საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
26 სექტემბერი, 2022 პროტესტი პუტინის „ნაწილობრივ მობილიზაციას” - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 თვის წინ

ვლადიმირ პუტინის მიერ "ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთში მღელვარება არ წყდება. 

პუტინის განცხადების მიხედვით, გაწვევა მხოლოდ იმ მოქალაქეებს უნდა შეხებოდა, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია. სავარაუდოდ, საუბარია 300 000-მდე ადამიანზე.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე უკრაინაში წარმოებულ ომს მხარს უჭერდნენ, ფრონტის ხაზზე წასვლისთვის მზად არ არიან. ამიტომ, მათი მცირე ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, უფრო დიდმა ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა ან ახლაც ცდილობს ამას.

მოსკოვის გარდა პუტინის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდნენ სხვა ქალაქებშიც.

რა ხდება რუსეთში?

ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ “ნაწილობრივ მობილიზაციას” საზოგადოების მხრიდან მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ზოგიერთი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ვინც გაქცევას ვერ ახერხებს, პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

დღეს ირკუსტკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმკსის სამხედრო კომისარიატის შენობაში კაცმა სამხედრო კომისარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. სროლის ფაქტს ოლქის გუბერნატორიც ადასტურებს.

იგორ კობზევას თქმით, დაჭრილი კომისარი მძიმე მდგომარეობაშია და ახლა რეანიმაციაში იმყოფება. თავდამსხმელი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგი “ნაწილობრივი მობილიზაციის” წინააღმდეგია. 

„დღეს, დაახლოებით 11:40 საათზე სამხედრო აღრიცხვის განყოფილებაში მივედით, საბუთები გადავეცით. პირველ საათზე სამხედრო კომისარი სააქტო დარბაზში სიტყვით გამოვიდა და საუბრობდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რომ ის  ასრულებდა სახელმწიფოს ნებას და ა.შ. მერე მსროლელი წამოხტა, მიუახლოვდა კომისარს, თქვა რომ „ახლა ყველა სახლში წავალთ“ და ესროლა,” - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 


გამოცემა Meduza-ს ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო კომისარიატებსა და ადმინისტრაციულ შენობებს წვავენ. 

Meduza-ს მიხედვით, 21 სექტემბრის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დასახლებაში 20-მდე თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა. მოქალაქეები შენობების დაწვას მოლოტოვის კოქტეილებითა და სხვადასახვა საშუალებებით ცდილობენ.

რა ხდება დაღესტანში?

რუსეთის პრეზიდენტის „ნაწილობრივ მობილიზაციას" აპროტესტებენ დაღესტნელებიც. როგორც 25 სექტემბერს გამოცემა „მედუზა" იუწყებოდა, სოფელ ენდირეიში ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავარი გზატკეცილი გადაკეტა. ამას პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 

ენდირეიში დაშავებულების ანდა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. Кавказ.Реалии-ის ცნობით, პოლიციამ ჰაერში გაისროლა და აქციის მონაწილეების დაშლას ასე შეეცადა. თუმცა, პოლიციამ დააკავა მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე ქალაქ მაჰაჩყალაში. აქ დემონსტრანტებმა გზა პოლიციის მანქანებს გადაუკეტეს.


​ცნობისთვის, დაღესტნური მედიის ინფორმაციით, მხოლოდ სოფელ ენდირეიდან მობილიზაციისთვის 110 ადამიანი გამოიძახეს. როგორც დაღესტანში ამბობენ, სამობილიზაციო პუნქტებში იძახებენ რიგითებს, რომელთა ასაკი 35 წელს აჭარბებს; მათ, ვინც არმიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მათაც, ვისაც საომარი გამოცდილება არ აქვთ.

სად გარბიან რუსეთის მოქალაქეები? 

მას შემდეგ რაც ოკუპანტმა სახელმწიფომ მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეები მასობრივად მიაწყდნენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს. პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბოლო კვირებში.

