საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
25 ოქტომბერი, 2022 ქალი L'Oreal-ს სიმსივნის გამომწვევი ნივთიერების გამოყენებაში ადანაშაულებს და უჩივის
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რა მოხდა?

აშშ-ში ქალი L'Oreal-ს უჩივის და ამბობს, რომ კომპანიის წარმოებული პროდუქტი სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებებს შეიცავს. ქალის განცხადებით, თავად საშვილოსნოს ყელის სიმსივნე გადაიტანა - დაავადების გამომწვევ მიზეზად კი სწორედ ბრენდის პროდუქციას ასახელებს.

ჯენი მიჩელის ისტორია და სამართლებრივი დავა

32 წლის ჯენი მიჩელი სამოქალაქო დავას იწყებს და ამბობს, რომ ის L'Oreal-ის პროდუქციას ოც წელზე მეტხანს მოიხმარდა. მიჩელის თქმით, მას 28 წლის ასაკში დაუდასტურდა სიმსივნე და საჭირო გახდა საშვილოსნოს სრული ამოკვეთა. ის კომპენსაციის სახით 75 000$-ს ითხოვს.

მიჩელმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თმის მოვლის ეს საშუალებები პირველად 8 წლის ასაკში გამოიყენა და მას შემდეგ მოიხმარდა. 

„მაშინ, 28 წლის ასაკში, გავაცნობიერე, რომ ჩემი ოცნება - გამეჩინა შვილი - აღარასდროს ახდებოდა. როგორც ყველა ახალგაზრდა აფრო-ამერიკელი ქალს, ჩვენც ძალიან პატარა ასაკში გაგვაცნეს ქიმიური საშუალებები თმის მოვლისთვის.  საზოგადოებას აქვს ნორმები ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე. მე ვიქნები პირველი ხმა ბევრს შორის, ვინც დაუპირისპირდება ამ კომპანიებს", - ამბობს მიჩელი.

ქალი ასევე ამბობს, რომ ოჯახში სიმსივნით ავადმყოფობის ისტორია არ აქვთ.

CNN

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე საკმაოდ იშვიათია, თუმცა, აშშ-ში შემთხვევების რაოდენობა იმატებს. მიჩელის ადვოკატი, ბენ კრამპი კი ამბობს, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით მოწყვლადები შავკანიანი ქალები არიან - "ისინი მსხვერპლი არიან იმ საშიში პროდუქტების, რაც ხშირად სპეციფიკურად მათთვის არის დარეკლამებული".

L'Oreal-ის ამერიკული ოფისი ერთერთია იმ კომპანიებს შორის, ვისაც ჯენი მიჩელი უჩივის. ფრანგული კოსმეტიკური გიგანტის გარდა ქალი სხვა რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგაც აპირებს დავას.

„ჩვენ მალე დავინახავთ, რომ ქალბატონი მიჩელის ტრაგიკული შემთხვევა უამრავს შორის ერთია, როცა კომპანიებმა აგრესიული კამპანიებით, საკუთარი მოგების გასაზრდელად, შეცდომაში შეიყვანეს შავკანიანი ქალები", - ამბობს ბენ კრამპი, მიჩელის ადვოკატი.

გამოცემა CBS წერს, რომ ამ დრომდე ფრანგულ ბრენდს კომენტარი არ გაუკეთებია.

რას ამბობენ მკვლევრები?

თმის გასასწორებელ ქიმიურ საშუალებებსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შორის კავშირზე კვლევა "სიმსივნის ეროვნულმა ცენტრმა" ჟურნალში გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ქალები, ვინც გარკვეულ პროდუქციას მოიხმარდნენ წელიწადში ოთხჯერ ან მეტად, ორჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, რომ სიმსივნე განუვითარდეთ. კვლევა ამ საკითხზე კიდევ გრძელდება, რათა გარკვეულ პროდუქტების მოხმარებაზე რაიმე რეკომენდაცია გაიცეს.

Getty Images

კვლევის შესახებ სტატია გამოაქვეყნა The Washington Post-მაც. გამოცემის თანახმად, კვლევაში 34 000-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა ათი წლის განმავლობაში და გარდა საშვილოსნოს ყელის სიმსივნისა, შეისწავლეს ძუძუს კიბოც. მონაწილეთა ასაკი 35-დან 74-მდე მერყეობდა. ქალების 60% თავს აიდენტიფიცირებდა, როგორც შავკანიანს. 

საკვლევ პერიოდში 378 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე და აღმოჩნდა, რომ არსებობდა კავშირი დაავადების წარმოშობასა და თმის მოვლის კონკრეტულ რუტინას შორის. CNN-ის ცნობით კი, შავკანიანი ქალები უფრო ხშირად იყენებენ თმის გასასწორებელ საშუალებებს, ვიდრე თეთრკანიანები.

„ჩვენ გამოვთვალეთ, რომ 70 წლამდე საშვილოსნოს ყელის კიბოს გაჩენის შანსი იმ ქალებში, ვისაც თმის გასასწორებელი ნივთიერებები არ გამოუყენებია, 1.64%-ია. თუმცა იგივე რიცხვი 4.05%-მდე ადის ქალებში, ვინც პროდუქციას ხშირად იყენებს", - ამბობს მთავარი მკვლევარი, ალექსანდრა ვაიტი.

"სიმსივნის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენლის განმარტებით, ეს პროცენტი აჩვენებს, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე კვლავაც იშვიათ დაავადებად რჩება. თუმცა "ეს გაორმაგებული რიცხვი შემაშფოთებელია".

Getty Images

მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ გარკვუელი ქიმიური ნივთიერებები - ფორმალდეჰიდები, მეტალები და პარაბენები - შესაძლოა იყოს დაკავშირებული სიმსივნის წარმოქმნასთან, თუმცა ამ შესწავლის ამ ეტაპზე თავს იკავებენ კონკრეტული ნაერთების დასახელებისგან.

მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ თმის გასასწორებელ საშუალებებში უფრო მეტი რისკია. მეცნიერების ვარაუდით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ აღნიშნული პროდუქტი სკალპზე წვასა და დაზიანებებს იწვევს, რაც ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრას აადვილებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი და დერმატოლოგი სიუზან ტეილორი ამბობს, რომ კვლევის შედეგებზე მეტის გაგებას ისურვებდა. მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ უკვე არსებული მონაცემები "საკმარისია, რათა ვუხსენო ჩემს პაციენტებს. [საკმარისია] იმისთვის, რომ ვუთხრა მათ, უფრო მეტად დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა თმის გასწორება".

iStock

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ როდრიგო კი ამბობს, რომ აღნიშნულ სიმსივნეს უმეტესწილად ჭარბწონიანობასთან აკავშირებდნენ. "ამ კვლევამ კი გაგვახსენა, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც შესაძლოა შესწავლილიც კი არ გვაქვს". პროფესორის თქმით, კვლევა უნდა გაგრძელდეს და მთელ რიგ კითხვებს გასცეს უფრო დეტალური პასუხები.

აშშ-ის "სიმსივნის ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, 2022 წელს 66 000-მდე ქალს დაუდასტურდა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. მათგან 12 500-ზე მეტი გარდაიცვალა. ცენტრის მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი შავკანიანი ქალი იყო.

მთავარი ფოტო: Getty Images
კომენტარები