საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 ოქტომბერი, 2022 ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რა მოხდა?

თითქმის 2-წლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. 

პოლიციამ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის მაისში დააკავა. თუმცა, მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.  მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის მუხლით წარედგინა. შემდეგ ბრალდება დაზუსტდა, რაც ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც მოიცავდა. 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, თუ რატომ მიიღო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება. საქმის თითოეული კომპონენტის განხილვისას იგი აღნიშნავდა, რომ ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოადგინა. 

მოსამართლემ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ასახავს. თუმცა ამის საპირისპიროდ მოსამართლე აღნიშნავს, რომ თავად ნელი დოროყაშვილიც აყენებდა მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას - მათ შორის კი იყო დამცირების შემთხვევებიც. 

ხათუნა ხარჩილავამ ისიც აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბასილაშვილის ეს ქმედება რომ დასჯადი იყოს საჭიროა მას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში. თუმცა, მისივე თქმით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ფსიქოლოგიური ტანჯვის ნაწილში “სისტემური ჯაჭვი” უტყუარად არ დადასტურებულა.

მოსამართლეს თქმით, არც ეკონომიკური ძალადობისა თუ გენდერული დისკრიმინაციის ნაწილში ყოფილა საკმარისი მტკიცებულებები. 

რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, ხათუნა ხარჩილავამ ინდივიდუალურად განიხილა საქმის თითოეული ეპიზოდი და ასევე ის ვერსიები, რაც მხარეებმა წარმოადგინეს. მისივე განმარტებით, არასაკმარისი მტკიცებულებების  გამო, სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ნაწილშიც უდანაშაულოდ ცნო. 

 

რას ამბობენ მხარეები?

თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებისას მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა. ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულა.

პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი თქმით, იგი აუცილებლად გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, გარკვეულწილად ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში. [სასამართლომ] ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის პოზიცია გაიზიარა” - განაცხადა პროკურორმა. 

სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გააკეთა ნეკა დოროყაშვილმაც.  მისი თქმით, მოსამართლე მხოლოდ ბრალდებულის 10 წუთიან რეპლიკას დაეყრდნო და სიტყვა-სიტყვით იმეორებდა მის სიტყვას. ნეკას თქმით, მოსამართლემ დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. თუმცა, აპირებს, რომ ბრძოლა გააგრძელოს. 

“ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი  მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!” - წერს დოროყაშვილი. 

 

მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში ბასილაშვილი აღნიშნავს, რომ ბედნიერია "სამართლიანი გადაწყვეტილებით". იგი პირველ რიგში შვილთან ურთიერთობის აღდგენას გეგმავს. 

"მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას..." - განაცხადა ბასილაშვილმა. 

 

რას ედავებოდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილს?

"რადიო თავისუფლებას" ცნობით, 19 ოქტომბერს, პროკურორმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად ედებოდა გენდერული დისკრიმინაცია და ოჯახის წევრის ფსიქოლოგიური ტანჯვა, ასევე, ფიზიკური ძალადობის ოთხი ეპიზოდი, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. 

პროკურორ ნათია გურულის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცოლის შეურაცხყოფა ქორწინებიდან მალევე დაიწყო - ხოლო მას შემდეგ, რაც შვილი შეეძინათ, ძალადობის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა. 

“ნიკოლოზ ბასილაშვილი უკონტროლებდა მას მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ ქსელსა და მედიასთან აქტივობებს, ფინანსური ხარჯების განკარგვას, უკრძალავდა მუშაობას, მიაჩნდა, რომ ნელი დოროყაშვილის სოციალური მოვალეობა ბავშვის მოვლითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით შემოიფარგლებოდა. თავისი უპირატესობის წარმოსაჩენად აკნინებდა ნელი დოროყაშვილის გარეგნობას, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ იყო უშნო, ეძახდა სხვადასხვა ცხოველის სახელს...“, - თქვა პროკურორმა. 

