საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
23 სექტემბერი, 2022 პუტინი "ქუდზე კაცს" იძახებს, რუსები ქვეყნიდან გარბიან - რა ხდება ოკუპანტ სახელმწიფოში?
სტატია გამოქვეყნებულია 2 თვის წინ

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის 300 000-მდე მოქალაქეს გაიწვევენ.

მმართველის ამ განცხადებამ რუსეთში მღელვარება გამოიწვია. მოქალაქეები, ვინც პუტინის პოლიტიკასა და წარმოებულ ომს მხარს უჭერდნენ, უკრაინაში ფრონტის ხაზე წასასვლელად მზად არ აღმოჩნდნენ.

რა განაცხადა პუტინმა?

 

21 სექტემბერს პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. სავარაუდოდ, საუბარია 300 000-მდე რეზერვისტის გაწვევაზე. რუსეთის მმართველის ამ მიმართვას დიდხანს ელოდნენ. მიმართვის დრო რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ კი ლიდერმა რუსეთის მოქალაქეებს უსიამოვნო სიახლე აცნობა.

გარდა იმისა, რომ რუსებს ომში წასვლისკენ მოუწოდა, კრემლის ლიდერი დასავლეთსაც დაემუქრა - კიდევ ერთხელ გააჟღერა ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი და შეეცადა, ისე დაეხატა მდგომარეობა, თითქოს რუსეთი ომში მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ სრულიად დასავლური ცივილიზაციაა უშუალო მოწინააღმდეგე.

„სამხედრო სამსახურში გაწვევა შეეხება იმ პირებს, ვინც ირიცხებიან რეზერვში და აქვთ გარკვეული ცოდნა სამხედრო საქმეში", - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ განმარტება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც. მისი თქმით, ომში არ წაიყვანენ ხალხს, "ვისაც არაფერი გაუგია ან უნახავს ბრძოლასთან დაკავშირებული". ასეთი კი, მისი ცნობით, 300 000-მდე მოქალაქეა.

მმართველის განცხადებაზე რუსების რეაქცია 

 

ეს Deutsche Welle-ს გრაფიკაა. გამოცემის ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვების მსურველთა რაოდენობამ დრამატულად მოიმატა და ამან ბილეთების ფასზეც იმოქმედა. გაზრდილია ფასი თურქეთისა და დუბაის მიმართულებით, ზოგიერთ შემთხვევაში გასამმაგებულიც კი. 

პუტინის პროპაგანდისტები ცდილობენ ხალხს დაანახონ, რომ გაწვევას ბევრი ადამიანი თანხმდება და მზადაა, უკრაინაში იბრძოლოს. სამთავრობო გამოცემები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, თუ რა თანხას გადაუხდიან გაწვეულებს - Ria-ს ცნობით, თანხა 205 000 რუბლი იქნება. 

თუმცა ეს ყველაფერი ვერ ცვლის ფაქტს, რომ რუსები რეალურად ქვეყნიდან გარბიან და პუტინის ომს მხოლოდ იქამდე უჭერდნენ მხარს, სანამ მათ მოუწევდათ ბრძოლა. 

 

აღნიშნული ვიდეო Эхо Кавказа-მ გაავრცელა. კადრებიდან ჩანს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ლარსში ავტომობილების რიგები დგას. რუსეთის მოქალაქეები აქაც ცდილობენ ჩამოსვლას და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაქცევას.

საინტერესოა, რომ ომში მონაწილეობას არ აპირებენ პუტინის ახლო გარემოცვის წევრები - მაგალითად, დმიტრი პესკოვის შვილი, ნიკოლაი პესკოვი. მას ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა პირდაპირი ეთერის დროს დაურეკეს გადაცემაში "პოპულარული პოლიტიკა". წამყვანი პესკოვს ისე ესაუბრებოდა, როგორც სამხედრო მოხელე და უხსნიდა, რომ მის სახელზე ჯარში გაწვევა იყო გაგზავნილი. 

„ბატონო პესკოვ, ჩვენ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნეთ მოწვევა. თუმცა, მასზე არ გიპასუხიათ. თქვენ გაქვთ საკონტაქტო ინფორმაციაც მოცემული. უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ნომერზე და განმარტოთ, რატომ არ გვიპასუხეთ დღეს. მობრძანდებით ხვალ, 10 საათზე?"

