც ტანსაცმელზე ეხება. ამის შემდეგ ქალი გონებას კარგავს და ეცემა.  შემდეგი კადრი კი აჩვენებს, თუ როგორ გადაჰყავს ხუთ კაცს საკაცეზე მოთავსებული ქალი - ის, სავარაუდოდ, უგონოდაა.

CNN-ის ცნობით, ვიდეოში შესწორებაა შეტანილი მე-19 წამზე, სწორედ ამ შესწორების შემდეგ დგება ფეხზე ქალი და ესაუბრება "ექსპერტს". ვიდეო აშკარადა ამ დროზეა გაჭრილი და ჩანს, რომ ჭრამდე გარეთ დღის სინათლე იყო, ჭრის შემდეგ კი ღამეა.

რამდენიმე მედიკოსმა ტვიტერზე ქალის კიდევ ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა ჰქონდა. ეს კი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შეიძლებოდა განვითარებულიყო.

ამ დრომდე უცნობი რჩება, რა დაემართა ამინის დაპატიმრებასა და საგანმანათლებლო ცენტრში გამოჩენას შორის. უფრო მეტიც, მედიას იმის მტკიცებულებაც არ აქვს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად ამინია.

რა ხდება ახლა ირანში?

ორშაბათიდან მოყოლებული ირანში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. პროტესტი თავიდან მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქში მოეწყო მისი დაკრძალვის შემდეგ, თუმცა ახლა ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. აქციებს მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 9 ადამიანი - მათ შორის 10 და 16 წლის მოზარდები. განსხვავებული ცნობები აქვს Reuters-ს - მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 10 ადამიანია. გარდა ამისა, უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ჰენგაუს" ცნობით, 75 ადამიანი დაჭრილია.

პროტესტის მონაწილეებს ცეცხლი ირანის უსაფრთხოების ძალებმა გაუხსნეს. გარდაცვლილებს შორის, შესაძლოა, სამთავრობო უწყებების წარმომადგენელიც იყოს. ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეები უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ოფიციალური პირები მკვლელობას "შეიარაღებულ დისიდენტებს" მიაწერენ.

მასობრივი გამოსვლები 20-მდე ქალაქში გრძელდება. პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება, იყენებს ცრემლმდენ გაზს. აქციის მონაწილეები ბლოკავენ ქუჩებს, ცეცხლს უკიდებენ ნაგვის ურნებსა და პოლიციის ავტომობილებს. კაცები მხარდაჭერას უცხადებენ ქალებს და ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიან. 

ქალებმა ერთგვარი აქციაც კი წამოიწყეს - ისინი სახალხოდ იხსნიან ჰიჯაბს, იჭრიან თმას და აცხადებენ, რომ რელიგიის სახელით ქალთა ჩაგვრა უნდა დასრულდეს.

ირანელი ცნობადი სახეები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "მორალური პოლიცია" უნდა გაუქმდეს და მაჰსას სიკვდილი გარდამტეხი უნდა აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ქალებისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა ირანში მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი დააგროვა.

„არა თავსაბურავს, არა ჰიჯაბს, ვითხოვთ თავისუფლებასა და თანასწორობას", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა "ანონიმუსმაც" - ჰაკერებმა ქალის გარდაცვალების შემდეგ ირანის სახელმწიფო მედიისა და უწყებების ვებგვერდები გატეხეს. 

ამის პარალელურად კი ქვეყანაში დაბლოკილია და შეფერხებით მუშაობს სოციალური ქსელები: Tik-Tok, Youtube, Instagra, Whatsapp, Twitter და Facebook. აქციის მონაწილეები და მედია კონტენტს VPN-ის გამოყენებით ავრცელებენ.

ახალგაზრდა ქალის სიკვდილს ირანის პრეზიდენტი გამოეხმაურა. იბრაჰიმ რაისმა დაავალა შესაბამის უწყებებს, რომ ქალის გარდაცვალება "სასწრაფოდ და განსაკუთრებული ყურადღებით" გამოიძიონ. ცნობილი გახდა, რომ მაჰსა ამინის ცხედარს აუტოფსიაც ჩაუტარდა. მისი შედეგები საჯარო იქნება. 

საზოგადოებას მიმართა აიათოლა ალი ხამენეიმაც, თუმცა, მას ქალის გარდაცვალების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. კარგახნიანი ავადმყოფობის შემდეგ ეს ირანის სულიერი ლიდერის პირველი გამოჩენა იყო.

ირანული სამართალდამცვი ორგანოების მტკიცებით, ქალის გარდაცვალება “უბედური შემთხვევა” იყო. ოფიციალური პირები უარყოფენ ცნობას, რომ მაჰსა ამინი განყოფილებაში სცემეს.

საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქციის მონაწილეებს

22 წლის ქალის გარდაცვალებას ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თეთრი სახლი შეშფოთებულია მომხდარით. სალივანის თქმით, ახალგაზრდა ქალი "სავარაუდოდ სცემეს ირანის მორალის პოლიციის განყოფილებაში. მისი სიკვდილი უპატიებელია. ადამიანის უფლებების ასეთ დარღვევებზე აშშ პასუხიმსგებლობას დააკისრებს ირანელ მაღალჩინოსნებს".

 

ქალის სიკვდილზე შეშფოთება გამოთქვეს გაერო-ს ტრიბუნიდანაც. ევროკავშირი, აშშ, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები მოუწოდებენ ირანს, დაიცვას ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. თავის მხრივ ოფიციალური თეირანი მსგავს განცხადებებს "უცხოელების მხრიდან ირანის პოლიტიკაში ინტერვენციად" აფასებს.

ირანულმა დიასპორამ მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო აქციები თურქეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში გამართა. 

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ირანელი ქალების მხარდამჭერი კამპანიები. სხვადასხვა პლატფორმაზე ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ ირანში აქციის მონაწილეებს. #MahsaAmini კამპანიის ფარგლებში მილიონობით პოსტია დაწერილი.

ჰიჯაბის ტარების წესი ირანში

ბოლო თვეებში, The Wall Street Journal-ის მიხედვით, ირანში გახშირდა შემთხვევები, როცა ქალები პროტესტის ნიშნავს ჰიჯაბის იხსნიან და ქუჩაში ასე გამოდიან. 

1979 წლის რევოლუციის შემდეგ ისლამურმა რეჟიმმა ირანში მკაცრი წესები შემოიღო. მათ შორისაა თავსაბურავის ტარება, ისლამური წესების თანახმად შემოსვა და მაკიაჟზე კონტროლი - ირანელ ქალებს "ზედმეტი მაკიაჟის" ტარებაც ეკრძალებათ.

მიუხედავად იმისა, რომ "მორალის პოლიცია" აქტიურად პატრულირებს ქუჩებში, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო გარდაცვალება იშვიათია. მაჰსა ამინის მსგავსი ქეისი იყო 2007 წელს ქალის გარდაცვალებაც. ის პოლიციამ ქალაქ ჰამედანში დააკავა თავსაბურავის არასწორად კეთების გამო. ოფიციალური ვერსიით ქალმა თავი მოიკლა, თუმცა, მის ოჯახში ამბობდნენ, რომ ქალი პოლიციამ მოკლა. 

2017 წელს ირანში ქალებმა მოძრაობა "რევოლუციის ქუჩის გოგონები" წამოიწყეს. ისინი ქუჩაში გამოდიან და პროტესტის ნიშნად სახალხოდ იხსნიან ჰიჯაბის. მათგან ბევრი დააკავეს და პატიმრობაც მიუსაჯეს.

კომენტარები