ამის ფონზე ათასობით რუსი ცდილობს ქვეყნიდან გაქცევას, რათა თავი დააღწიოს სამხედრო მოსამსახურეების ნაწილობრივ მობილიზაციას.  

ზოგიერთი ევროპელი თანამდებობის პირი ამბობს, რომ ეს საფრთხეს უქმნის მათი საზღვრების უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი აპირებენ საზღვრების დახურვით პასუხისმგებლობა პუტინზე გადაიტანონ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა კი ხუთშაბათს განაცხადა, რომ გაქცეულთაგან ბევრი „უკრაინელების მკვლელობის წინააღმდეგი არ ყოფილა. მაშინ პროტესტი არ გამოუთქვამთ."

სასაზღვრო ქაოსი 

რუსეთის აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის სახმელეთო საზღვრებზე, მანქანების რიგი რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მოქალაქეები - ძირითადად, სამხედრო სავალდებულო ასაკის მამაკაცები - ოკუპანტი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ.

„რადიო თავისუფლების" მიერ გადაღებულ კადრებში ნაჩვენებია ზემო ლარსის გადაკვეთაზე მანქანების და სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოში.

რუსეთის მოქალაქე ივანემ, რომელმაც არ ისურვა მისი სრული სახელის დასახელება, თქვა, რომ  საზღვრის გადმოკვეთისთვის 12 საათი დასჭირდა. 

„ვფიქრობ, რუსი მესაზღვრეები ხალხს ძალიან ნელა უშვებდნენ. მაგალითად, გუშინ შუაღამემდე ბევრად უფრო სწრაფად შეგეძლოთ საზღვრის გადაკვეთა. შუაღამის შემდეგ, ან უამრავი მანქანა მოვიდა, ან მესაზღვრეებმა უფრო ნელა დაიწყეს მუშაობა“, - უთხრა მან Reuters-ს.

ირაკლი კუპრაძე (პარტია „ლელოს“ წევრი) წერს, რომ მობილიზაციას გამოქცეული მისი გროზნოელი მეგობრები საქართველოში არ შემოუშვეს.

გაზრდილი მოძრაობა და გრძელი რიგები ყაზახეთთან და მონღოლეთთანაცაა. როგორც რუსეთის კიდევ ერთმა მეზობელმა ფინეთმა განაცხადა, რუსეთიდან მიმოსვლა ბოლო 48 საათის განმავლობაში გაორმაგდა.

გაქცეულთა შორის იყო 34 წლის ნიკიტა, რომელმაც არ ისურვა სრული სახელის დასახელება:

„მეშინია, რადგან ეს არის ძალიან დიდი შეცდომა რუსეთისთვის, ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, უკრაინის მოქალაქეებისთვის,” - უთხრა მან Reuters-ს. 

ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსებს ვიზა არ სჭირდებათ, მათ შორის თურქეთში, სერბეთსა და დუბაიში, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა.

რუსეთის მოქალაქე ალექსი, რომელმაც ასევე არ ისურვა გვარის დასახელება, ხუთშაბათს სტამბოლში გაფრინდა, რათა სამხედრო გაწვევას თავი დააღწიოს.

„ნაწილობრივი მობილიზაცია არის ჩემი აქ ყოფნის ერთერთი მიზეზი. [ეს] ძალიან ცუდი ნაბიჯია და როგორც ჩანს, მას შეუძლია მრავალი პრობლემა გამოიწვიოს რუსეთის უამრავი მოქალაქისთვის. მე არ მჯეროდა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მობილიზაცია და ვგრძნობ, რომ არც ისე ბევრ რუსს უნდა ბრძოლა და ჯარში წასვლა“, - უთხრა მან Reuters-ს.

მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელ რუსეთში იმართება. ომის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლისკენ ხალხს რუსული ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი ალექსეი ნავალნიც მოუწოდებს.

როგორც უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, ოთხშაბათიდან მოყოლებული დაახლოებით 1400 დემონსტრანტი დააკავეს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილს პატიმრობაში ყოფნისას სამობილიზაციო ფურცლები გადასცეს.

კომენტარები