საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
11 ოქტომბერი, 2022 რატომ არის საშიში ფენტანილი? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რა მოხდა?

რამდენიმე დღის წინ “მანდალამ” სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას MDMA-ს მოხმარებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. მათი თქმით, 5-წლიანი პრაქტიკის მანძილზე მსგავსი სავალალო ვითარება არ ჰქონიათ -  აბსოლუტურად ყველა გატესტილი MDMA ფენტანილს შეიცავდა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. 

“თუ წინა პერიოდში MDMA-ს სახელით შეძენილი ნივთიერება ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე მეფედრონი, რომელსაც თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია, ფენტანილთან შედარებით ის სიცოცხლისთვის საშიში ასჯერ ნაკლებად არის” - წერს მანდალა. 

 
რა არის MDMA?
MDMA, იგივე მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი, კლუბურ სუბკულტურაში ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკია, რომელსაც “ექსტაზის” სახელითაც მოიხსენიებენ, თუმცა ექსტაზის ზოგიერთ ნაირსახეობაში MDMA მხოლოდ მცირე დოზითაა, ზოგში კი ის საერთოდ არ არის. ხშირად მას “აბების” სახით მოიხმარენ, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს აღმოაჩენენ ხოლმე. ეს ნაერთები კი, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

 

მანდელას განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა ზედოზირებით, რაც შესაძლოა ფენტანილს უკავშირდებოდეს. ორგანიზაციის თქმით, ფენტანილს 30 საათზე მეტხნიანი ზემოქმედება აქვს, MDMA-ს მოქმედება კი 3-4 საათს გრძელდება. ხოლო თუ ფენტანილის შემცველ MDMA-ს ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოიხმარს, ამან შესაძლოა ზედოზირება გამოიწვიოს, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება. 

“ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხმარების შემთხვევაში, როცა დილით სტიმულატორისგან ფხიზელი ბრუნდები სახლში, ღამით მიღებული თუნდაც მცირე კონცენტრაციის ფენტანილი ბოლოს ერთდროულად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ამას ემატება გადაღლილი და გამოფიტული ორგანიზმი, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ მოდუნებას და ძილიანობას იწვევს. სწორედ ამ დროს ხდება ზედოზირებით გამოწვეული ნელი სიკვდილი” - წერს მანდალა. 

 
რა არის მანდალა?
მანდალა არაკომერციული, სათემო ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებული ადამიანები კი ცდილობენ, შეამცირონ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანი. შესაბამისად საზოგადოებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინფორმაციით ამარაგებენ და იმ რეკომენდაციებსაც გასცემენ, როგორ უნდა შემცირდეს ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანი. 
 

რა ვიცით ფენტანილზე?

ფენტანილი ოპიოიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება ტკივილს ამცირებს,  სიამოვნების შეგრძნებას კი ზრდის. პრეპარატის მიღების შემდეგ ტვინი დოფამინს გამოყოფს, რაც ეიფორიასა და მოდუნებას იწვევს. ფენტანილი მორფინის მსგავსია, მაგრამ მასზე 50-დან 100-ჯერ უფრო ძლიერია. 

ფენტანილი და სხვა სინთეზური ოპიოიდები ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია, რომლებიც ზედოზირებას იწვევს. 

ზოგადად ფენტანილს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ ის პაციენტები, რომლებიც გაუსაძლის ტკივილს განიცდიან კიბოს ან რაიმე სხვა დაავადების გამო. ზოგჯერ მას ის პაციენტებიც მოიხმარენ, რომლებსაც ქრონიკული ტკივილები აწუხებთ, სხვა ტკივილგამაყუჩებლები კი სათანადო შედეგს არ იძლევიან. 

სამედიცინო გამოყენებისას ფენტანილი ინექციის სახით ან კანზე დასაკრავი პლასტირით მიიღება. თუმცა, მას არალეგალურადაც ამზადებენ არალიცენზირებულ ლაბორატორიებში, რომელსაც შემდეგ ყიდიან და მოიხმარენ. ფენტანილის სწორედ ამგვარი მიღება იწვევს ზედოზირებასა და სიკვდილს. 