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების სახით საქმეში დევს სხვადასხვა დროს ჩაწერილი დიალოგების ფრაგმენტები. ამ ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს. პროკურორის თქმით, ჩანაწერები ნეკა დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ასახავს. მისივე თქმით, ამ დიალოგების არსებობას მოწმეებიც ადასტურებენ. 

საქმეში არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ნელი დოროყაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეისწავლა. დასკვნის თანახმად, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა.

 

რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, გამოძიების ვერსიით, ის 4 ეპიზოდად იყოფა: 

  • 2018 წლის 28 აგვისტო, ნიუ-იორკის ეპიზოდი - პროკურორის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილი მეუღლე თმით ითრია და წაქცეულს მუცლის არეში ფეხები ურტყა. მისივე თქმით, ნელი დოროყაშვილი ცდილობდა მომხდარი გადაეღო:

"ტელეფონით ფრაგმენტულად იღებდა კონფლიქტის დასასრულს: იგი ნამტირალევი ხმით, უკმაყოფილებას გამოთქვამდა ნიკოლოზის ძალადობაზე, ბასილაშვილმა კი ამ დროს ჩოგნების ჩანთა ისროლა საწოლში მისი მიმართულებით და ჩაარტყა თავისა და ტანის არეში…” - თქვა პროკურორმა. 

  • 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი - პროკურორის თქმით, ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე სახლში იძალადა: მას შემდეგ, რაც ბასილაშვილის დედამ სახლი დატოვა,  სპორტსმენმა მეუღლეს ხელი ძლიერად გადაუგრიხა, შედეგად მან მიიღო დაზიანება. პროკურორის თქმით, საქმეში შესაბამისი ფოტოებიც დევს. 
  • 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი - პროკურორის თქმით, ბასილაშვილი შეხვდა მეუღლეს და მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ მასში ძალადობის დამადასტურებელი ინფორმაცია იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეფონი ვერ წაართვა, ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაარტყა, მათ შორის, სახის, ხელებისა და ფეხების მიდამოში. გარდა ამისა, თმაზე მოქაჩა ძლიერად. პროკურორის თქმით, ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს. 
  • 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი -  პროკურორის თქმით, ბასილაშვილის ოჯახში მისულ დოროყაშვილს ბავშვის წამოყვანა სურდა, რა დროსაც ყოფილმა მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა. მისმა მამამთილმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამის შემდეგ დოროყაშვილმა დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა. პროკურორის თქმით, ნელი დოროყაშვილისთვის მიყენებულ დაზიანებებს ადასტურებენ სასწრაფოს ექიმებიც. 
 

რას ამბობს ბასილაშვილი?

ნიკოლოზ ბასილაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

20 ოქტომბერს ბასილაშვილის ადვოკატებმაც წარმოთქვეს დასკვნითი სიტყვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბასილაშვილმაც, თუმცა მოსამართლემ პროცესი დახურა. ამ სხდომას არ დაესწრო ნელი დოროყაშვილი.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ჩოგბურთელი თავად იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი. რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს - ბასილაშვილის ადვოკატები ამბობდნენ, რომ ძალადობა არ მომხდარა. მათივე განცხადებით, ძალადობის სცენა [ნიუ-იორკის ეპიზოდი], რომელიც ერთ-ერთ ვიდეოშიც ჩანს, დადგმული იყო და ნელი ხელოვნურად ცდილობდა შეექმნა განცდა, თითქოს მასზე მეუღლემ იძალადა. 

დაცვის მხარეს ასევე ეჭვი ეპარებოდა ფოტომტკიცებულებებში. მათი თქმით, გაურკვეველია, ფოტოებზე ასახული სხეულის ნაწილები ნამდვილად ნელი დოროყაშვილისაა თუ არა. ისინი ასევე ეჭვქვეშ აყენებდნენ დოროყაშვილის ჩვენებების სანდოობასაც. 

 

კომენტარები