საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
17 ოქტომბერი, 2022 გაზით შანტაჟის რუსული გაკვეთილები - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რუსეთი საკუთარ ენერგორესურსებს პოლიტიკური შანტაჟისთვის უკრაინაში შეჭრამდეც და შეჭრის შემდეგაც აქტიურად იყენებს. თუმცა, ევროპის ლიდერებმა ეს კარგად სწორედ სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას გააცნობიერეს და დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა ეთქვათ რუსულ გაზზე უარი. ამით მათ, ერთი მხრივ, ვლადიმერ პუტინის შანტაჟს უპასუხეს, მეორე მხრივ კი არ სურთ უკრაინაში რუსეთის აგრესიას ირიბად აფინანსებდნენ.

მათი გეგმის მიხედვით, ახლა მთავარი წლევანდელი ზამთრის მთლიანად რუსული გაზის გარეშე გატარებაა. ამ მიზნის მიღწევისა და ზამთრის შეფერხებების გარეშე ჩავლისთვის მზადება ევროპამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

რა გეგმა შეიმუშავა ევროკავშირმა?

უკრაინაში ხელახალ შეჭრამდე რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის 40%-სა და მისი იმპორტირებული ნავთობის 27%-ს აწვდიდა. ევროკავშირი ამ რესურსებისთვის წელიწადში დაახლოებით 400 მილიარდ ევროს იხდიდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა” ევროპას გაზის მიწოდება ჯერ დროებით, სექტემბერში კი სრულად შეუჩერა. მიზეზად ტურბინის გაუმართაობა დაასახელა.

„ეკოლოგიის, ტექნიკური და ბირთვული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან მიღებულია გაფრთხილება, რომ აღმოჩენილი დაზიანება გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო მუშაობის საშუალებას არ იძლევა. აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება,” - ამტკიცებდა „გაზპრომი.”

ევროკომისიის შეფასებით, ეს ამჯერადაც ცრუ საბაბი იყო. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი რუსულ გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავს, რათა პუტინმა ევროპის ენერგეტიკული ბაზრით მანიპულირება ვეღარ შეძლოს. მანამდე კი, რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების დაჩქარებისათვის ევროკავშირმა ახალი პროგრამა - REPowerEU - შეიმუშავა.

როგორც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის პროექტების მენეჯერი - მატა გორდეზიანი - Enigma-ს უყვებოდა, ამ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა მიზნად დაისახა:

  • 2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა 45%-მდე, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 40%-სა;
  • ინვესტირების პროცესის გამარტივება;
  • ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა და კერძო ინვესტიციების წახალისება;
  • ევროკავშირში მწვანე წყალბადის წარმოების გაორმაგების გეგმა, რაც 2030 წლისთვის 20 მილიონი ტონა წყალბადის წარმოებას გულისხმობს;
  • ამასთან, ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობაზე ევროპა 300 მილიარდამდე ევროს დახარჯავს;
  • პროგრამაში ხაზგასმული იყო ისიც, რომ რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა - ენერგიის დაზოგვაა.

დაიგეგმა საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემების  ელექტროსისტემებზე გადასვლის დაჩქარებაც, შენობების თბოიზოლირების გაუმჯობესება, მხოლოდ განახლებადი ენერგიისა და ახალი წყალბადის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 113 მილიარდი ევრო გამოიყო.

ევროკავშირმა მოამზადა ახალი კანონმდებლობაც, რომელიც ნაკლები ბიუროკრატიის საშუალებით მზისა და ქარის სადგურების აშენების პროცესის გამარტივებას ემსახურებოდა. და რაც ყველაზე მთავარია, საწვავის მიღების ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო

„ჩრდილოეთის ნაკადი 2” და გაზით შანტაჟი რუსულად

ოფიციალური მოსკოვი პერიოდულად უარყოფს დასავლეთის შეფასებებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს. მაგრამ გაზის საფასურის რუბლებში გადახდის მოთხოვნა, ფასების ზრდა, სახელმწიფო გიგანტ „გაზპრომის” მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება, სხვა რამეზე მეტყველებს. ამას დაემატა „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც, რაც რუსული გაზით შანტაჟის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი იყო.