არალეგალურად დამზადებული ფენტანილი სხვადასხვა სახით იყიდება ბაზარზე. 

ზოგიერთი ნარკოდილერი  ფენტანილს სხვა ნარკოტიკებთანაც ურევს, როგორებიცაა, ჰეროინი, კოკაინი, მეტამფეტამინი და MDMA. მიზეზი მარტივია, ნივთიერებების შერევით მათი მოგებაც იზრდება. თუმცა, ამ დროს რისკი ყველაზე მაღალია - ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს იღებენ, არ აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი ფენტანილს შეიცავს. ამიტომ შესაძლოა, ისინი იღებდნენ უფრო ძლიერ ოპიოიდებს, ვიდრე მათი ორგანიზმია მიჩვეული, რაც ზედოზირებას იწვევს. 

რატომ არის ფენტანილი საშიში? 

ოპოიდების დიდი დოზით მიღება სუნთქვის შენელებას ან შეჩერებას იწვევს. ამ დროს ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება, რასაც ჰიპოქსია ეწოდება. ჰიპოქსიამ შესაძლოა კომა, ტვინის ქრონიკული დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 

ფენტანილის ზედოზირების გვერდითი მოვლენები ჰეროინის მოქმედებას ჰგავს, იგი ეიფორიას, ძილიანობას, გულისრევას, დაბნეულობას, ყაბზობას, მოდუნებას, სუნთქვის უკმარისობას, გონების დაკარგვას, კომასა და სიკვდილს იწვევს.

აღსანიშნია ისიც, რომ FDA-მ ფენტანილის პლასტირის ნარჩენი იმ ჩამონათვალს შორის მოაქცია, რომლის კანალიზაციის წყლით ჩარეცხვაა რეკომენდებული და არა ნაგვის ყუთში მოთავსება

ფენტანილით გამოწვეული ზედოზირების დროს, რეკომენდებულია ნალოქსანი იგივე “ნარკანი”. ზოგჯერ ის დიდი დოზითაც კია საჭირო, რათა პრეპარატის გვერდითი მოვლენები მალევე დაიბლოკოს. 

ნალოქსანი საინექციო (ნემსის) ხსნარისა და ცხვირის სპრეის სახითაა ხელმისაწვდომი. ხოლო, ადამიანები, რომლებიც ამ მედიკამენტს იღებენ, ბოლო დოზიდან ორი საათის განმავლობაში კვლავ მეთვალყურეობას საჭიროებენ. 

nextdistro.org

იწვევს თუ არა ფენტანილი დამოკიდებულებას?

ფენტანილის მოხმარება მასზე დამოკიდებულებას იწვევს.  როდესაც ადამიანები წყვეტენ პრეპარატის გამოყენებას, შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვლინდება, ესენია: კუნთების და ძვლების ტკივილი, ძილის პრობლემები, დიარეა და ღებინება, ფეხის უკონტროლო მოძრაობები და სხვა. 

სწორედ ეს არასასიამოვნო სიმპტომებია მიზეზი იმისა, რომ ბევრ ადამიანს უჭრის ფენტანილის მიღების შეწყვეტა. თუმცა, FDA-მ დაამტკიცა პრეპარატი, რომელიც მსგავსი სიმპტომების შესამცირებლადაა შექმნილი. 

ამრიგად, ფენტანილის მიღება საკმაოდ სარისკოა ჯანმრთელობისთვის და ხშირად სიკვდილითაც სრულდება. თუმცა, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფატალური შედეგები თავიდან აიცილონ და მანამ, სანამ რაიმე ნარკოტიკულ ნივთიერებას მიიღებენ შეამოწმონ, შეიცავს თუ არა იგი ფენტანილს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება და ხშირ შემთხვევაში პატიმრობასაც ითვალისწინებს.

კომენტარები