საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
13 ოქტომბერი, 2022 რას მიაღწია პუტინმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმით?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

პუტინის საჰაერო თავდასხმებმა აჩვენა, რომ რუსეთს შეუძლია ზიანი მიაყენოს უკრაინას, თუმცა, ამით მარტივად ვერ შეძლებს ომის კურსის შეცვლას. 

10 ოქტომბერს რუსეთმა მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმები აწარმოა. მათი სამიზნე დიდი ქალაქები იყო, მათ შორის კიევი. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ამ გაჭიანურებულ, თითქმის რვათვიან ომში, რუსეთი მზადაა გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა სულ მცირე 19 ადამიანი იმსხვერპლა და უკრაინის მასშტაბით კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. შეწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, გაითიშა მობილური ქსელები. თავდასხმები სრულიად უკრაინას მოიცავდა, ივნისის შემდეგ რაკეტები პირველად ჩამოვარდა კიევში. სამიზნე იყო ასევე, დასავლეთ უკრაინაში მდებარე ლვოვი, რემენჩუკი - ცენტრალურ უკრაინაში და სხვა ქალაქები აღმოსავლეთსა და სამხრეთში. თავდასხმების სერია მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში ომის ხელმძღვანელად ახალი პირი დანიშნა. გენერალი სერგეი სუროვიკინი სამხედრო მოღვაწეა, რომელიც სირიაში ალეპოს დაბომბვას ხელმძღვანელობდა. 

სერგეი სუროვიკინი და ვლადიმერ პუტინი/ ALEXEI DRUZHININ / SPUTNIK / KRE

ვლადიმერ პუტინმა ამ დარტყმებს შურისძიება უწოდა ქერჩის ხიდის დაბომბვის გამო. ხიდი რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს, რომელიც 2014 წლიდან უკანონოდ ანექსირებულია. პუტინმა ხიდის აფეთქებას “ტერორისტული აქტი” უწოდა. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ექსპერტმა აღნიშნა, ამ თვის დასაწყისში, მოსკოვი უკვე მობილიზებული იყო პოტენციური დარტყმისთვის. დიდი ალბათობით, ქერჩზე თავდასხმა მას საბაბს აძლევდა უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად. 

“ეს ემთხვევა მოსკოვის მიდგომას ომის მიმართ მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში. თუმცა, არა მკაფიოდ. იდეა თანმიმდევრულია - თუ არ მოგვცემ იმას, რაც ჩვენ გვინდა, ჩვენ განვაგრძობთ ტკივილის მოყენებას თქვენთვის და ეს არის შეხსენება”, - თქვა ოლგა ოლიკერმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა Crisis Group-ში.

ბოლო დაბომბვები უკრაინაში, რუსული სამხედრო ოპერაციების სირთულეების ფონზე მიმდინარეობს - ეს არის რუსეთის უკანასკნელი მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და პოლიტიკური გზავნილები გაუგზავნოს მას. რაც, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს პუტინის აუდიტორიისთვის  ქვეყნის შიგნით. დარტყმებმა შეიძლება ვერ შეცვალოს დინამიკა ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთს შეუძლია და განაგრძობს ზეწოლას უკრაინაზე. 

რატომ განახორციელა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა?

ერთთვიანი უკრაინული კონტრშეტევის შედეგად, უკრაინამ აღადგინა კონტროლი გარკვეულ ტერიტორიაზე. ამის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია წამოიწყო, რასაც რუსეთში წინააღმდეგობა და ქაოსი მოჰყვა. პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია “დადგა”, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, კრემლიც კი ვერ ხვდება, კონკრეტულად სად უნდა დააწესოს უკანონო საზღვრები. ქერჩის ხიდის დაბომბვამ, რომელიც სიმბოლურია მოსკოვისთვის, გააძლიერა პუტინზე ზეწოლა მოქმედებისთვის. 

რუსეთის თავდასხმები 11 ოქტომბერს გაგრძელდა, თუმცა, ნაკლები სიხშირით. რუსული ჯარები ბელარუსში ბრუნდებიან. ამ ნაბიჯების მიზეზი ბოლომდე ცხადი არ არის, თუმცა, ეს აძლიერებს განცდას - ნებისმიერ მომენტში შესაძლოა რუსეთს ესკალაციის სურვილი ჰქონდეს. 

მაგრამ საკითხავია, შეუძლია, თუ არა ეს რუსეთს და რა ფორმით. 

ნიკ რეინოლდსმა, სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის სახმელეთო ომის მკვლევარმა და ანალიტიკოსმა, შეტევების ბოლო სერია აღწერა, როგორც “აქტივობის პულსი პოლიტიკური გზავნილის გასაგზავნად”. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის ის, რასაც ისინი შეძლებენ. 

