საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
29 სექტემბერი, 2022 რუსეთის მოგონილი რეფერენდუმი უკრაინის ტერიტორიებზე - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 თვის წინ

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და  27 სექტემბერს საღამოს დასრულდა. რუსეთს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოქალაქეებმა ზურგი აქციეს უკრაინას და რუსეთთან შეერთება სურთ. 

თუმცა, ცხადია, რომ მთელი ეს რეფერენდუმები ტერიტორიების ფორმალური ანექსიის მცდელობაა და კავშირი არ აქვს დემოკრატიულ პროცესებთან. 

სწორედ ამიტომ, დასავლეთი არ აღიარებს ყალბ რეფერენდუმებს და სანქციებს ამკაცრებს. ზელენსკი კი მას მსოფლიოს თვალწინ ჩადენილ ფარსს უწოდებს.  

როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს კრემლში უკრაინის ტერიტორიების ანქესიის გამოცხადების ცერემონია ჩატარდება. დიმიტრი პესკოვის ცნობით, ხელშეკრულებები გაფორმდება უკრაინის ოთხივე ოკუპირებულ ტერიტორიასთან. 

რა შედეგებით დასრულდა ყალბი რეფერენდუმები

რუსული პროპაგანდისტული მედია “ტასის” მტკიცებით, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობამ მაღალი აქტივობით, მხარი დაუჭირა რუსეთთან შეერთებას. 

კრემლის ხელდასმულმა ლიდერებმა გაწევრიანების ოფიციალური თხოვნით 28 სექტემბერს მიმართეს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. 

“ტასის” ცნობით, “რეფერენდუმის” პირველი ოთხი დღის განმავლობაში, ბიულეტენებს გადასატანი საარჩევნო კომისიები იღებდნენ. მიზეზი “უსაფრთხოების უზრუნველყოფა” იყო. ბოლო დღეს კი ხმის მიცემა სპეციალურად მომზადებულ საარჩევნო უბანზე ხდებოდა. რაც შეეხებათ “ლტოლვილებს” - ისინი ხმას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აძლევდნენ. ამ ინფორმაციების მიუხედავად, უცნობია კონკრეტულად რა სიებით იხელმძღვანელეს ოკუპანტებმა.

ყალბი რეფერენდუმის შედეგები ასე გამოიყურება:

  • ხერსონის ოლქში 571 001 ადამიანი მონაწილეობდა. რუსეთთან შეერთებას კი მხარი მონაწილეთა 87,05%-მა დაუჭირა.
  • ზაპოროჟიეს ოლქში ხმა მისცა 541 093 ადამიანმა. ინიციატივას მხარი, ამომრჩეველთა 93,11%-მა დაუჭირა.
  • ლუჰანსკში ხმა მისცა 1 662 607-მა მცხოვრებმა. შეერთებას კი მხარი 98,42%-მა დაუჭირა.
  • დონეცკში კენჭისყრაში მონაწილეობდა 2 131 207 ადამიანი. შეერთებას ამომრჩეველთა 99,23-მა დაუჭირა მხარი.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხს რუსეთის ფედერაციის საბჭო 3-4 ოქტომბერს განიხილავს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რეფერენდუმის დასრულებას ტელეგრამზე გამოეხმაურა - “რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ცხადია. მოგესალმებით სახლში, რუსეთში" – წერს მედვედევი.

როგორ ტარდებოდა რეფერენდუმები?

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ჯერ კიდევ რეფერენდუმის დაწყებამდე იტყობინებოდა, რომ რუსი ოკუპანტები ლუჰანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებდნენ.

მათი თქმით, ხერსონში გამკაცრდა ადმინისტრაციულ-პოლიციური რეჟიმი, დაიწყეს სახლების შემოწმება, ადგილობრივ მოსახლეობაზე კი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.  რაც შეეხება ლუჰანსკს, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდას თქმით, ადგილობრივმა მარიონეტულმა ხელისუფლებმა მოსახლეობას 23-იდან 27 სექტემბრამდე ქალაქის დატოვება აუკრძალა. 

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის ანატოლი კურტევის ინფორმაციით კი, მოსახლეობას პასპორტის მონაცემებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰპირდებოდნენ.

სერგეი გაიდა საკუთარ ტელეგრამზე იტყობინებოდა, რომ ოკუპანტები კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სახლებში უვარდებიან რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. მისივე თქმით, ადამიანები ხმას სამზარეულოებსა და ეზოებში აძლევენ, რაც კონფიდენციალურობას სრულიად არღვევდა. გაიდას თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები შეიარაღებულ პირებთან ერთად გადაადგილდებიან. 

“იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კარს არ გააღებს, შეიარაღებული პირები კარების შემტვრევით ემუქრებიან. თუ პიროვნება რეფერენდუმის ბიულეტენზე შემოხაზავს "არა"-ს, მის სახელს შესაბამის სიაში აღრიცხავენ” - ამბობდა გაიდა.

როგორია უკრაინის მთავრობის პოზიცია?

