საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შადრევანში დენის დარტყმის გამო ბავშვის გარდაცვალებიდან 6 დღე გავიდა - რა ვიცით მომხდარზე? შადრევანში დენის დარტყმის გამო ბავშვის გარდაცვალებიდან 6 დღე გავიდა - რა ვიცით მომხდარზე?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

13 წლის მოზარდი შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 ოქტომბერს გარდაიცვალა, კლინიკაში მკურნალობდნენ მისი მეგობრებიც. მომხდარიდან უკვე 6 დღე გავიდა.

რა მოხდა?

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები 13 ოქტომბერს ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის გამოსატანად შევიდნენ. წინა დღეს გახსნილ შადრევანში მათ დენმა დაარტყა, რამაც ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. მისი თანატოლები კი კლინიკაში მკურნალობდნენ. მოზარდებიდან ერთერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ხოლო მეორე მოზარდი იმ დღესვე კონტაქტური იყო. 

ვაკის პარკის შადრევანი და შადრევნების კასკადი წინა დღეს, 12 ოქტომბერს, პირადად მერმა გახსნა. რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია "გრინსერვის +" აწარმოებდა, რომელმაც ასევე შეასრულა პარლამენტის წინ ტერიტორიის განახლება, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და ა.შ. "რადიო თავისუფლებას" ცნობით, 2019-22 წლებში კომპანიამ 86 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერები მოიგო.

მერიამ შადრევნის გახსნაზე გადაღებული ფოტოები ფეისბუკიდან აიღო, წაშალეს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზიც. 

 

ახალრეაბილიტირებულ ვაკის პარკში მომხდარზე გამოძიება შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს: 

  • სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; 
  • გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება; 
  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება;
  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება;
  • სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

რა ეტაპზეა გამოძიება?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 18 ოქტომბერს გვამცნო, რომ ვაკის პარკის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, "2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები", რამაც სადენის იზოლაცია დააზიანა. "გრინსერვის +-ის" დირექტორმა, გამოძიების ვერსიით, სამუშაო ისე წარუდგინა მერიას, რომ შესაბამისი ინსპექტირება არ ჩატარებულა. ხოლო, თავის მხრივ, მერიამ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.

„ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი", - განაცხადეს სამინისტროში ბრიფინგზე.

 

ვინ არიან სავარაუდო დამნაშავეები?

დაკავებულებს შორის არიან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, “გრინსერვისი+”-ის და “მშენექსპერტის” დირექტორები და თანამშრომლები, ასევე ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. 

“გრინსერვის+”-ის თანამშრომლები და კომპანიის დირექტორი თავს დამნაშავეებად არ თვლიან. ამის შესახებ, IPN-ს დაკავებულების ადვოკატმა განუცხადა. მისივე თქმით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა “საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობასა და ჭეშმარიტების დადგენაზე უარს არ აცხადებენ”.

თბილისის მერიის თანამშრომლის დაკავების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი. მან მიზეზად, მორალური პასუხისმგებლობა დაასახელა. 

"ვინაიდან დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩემი მოადგილე ამ ეტაპისთვის არის დაკავებული. მე, როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურეობრივ ქმედებებზე, ამიტომ ვთლი, რომ საჭიროა, დავტოვო ჩემი დაკავებული თანამდებობა” - თქვა გიგაშვილმა.

თბილისის მერის აქტივობები მომხდარის შემდეგ

13 წლის მოზარდის გარდაცვალებისთანავე დაიწყო საუბრები კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის გადადგომას მოითხოვდა. ამ მოთხოვნით მერიასთან და პარლამენტთან აქციები გაიმართა.

მომხდარიდან 6 დღის შემდეგ კახი კალაძე კვლავ მერის პოზიციას იკავებს. მის წინააღმდეგ წამოსულ განცხადებებს კი “ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის” გამოყენებას უწოდებს. პარალელურად ამტკიცებს, რომ, თუკი მისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მზადაა, კანონის წინაშე აგოს პასუხი. თუმცა, მისი ოპონენტები კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

რადიო თავისუფლება

პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი, აცხადებს, რომ კახა კალაძეს მომხდარზე უნდა აეღო პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა - „თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს, რომ „ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქს“, „მე გავხსენი, მე დავახარჯვინე ფული“, - ხომ მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, ხომ გაიკეთა პიარი და მეორე დღეს ასეთი რამ როცა ხდება, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება "ჭ" კლასის ხალხს?"

მერს აკრიტიკებს და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს საკრებულოს ოპოზიციის წევრი საბა ბუაძეც. მისი თქმით, რთულია იმაზე საუბარი, იკვეთება თუ არა მერის სამართლებრივი ბრალეულობა, თუმცა აშკარაა მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

„პირდაპირ კალაძესთან მიდის თუ არა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩემთვის ასეთი ტვირთის ზიდვა შეუძლებელი იქნებოდა. ნამდვილად არ ვისურვებდი მის მდგომარეობაში ყოფნას. თუ კახა კალაძეს სინდისი გააჩნია, აიღოს პასუხისმგებლობა".

წინა დღეს დადებული პოსტი ვაკის პარკში შადრევნის საზეიმოდ გახსნის შესახებ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აღარ იძებნებოდა.  როგორც მერიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მიზეზი ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევაა. 

„ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს!“, – უთხრა მერიამ "ნეტგაზეთს" წერილობით პასუხში.

მომხდარის შემდეგ, კახი კალაძემ ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილი და დაზარალებული მოზარდიც მოინახულა, რასაც საზოგადოება მერის პიარკამპანიის ნაწილად მიიჩნევს. კალაძე კი ამ ყველაფერს “კამპანიურ აჟიოტაჟს” უწოდებს და აცხადებს, რომ მოინახულებს ყველას, ვინც მომხდარის შედეგად დაზარალდა.

კომენტარები