რუსეთი რეალური შეზღუდვების წინაშე დგას: უკვე არსებობდა კითხვები იმის შესახებ, ეწურებოდა თუ არა ქვეყანას ისეთი გამოცდილი იარაღის მარაგი, როგორიცაა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი საბრძოლო შეიარაღება. ომი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მოსკოვი მოელოდა, ხოლო სანქციები ზღუდავენ მარაგების შევსების შესაძლებლობას, ამიტომ რუსეთი ბოლო პერიოდში იარაღს სხვადასხვა ადგილას დაეძებს. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ასევე წარმატებით მოიგერიეს რუსული რაკეტები.

კიევი, უკრაინა 10 ოქტომბერს/ Gleb Garanich/Reuters

გარკვეულწილად, ეს კიდევ უფრო უჩვეულოს ხდის 10 ოქტომბრის თავდასხმას, რომ რუსეთი დახარჯავს იარაღს ისეთი თავდასხმისთვის, რომელიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ მატერიალურ გავლენას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე. “გუშინდელმა თავდასხმებმა არ შეამცირა უკრაინელების სამხედრო შესაძლებლობები წინააღმდეგობის გაწევისთვის” - თქვა მარიანა ბუჯერინმა, ჰარვარდის კენედის სკოლის ბელფერ ცენტრში ატომის მართვის პროექტის უფროსმა მკვლევარმა. მისივე თქმით, „ამან ყველა უფრო მეტად გააბრაზა და მოტივირებული გახადა [ისინი], რომ საკითხის მოგვარების სხვა გზა ნამდვილად არ არსებობს, გარდა რუსების ჩვენი [უკრაინის] მიწიდან განდევნისა“.

ექსპერტების თქმით, სამხედრო დარტყმები ანადგურებს, ატერორებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და როგორც ჩანს, მიზნად ისახავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურებს - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანახმად, დაზიანდა 12 ენერგეტიკული ობიექტი. ელექტროენერგიის წყაროები რეალურად მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში მისი აღდგენაც შეძლეს. ასეთი თავდასხმები ზამთრის წინ შეიძლება იყოს სასტიკი მცდელობა, გაზარდონ ზარალი და შეასუსტონ უკრაინელების საბრძოლო განწყობა. 

უკრაინამ დასავლეთისგან მეტი დახმარება მოითხოვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით. გერმანიამ კი ორშაბათს განაცხადა, რომ დააჩქარებს Iris-T ინფრაწითელი საჰაერო თავდაცვის სისტემების დაგეგმილ მიწოდებას. “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა საგანგებო სხდომაზე უკრაინას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვეს, ხოლო NATO-ის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას. 

ეს ყველაფერი ჯამში რუსეთის სასიკვდილო და დამანგრეველ დარტყმებს კონტპროდუქტიულად აქცევს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინის ომი ისე არ მიდის, როგორც პუტინს ჰქონდა დაგეგმილი. “ეს ნამდვილად მიანიშნებს კრემლის სასოწარკვეთილებაზე”, - თქვა ბენ ჰოჯესმა, Human Rights First-ის უფროსმა მრჩეველმა. “მათი სამხედრო ქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა, მათი ლოგისტიკა ამოწურულია, მათი მობილიზაციის ძალისხმევა კატასტროფა იყო და ახალი მეთაურიც კი - რომელიც, სისასტიკითაა ცნობილი - ვერ შეძლებს, უმოკლეს ვადაში მოაგვაროს ღრმად ფესვგადგმული პრობლემები რუსულ ჯარში”.

სლავნისკი, 10 ოქტომბერი / Vadim Lyakh

ექსპერტების თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა გზავნილის გადმოცემა სურს პუტინს. ერთის მხრივ, ოლიკერმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა Crisis Group-ში თქვა, რომ შესაძლოა ეს იყო ნიშანი იმისა, რომ პუტინს სურს გააგრძელოს საშინელი ტანჯვის მიყენება და ესაა გაფრთხილება, შეწყვიტონ მოსკოვზე ზეწოლა. “ან შეგიძლიათ შეხედოთ ამას და თქვათ: ისინი ხარჯავენ თითქმის მთელ თავიანთ შესაძლებლობებს, მანამ სანამ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ” - თქვა მან. 

”შესაძლოა, მისი სტრატეგია არ არის რაიმე ზიანის მიყენება პოზიტიური  მოგების მისაღებად,” - თქვა, მკვლევარმა და ანალიტიკოსმა ბუჯერინმა. "საბოლოოდ, შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ "ჩვენ ფსკერისკენ მივდივართ და უბრალოდ ჩვენთან ერთად ჩაგიყვანთ. ჩვენ ვიტანჯებით - მაგრამ ჩვენი გამარჯვების თეორია ნიშნავს დავრწმუნდეთ, რომ ყველა სხვა უფრო მეტად იტანჯება”.

სტატია მომზადებულაი VOX.COM-ის მიხედვით, ავტორი - Jen Kirby. 

 

მთავარი ფოტო: Metin Aktas/Anadolu Agency via Getty Images
კომენტარები