საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
27 სექტემბერი, 2022 29 წელი სოხუმის დაცემიდან - 341 კმ ენგურის ხიდამდე და აფხაზეთამდე
სტატია გამოქვეყნებულია 2 თვის წინ

428 კმ სოხუმამდე - უკვე 29 წელია, ეს მანძილი აბსტრაქტული გახდა და მაგისტრალებზე წარწერად იქცა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი დაეცა. 

30 წელი სრულდება გაგრის დაცემიდანაც - ქალაქი 1992 წლის 2 ოქტომბერს აიღეს. 

რეგინფო

ომი და ქალაქების დაცემა - ისტორია

საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის წინააღმდეგ ომი აფხაზეთში 14 თვემდე გაგრძელდა. რუსული სამხედრო ნაწილები, მათთან დაკავშირებული ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მებრძოლები და აფხაზ სეპარატისტთა ნაწილი ქართული ჯარისა და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით იბრძოდა. 

ჩოფლიანი მ., 12 წლის -1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე ქვეყანაში დაწყებული არეულობით ისარგებლეს პრორუსულმა ძალებმა და აფხაზეთში დამოუკიდებლობის გამოცხადება სცადეს. მაგალითად, 1992 წლის მარტიდან აფხაზეთში ადგილობრივი სამხედრო გაწვევა დაიწყო, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიკავა, ხოლო 1992 წლის 23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ ე.წ. აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუცია გამოაცხადა აღდგენილად. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააუქმა.

Mike Goldwater

სამხედრო დაპირისპირება აგვისტოში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი ცდილობდა, ომი ეთნიკურ კონფლიქტად დაეხატა, რუსული სამხედრო ნაწილებისა და მებრძოლების ჩადენილი დანაშაულებები დაფარული არ დარჩა. 

აბრამიშვილი გ.,  - 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს - ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პრორუსულმა ძალებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დაიდო 1992 წლის სექტემბრის დასაწყისში, თუმცა შეთანხმება რუსულმა მხარემ დაარღვია და გაგრას თავს დაესხა. ქალაქი 2 ოქტომბერს დაეცა. 

უცნობი ქალი ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გაერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.

კიდევ ერთი შეთანხმება დაიდო 1993 წლის ივლისშიც, თუმცა მხოლოდ სექტემბრამდე გასტანა. რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა და რუსულმა ძალებმა ხელახალი შეტევა დაიწყეს, რის შემდეგაც 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ქართულმა მხარემ ორივე ქალაქზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, რუსული ძალების მიერ. 

შაჰ აივაზოვი, ეროვნული არქივი

ომის დანაშაულები და გენოციდი

1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე რუსული ომის შედეგად 300 000-მდე საქართველოს მოქალაქემ საცხოვრებელი დატოვა და დევნილად იქცა. დაიკარგა და ომში დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

Mike Goldwater

ბელქანია ჯ., 50 წლის - 1993 წლის ოქტომბერში აფხაზეთის იძულებით დატოვებისას ჭუბერის უღელტეხილზე დაიღუპა  

აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული ძალებისა და მათი მხარდაჭერილი სეპარატისტების ჩადენილ დანაშაულებებზე გამოცემა "ტაბულამ", "თავისუფლების ინსტიტუტმა", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ", აფხაზთა კრებამ და "ევროპულმა საქართველომ" კამპანია წამოიწყეს - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი". მედიაში კამპანიის ჩაშვების შემდეგ აფხაზეთში ქართველთა გენოციდზე სტატია International Center for Transitional Justice-მა და Genocide Watch-მა გამოაქვეყნეს. სტატია თავდაპირველად საერთაშორისო გამოცემა Al Jazeera-ზე გავრცელდა.

კვეკვესკირი ჭ., ეროვნებით აფხაზი - 1994 წლის სექტემბერში დახვრიტეს ქართველებისადმი გაწეული დახმარების გამო. მასთან ერთად დახვრიტეს სამი ხანდაზმული ქართველი (ორი კაცი და ქალი), მათი ვინაობა დაუდგენელია.

აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს პრორუსულმა ძალებმა და კრემლის სამხედროებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - ისინი აწამებდნენ და კლავდნენ იმ ეთნიკურ აფხაზებსაც, ვინც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ხედავდა. 

აფხაზეთში რუსეთის მიერ განხორციელებულ დანაშაულებსა და სისასტიკეზე დევნილები დღემდე ყვებიან. ისტორიებს შორის მოისმენთ იმასაც, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით წამოსვლისასაც კი სიცივეში იღუპებოდნენ.

შაჰ ავაზოვი, ეროვნული არქივი

მარიამიძე ა., 19 წლის - 1992 წლის 12 ოქტომბერს მამის თვალწინ გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს

გაუპატიურებული მოზარდები, შვილების თვალწინ წამებით მოკლული მშობლები, მასობრივი საფლავები, განადგურებული ქონება - ეს არის მეთოდიკა, რაზეც დგას რუსული დაპყრობითი პოლიტიკა.

ქაჯაია ლ., - წამებით მოკლეს, თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, რუსებმა მხოლოდ აფხაზეთში ომის მიმდინარეობისა და მის შემდეგ წლებში 5054 ადამიანი მოკლეს, დღემდე დაკარგულად ითვლება 268 ადამიანი. ეს ის ცნობებია, რომლებიც ქართულ მხარეს დადასტურებულად აქვს. 

ომის უსახელო და სახელდებული გმირები

სოხუმის დაცემაზე, ალბათ, ბევრს გვახსენდება ქალაქის უკანასკნელი კანონიერი მერის - გურამ გაბესკირიას - ცნობილი კადრები. 

ქალაქის აღების შემდეგ რუსებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა გაბისკირია თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს და დაჩოქება მოსთხოვეს, რაზეც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ!”

 

მერთან ერთად სოხუმის დაცემის შემდეგ დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და უშიშროების ოფიცერი მამია ალასანია. 

როგორც იხსენებენ, ჟიული შარტავა 27 სექტემბერს პირადად აკვირდებოდა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას. მან მინისტრთა საბჭოსა და სხვა თანამდებობის პირებს მხოლოდ ხალხის ნაკადის შეწყვეტის შემდეგ მიმართა და მოუწოდა, რომ ისინიც გასულიყვნენ. 

როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აკაკი გასვიანი რადიო “აფხაზეთთან” იხსენებდა, „ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე". 

ჟიული შარტავა

ჟიული შარტავა ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

სამხედრო მოქმედებებიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რეჟიმი დიდხანს მალავდა ქართველების საფლავების ადგილმდებარეობას. 2017 წელს წითელი ჯვრის ჩართულობით ცნობილი გახდა, რომ ქართველი პატრიოტები სოხუმთან ახლოს, სოფელ თავისუფლების ტერიტორიაზე განისვენებდნენ. 

2017 წელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭათ გურამ გაბესკირიასა და მამია ალასანიას. გარდა ამისა, გადსმოვენებულები ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

მამია ალასანია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას, მამა იყო. ის უშიშროების ოფიცერი და ჟიული შარტავას უახლოესი გარმოცვის წევრი გახლდათ.

2017 წელს მამის გადმოსვენების შემდეგ ალასანია ამბობდა:

"მოუშუშებელი იარის შეგრძნება არ განელებულა... ეს არის დასრულება რაღაც ეტაპის, როცა დაიბრუნებ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა, გაქვს საფლავი, გადიხარ უკვე და ხედავ მას, ელაპარაკები სხვანაირად...დღეს უკვე დავიბრუნე მამაჩემი"

მთავარი ფოტო: Mike Goldwater
კომენტარები