ნიკოლაი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ის არსად არ მივიდოდა. "უნდა გესმოდეთ, მე პესკოვი ვარ. არ არის სწორი, რომ მე იქ მოვიდე".

 

ათასობით რუსი ქუჩებშიც გამოვიდა. 40-მდე ქალაქში გუშინ მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ომის დაწყებიდან მეშვიდე თვეში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ანტისაომარი ლოზუნგებით გამოვიდნენ და აცხადებენ, რომ მათ უკრაინაში ომი არ სურთ. 

„ათასობით რუსი კაცი - ჩვენი მამები, ძმები და ქმრები - საზარბაზნე ხორცად იქნება გაგზავნილი ომში. რისთვის მოკვდებიან ისინი? რისთვის იტირებენ დედები და შვილები?" - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

რუსეთში მომუშავე დამოუკიდებელი ორგანიზაცია OVD ავრცელებს ცნობებს, რომ მილიციელებმა 21-22 სექტემბერს აქციებზე 1336 ადამიანი დააკავეს.

"რადიო თავისუფლებას" ცნობით კი, მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსულებმა გვიან ღამით სამხედრო კომისარიატებსა და ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მსგავსი 10-მდე ხანძარია აღრიცხული.

რუსეთის პროკურატურის ცნობით, გაწვევის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეებს, შესაძლოა, 15 წლამდე პატიმრობა დაემუქროთ. 

დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” კი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლში საზღვრების ჩაკეტვასაც კი განიხილავენ, რათა მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება ვერ მოახერხონ.

როგორია მსოფლიოს რეაქცია?

ფოტო: RFE / RL

„ბევრი რუსი, ვინც ახლა ტოვებს ქვეყანას, ეთანხმებოდა უკრაინაში ადამიანების მკვლელობებს. ისინი ამას არ აპროტესტებდნენ. მათ შემოშვებას ევროკავშირში თავისი რისკები ახლავს", - ასე გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი მობილიზაციის შემდეგ საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების რიგებს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები არ აპირებენ, მობილიზაციას გამოქცეულები მიიღონ. მაგალითად, ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოქალაქეებიც აგებენ პასუხს მათი სახელმწიფოს ქმედებებზე და ამიტომ ესტონეთი არ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს მობილიზაციისგან გამოქცეულებს.

პუტინის გამოცხადებულ "ნაწილობრივ მობილიზაციას" უკრაინელი მაღალჩინოსნებიც გამოეხმაურნენ. მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ "სამდღიანი ომის 210-ე დღეს უკრაინის დანგრევის მსურველმა რუსებმა მიიღეს მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები, დაბლოკილი საბანკო ანგარიშები, გაქცევისთვის ციხე. ყველაფერი კვლავ გეგმის მიხედვით მიდის, არა? ცხოვრებას იუმორის საოცარი გრძნობა აქვს".

 

რუსეთის საზღვრებზე შექმნილ საცობებს რეპორტაჟი მიუძღვნა CNN-მაც. საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიცაზიის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ხალხმა გაქცევის გეგმაზე დაიწყო მუშაობა. უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნები, ევროპა, სომხეთი, თურქეთი, გაერთიანებული საამიროები - რუსეთის მოქალაქეები ყველა მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ ან სახმელეთო საზღვრებზე საცობებში დგანან. 

უფრო ადრე კი CNN წერდა, რომ კვირის ბოლომდე ყველა ფრენასა თუ სახმელეთო ტრანსპორტზე ბილეთები გაყიდულია - რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ გადავიდნენ ქვეყნებში, სადაც მათ ვიზის ქონა არ მოეთხოვებათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საცობია ლარსის გამშვებ პუნქტთანაც - რუსეთიდან ავტომობილებისა და ავტობუსების კოლონები მოემართება. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ საჭიროა, სულ ცოტა, რუსეთთან სავიზო რეჟიმზე მუშაობა, რათა მოქალაქეები ამჟამინდელივით არ შემოდიოდნენ ქვეყანაში. სალომე სამადაშვილის განცხადებით, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზეც დაიწყება მუშაობა.

თუმცა, მმართველი პარტია არსებული წესების გადახედვას არც კი განიხილავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება „არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება“.

მთავარი ფოტო: AP Images
კომენტარები