საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
20 ოქტომბერი, 2022 ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერობიდან მიდის - რა მოხდა?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რამდენიმე კვირის წინ არჩეული ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობას ტოვებს - განცხადება ამის შესახებ ტრასმა დაუნინგ სთრითზე გააკეთა.

ტრასის განცხადებით, კონსერვატორული პარტიის ლიდერსა და, შესაბამისად, პრემიერს შემდეგ კვირაში აირჩევენ. იქამდე კი მოვალეობებს თავად შეასრულებს.

„ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რისთვისაც ამირჩია კონსერვატორულმა პარტიამ. ამიტომაც უკვე ვესაუბრე მის უმაღლესობა მეფეს და შევატყობინე, რომ პარტიის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

რა მოხდა?

ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ცოტა ხანს იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. როცა ოფისს დატოვებს, მისი არჩევიდან დაახლოებით 50 დღე იქნება გასული. 

 

ტრასის მთავრობასთან შენიშვნები და კრიტიკა ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამო გაჩნდა. 

ბრიტანეთის მთავრობის მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრასის კაბინეტის მთავარმა ფინანსისტმა მინიბიუჯეტი წარადგინა. კვასი კვარტენგისა და ლიზ ტრასის გეგმამ ეკონომიკაში არეულობა გამოიწვია. 

კვარტენგის მიერ წარდგენილი გეგმის ამუშავების შემდეგ ბრიტანულ ეკონომიკაზე წნეხი გაიზარდა. ტრასის მთავრობის პაკეტი მოიცავდა გადასახადების შემცირებას, თუმცა პარალელურად გარკვეული ხარჯების ზრდას. ტრასი ამ ყველაფრის დაფინანსებას ვალის გაზრდით აპირებდა. Reuters-ის ცნობით, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, 2.1 ტრილიონი ფუნტის ბონდები ეყიდა.

ტრასის მთავრობა გადასახადების დაწევას ცდილობდა, რათა ეკონომიკა ამუშავებულიყო. თუმცა გადსახადების შემცირებამ უკუეფექტი გამოიწვია - ფუნტი სტერლინგი რეკორდულად დაეცა. 

ტრასმა ფინანსთა მინისტრი ერთი კვირის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო ამ კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრმაც დატოვა თანამდებობა. თავად ტრასი რამდენიმე დღის წინაც კი ამბობდა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.

BBC-ის ინფორმაციით, ტრასის გადადგომის შემდეგ ფუნტი სტერლინგმა დოლართან მიმართებით ზრდა განიცადა.

ექვსკვირიანი პრემიერობა

6 სექტემბერს ბალმორალში დედოფალთან შეხვედრისა და მისი პოზიციის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, ლიზ ტრასი ინგლისის პრემიერმინისტრი გახდა

ტრასი ბოლო პრემიერი იყო, ვინც დედოფალმა ელიზაბეტმა აკურთხა. მანამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ ქარიშხალი“, - სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა ტრასმა პირველად პრემიერის ამპლუაში. იგი საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ელექტროენერგიის მზარდ ფასებსა და ყოველდღიური ხარჯების ზრდის კრიზისს გაუმკლავდებოდა. ასევე, ეკონომიკის ზრდისთვის გადასახადების შემცირებას აანონსებდა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების პირობასაც დებდა.

ტრასი უკრაინის ერთერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად და მეგობრად ითვლება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერს ესაუბრა.  ტრასი იმასაც აცხადებდა, რომ 2023 წლისთვის, ბრიტანეთი უკრაინას £2.3 მილიარდით დაეხმარებოდა. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას, თუმცა, ოპოზიცური პარტიის ლიდერი კირ სტარმერი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. სტარმერის მტკიცებით, "კონსერვატიულ პარტიას ქვეყნის მართვის მანდატი აღარ აქვს".

მთავარი ფოტო: BBC
კომენტარები