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა ე.წ. “რეფერენდუმებზე”. სამინისტროს თქმით, რუსეთმა ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ მისი ყველა სიგნალი მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ არის მხოლოდ ოპერაცია შეიარაღებული აგრესიის დასაფარად და უმწეო მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს, აჩვენონ, რომ რუსეთის ფედერაციის ანექსიის მცდელობებზე, შანტაჟსა და ულტიმატუმებზე ერთადერთი პასუხი იქნება - უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა. 

"ამ სპექტაკლს არავითარი კავშირი არ აქვს ნების გამოვლენასთან და არავითარი შედეგი არ მოჰყვება უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სისტემასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა გმობენ რუსეთის მსგავს ქმედებებს და მათ უსარგებლოდ თვლიან", - ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმებს. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების შესაბამისად, დაისჯება უკრაინის ყველა ის მოქალაქე, ვინც რუს ოკუპანტებთან ერთად ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდა. 

რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით ომის დროს რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია. შესაბამისად „რეფერენდუმის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 5-იდან 10 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ, ასევე ქონების კონფისკაცია.

ჯერ კიდევ 25 სექტემბერს, უკრაინამ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე წერდა, რომ “რუსეთი პასუხისმგებელია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომ მცდელობებზე".

 

27 სექტემბერს კი ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართა, რომელიც რეფერენდუმების საკითხს განიხილავდა. მისი თქმით, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, სახელმწიფოს ტერიტორიების მოპარვაა. ხოლო ამის აღსაკვეთად საჭიროა, რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გაირიცხოს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი კი ჩამოერთვას. 

ზელენსკის თქმით, თუ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე მოხდება, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. 

რას ამბობს ოკუპანტი?

ვასილ ნაბენზია, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მაინც აცხადებს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ე.წ. რეფერენდუმებში ხალხის იძულებით მონაწილეობას შეეხება, პროპაგანდისტულია. მისი მტკიცებით, „ჯარისკაცები, რომლებსაც ტელევიზორში ხედავდნენ, რეფერენდუმების მონაწილეებს უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციებისგან იცავდნენ“.

ნაბეზიას თქმით, 27 სექტემბერს უკრაინის ოთხმა რეგიონმა ზურგი აქცია კიევს. იგი ამტკიცებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო შორს წავა, თუ უკრაინა არ გააცნობიერებს საკუთარ შეცდომებს. რუსეთის წარმომადგენელი გაეროში სწორედ დასავლეთს ადანაშაულებს, “ორი მოძმე ხალხის” - რუსეთისა და უკრაინის  ერთმანეთთან დაპირისპირებაში. 

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ცესკო მიიჩნევს, რომ დასავლეთი მსგავსი დამოკიდებულები უგულებელყოფს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები 30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილ ღონისძიებაზე მიიწვიეს. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება. სახელმწიფო სათათბიროს წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ  პარასკევს პრეზიდენტი პარლამენტის ორივე პალატას მიმართავს, შეხვედრის სასაუბრო თემა კი რეფერენდუმის შედეგები იქნება.

კრემლის პრესპიკერის ცნობით, 30 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების ცერემონია ჩატარდება. 

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ყალბი რეფერენდუმების შემდეგ “ყირიმის ფედერალურ ოლქს” შექმნის. მის შემადგენლობაში კი ანექსირებულ ყირიმთან ერთად, ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი შევა. ახალი ოლქის მარიონეტულ ლიდერად კი შესაძლოა ყოფილი ვიცე-პრემიერი და ნატოში რუსეთის წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი დანიშნოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს

Al Jazeera

საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება

კანადა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს. როგორც კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, კანადა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას არასდროს აღიარებს. 

ჯერ კიდევ რეფერენდუმის მიმდინარეობისას ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ რუსებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ყალბ  რეფერენდუმებთან. მათი თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის "საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის მკაფიო დარღვევა".

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. მისი თქმით, ამერიკა მზადაა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთს. 

უკანონო რეფერენდუმი ევროკავშირმაც დაგმო - ჯოზეფ ბორელის თქმით, “ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა”.

დასავლურ საზოგადოებასთან ერთად, "რეფერენდუმების" შედეგებს არ აღიარებს რუსეთის მოკავშირე ყაზახეთიც.

მოვლენებს საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს რეფერენდუმებს და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. პრეზიდენტის შემდეგ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა და დაგმო უკრაინაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმი.

 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ფსევდორეფერენდუმებით ცდილობს ტერიტორიების ანექსიას. გავიხსენოთ 2014 წელს ყირიმის ანექსია. სცენარი ახლაც მსგავსია.

ყალბი რეფერენდუმების შედეგები ცნობილია. რუსეთს იმედი აქვს, რომ ეს შედეგები მის მიერ წარმოებულ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” გაამართლებს. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის არ სჯერა, სანქციები კი მკაცრდება. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობრივი მუხტი იზრდება, საზოგადოება უკმაყოფილოა  “ნაწილობრივი მობილიზაციით”. ამასთან, უფრო მეტი ამბავი გვესმის ფრონტიდან რუსეთის წარუმატებლობაზე. 

უფრო ვრცლად, როგორ იყენებს რუსეთი რეფერენდუმებს ტერიტორიების ანექსიისთვის წაიკითხეთ სტატიაში:

მთავარი ფოტო: AP NEWS
კომენტარები