სექტემბერში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ამ მილსადენიდან ბუნებრივმა აირმა ბალტიის ზღვაში გაჟონა. მართალია, გაზსადენი ოფიციალურად არც კი ამოქმედებულა, მაგრამ მასში 300 მილიონი კუბური მეტრი გაზი სერტიფიცირების შეჩერებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიტვირთა. ევროკავშირის ქვეყნებმა ამაში კვლავ რუსეთი დაადანაშაულეს. მოსკოვი ბრალდებებს ტრადიციულად უარყოფს. გაზის გაჟონვას საბოტაჟს უკავშირებს NATO.


როგორც Reuters წერს, ავარიის მიზეზების გასარკვევად გერმანიის მთავრობა დანიის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირშია. გამოძიებას შეუერთდა შვედეთიც და დახმარების სურვილი გამოთქვა აშშ-მა. რაც შეეხება გაზსადენს, მის შეკეთებას, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

საგულისხმოა ისიც, რომ გაჟონვა ბალტიის გაზსადენის საზეიმო ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი ნორვეგიიდან პოლონეთს უნდა მიეწოდოს - ქვეყანას, რომელმაც მთლიანად თქვა უარი რუსულ ნედლეულზე.

ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკად 2”-ის სერტიფიცირების პროცესი გერმანიამ მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა ოკუპირებული დონეცკი და ლუჰანსკი „დამოუკიდებელ” ქვეყნებად აღიარა. „ჩრდილოეთის ნაკად 2-ით" რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლითა და უკრაინის გვერდის ავლით  ბუნებრივი აირი გერმანიას უნდა მისწოდებოდა.


როგორც 22 თებერვალს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, ეს მილსადენი 11 მილიარდი დოლარი დაჯდა. პროექტის დაბლოკვა უკრაინამაც არაერთხელ მოითხოვა. მას ეწინააღმდეგებოდა აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. თუმცა, მილსადენი მაინც აშენდა და გაშვებისთვის მზად იყო. ეს პროექტი რუსეთისთვის ენერგეტიკული და პოლიტიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იყო და ამაზე ვლადიმერ პუტინის ეს განცხადებაც მეტყველებს:

„თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თუ რუსული გაზის გარეშე ასე გიჭირთ, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს გაწვდით, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება,” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შანხაის სამიტზე.

ზამთრის მარაგები

რუსეთ-უკრაინის ომამდე ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მთლიანად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, ზოგიერთი ნაკლებად:

  • ჩრდილოეთ მაკედონია - 100%
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა - 100%
  • მოლდოვა - 100%
  • ფინეთი - 94%-ით
  • ლატვია - 93%
  • ბულგარეთი - 77%
  • გერმანია - 49%
  • იტალია - 46%
  • პოლონეთი - 40%
  • საფრანგეთი - 24%
  • ნიდერლანდები - 11%
  • რუმინეთი - 10%.

ეს სურათი ახლა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. მხოლოდ გერმანიამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 თვეში რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 35%-ზე დაიყვანა. გაზპრომის გადაწყვეტილების შედეგად კი, ახლა, გერმანიასთან ერთად, ევროპის სხვა ქვეყნებიც მთლიანად რუსული გაზის გარეშე არიან დარჩენილნი.

ამ ნაბიჯს ევროპაში ელოდნენ და ალტერნატიული გზების ძიების პარალელურად, ზამთრის მარაგების შევსებაზე ზრუნავდნენ. ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოსთვის ევროკავშირს გაზის მარაგების 80% უკვე შევსებული ჰქონდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

შეიცვალა პუტინის რიტორიკაც. 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ ზეწოლის შემთხვევაში რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებაზე უარს იტყოდა. „არაფერს არ მივაწვდით. არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს, და არც არაფერს," - ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი.

12 ოქტომბერს კი მან განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს. მათ შორის, ამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

„რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა. თუ უნდათ, ონკანი გააღონ და ეს არის. ჩვენ არავის ვზღუდავთ," - განაცხადა პუტინმა.

როგორც ჩანს, მას ბედი უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად, აღარც „ენერგეტიკულ ომში” უღიმის.

ასევე ნახეთ:

მთავარი ფოტო: Atlanticcouncil
კომენტარები