საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
26 ოქტომბერი, 2022 რატომ და როგორ იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

ევროკომისიის ერთერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაოს. სხვა პირობებთან ერთად, ამის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვისაა აუცილებელი.

ამ რეკომენდაციას ეხმიანება კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ 1 სექტემბერს წარმოადგინა, 31 აგვისტოს დააინიცირა, 18 ოქტომბერს კი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მას მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რას ითვალისწინებს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები და რატომ აკრიტიკებს „ქართული ოცნება” მის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს? - გიყვებით სტატიაში.

რა იცვლება?

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ადგენს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს მოდელი მიიღება, როგორც დროებითი, საგამონაკლისო წესი, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთერთი პირობის შესრულებას უზრუნველყოფს.

ცვლილებების მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით (90 ხმით) 6 წლის ვადით აირჩევს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 6 წლით გენ. პროკურორის არჩევა 76 დეპუტატს შეეძლო. 

იმ შემთხვევაში, თუ  კანდიდატი 90 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ მისი არჩევა 76 ხმით (სრული შემადგენლობის უმრავლესობით) იქნება შესაძლებელი.
თუმცა, უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 1 წელი იქნება.

ვინ უჭერს მხარს ცვლილებებს?

გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წეს პირველ მოსმენაზე მხარი „ქართულ ოცნებასთან" ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,”  „ლელოს", „გირჩის" და „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა დაუჭირეს.

კენჭისყრის შედეგები ასე გამოიყურება: 
„ნაციონალური მოძრაობა" - 23 ხმა
„ევროპელი სოციალისტები" - 4 ხმა
„ლელოს” პოლიტიკური ჯგუფი - 2 ხმა
„რეფორმების ჯგუფი” - 3 ხმა
„გირჩის” პოლიტიკური ჯგუფი - 3 ხმა
ფრაქციის გარეშე - 21 ხმა
„ქართული ოცნება" - 70 ხმა 


ვინ არიან კანონპროექტის ავტორები და რას ამბობენ?

როგორც პარლამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანონპროექტის ავტორები მმართველი პარტიის წევრები - ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ანრი ოხანაშვილი - არიან. ინიციატორებს შორის კი „ქართული ოცნების” 80-მდე წევრია. 

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია თავისივე საკონსტიტუციო ინიციატივას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ EU-ში ინტეგრაციისთვის შემოთავაზებულ მოდელს „არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია.”

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის განმარტებით, პროექტის შინაარსი მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამ კანონპროექტის მიღება მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხდება და სამართლებრივ პრინციპებზე თვალს ერთჯერადად ხუჭავენ. ამიტომაც, გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებენ.

„ის დოკუმენტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, მთლიანად არის შეუსაბამო სამართლებრივ პრინციპებთან და მმართველობის ლოგიკასთან. ის კრიტიკული შენიშვნები, რაც გვქონდა ჩვენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, რჩება ძალაში. თუმცა, არის ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, 12 პუნქტი და სწორედ იქ არის ასახული შესაბამისი რეკომენდაცია იმისათვის, რომ ჩვენ არ შევაფერხოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, 12 პუნქტის შესრულება, ევროინტეგრაციის პროცესი, ამისათვის არის აუცილებელი ამ კანონპროექტის მიღება,” - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დოკუმენტი ზუსტად იმ შინაარსისაა, რომელიც შარშან უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე შეჯერდა. ეს ცვლილება შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, მაგრამ მმართველი ძალა მას „სამართლებრივად მიზანშეწონილად” არ მიიჩნევდა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტის მიღებას ერთადერთი გამართლება აქვს - ეს არის დროებით წესი, რათა EU-ს რეკომენდაციების ეს პუნქტი „შესრულებულად ჩაგვეთვალოს" და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. 

​„ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ შემოთავაზებულია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისეთი მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია და ამასთანავე, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება," - ამბობს ოხანაშვილი.

დამატებით კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ, რომ მმართველი პარტიის აზრით, გენერალური პროკურორის მხოლოდ 1 წლის ვადით არჩევა მის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.

რას ამბობს ოპოზიცია?

საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველი გუნდის განცხადებები გააკრიტიკა. ოპოზიციის ნაწილის აზრით, „ქართული ოცნების” შეფასებები, რომ თითქოს ევროკავშირი დამაზიანებელ ცვლილებებს გვახვევს თავს, მხოლოდ კრემლისთვისაა მოსაწონი. 

კანონპროექტში სწორედ ის ცვლილებებია გათვალისწინებული, რომელსაც „შარლ მიშელის შეთანხმება” ასახავდა. თუმცა, 2021 წლის შემოდგომაზე მმართველმა გუნდმა ამაზეც უარი თქვა, როცა შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა დღეს მთელი დღე დაუთმეთ იმაზე საუბარს, რომ ეს ცვლილება, რომელიც არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთერთი პუნქტი, არის ქვეყნის დამაქცეველი და კატასტროფული შედეგის მომტანი...როდის ატყუებდით საზოგადოებას, როდესაც ეუბნებოდით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას არაფერი აქვს საერთო კანდიდატის სტატუსთან, თუ დღეს ატყუებთ, როცა ეუბნებით, რომ ცუდ კანონპროექტს უნდა დაუჭიროთ მხარი, იმიტომ, რომ ეს არის მოთხოვნა?" - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, კობახიძეს პარლამენტის სხდომაზე.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ხარვეზი საკონსტიტუციო ცვლილებებით შემოთავაზებულ ახალ წესსაც აქვს, მაგრამ ის მოქმედ სისტემას სჯობს.

„გენერალური პროკურორის არჩევის წესი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სისტემის დამოუკიდებლობას. ეს მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს, რომელიც უაღრესად ფართოა, რაც სხვათა შორის თავისთავად პრობლემას წარმოადგენს...უმრავლესობა ამბობს, რომ ანტიკრიზისული მექანიზმი - ერთი წლით გენპროკურორის არჩევა საფრთხეს შეიცავს და ასეთი წესით არჩეული პირი გავლენას ადვილად დაექვემდებარება. ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ არ არსებობს იდეალური მექანიზმი და დიახ, ამ წესსაც აქვს ხარვეზი, მაგრამ ის მოქმედ სისტემას სჯობს," - განაცხადა მენაბდემ. 

მისი შეფასებით, ადვილია სრული ვადით დაინიშნოს ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირი. დროებითი არჩევისას კი დანიშნული პირს საკუთარი მიუკერძოებლობის დამტკიცება მოუწევს. 

ვინ არის და რა ფუნქციები აქვს გენერალურ პროკურორს?

საქართველოს პროკურატურა არის უწყება, რომლის მოვალეობაცაა: სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების ჩატარება; ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილის ზედამხედველობა, რომელიც კანონით საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში ექცევა; ასევე, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა / პრევენცია.

მისი ძირითადი პრინციპები უნდა იყოს:
კანონიერება და სამართლიანობა
ობიექტურობა და მიუკერძოებლობა
პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა
ერთიანობა და ცენტრალიზაცია
პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა
პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.


სწორედ ამ უწყებას ხელმძღვანელობს და მის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი გენერალური პროკურორი, რომლის ფუნქცია-მოვალეობებში შედის:  

  • პროკურატურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა, დაწინაურება, გათავისუფლება;
  • გენერალური პროკურორის მოადგილეების უფლებამოსილებებს განსაზღვრა;
  • ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გამოცემა;
  • პროკურატურის ორგანოებს შექმნა / გაუქმება, მათი სამოქმედო ტერიტორიის, საშტატო ნუსხისა და უფლებამოსილებების განსაზღვრა;
  • სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორი განსაზღვრავს და ამტკიცებს მის სახელმძღვანელო პრინციპებს;
  • კანონით დადგენილი წესით, მას ევალება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრისა და სხვა მაღალი თანამდების პირების მიერ დანაშაულის ჩადენისას;
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ატარებს სხვა საპროცესო მოქმედებებსა და კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
  • პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია.

გენერალური პროკურორის პოსტს ამჟამად ირაკლი შოთაძე იკავებს. ის პარლამენტმა 2020 წელს მეორედ აირჩია. 2015-2018 წლებში შოთაძე მთავარი პროკურორი (იგივე გენ. პროკურორი) იყო, მაგრამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამართული საპროტესტო აქციების შედეგად, გამოძიებაზე სავარაუდო ზემოქმედების გამო, გადადგა. 

როგორც „ქართული ოცნება” აცხადებს, ზემოთაღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები მოქმედ გენერალურ პროკურორს არ შეეხება და მას უფლებამოსილების ვადა 2026 წელს ამოეწურება.

კომენტარები