საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
25 ოქტომბერი, 2022 ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი? - მოკლედ რიში სუნაკის შესახებ
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

დიდი ბრიტანეთის რიგით 57-ე პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ​იქნება. სუნაკი დღეს, 25 ოქტომბერს, მეფე ჩარლზ III-ს ბუკინგემის სასახლეში ესტუმრა და პრემიერის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. მეფემ მას მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა.

ახალი პრემიერის არჩევა ბრიტანეთში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ტრასმა განაცხადა, პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.

მთავარი მიზეზი კი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით, ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა. ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერმინისტრის პოსტს ყველაზე ხანმოკლე ვადით, სულ რაღაც 45 დღით იკავებდა.

The Royal Family / მეფე ჩარლზ III-ისა და რიში სუნაკის შეხვედრა

ვინ არის რიში სუნაკი? - ბიოგრაფიული ცნობები, კარიერა...

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და პრემიერმინისტრი, 42 წლის რიში სუნაკი, ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა და მულტიმილიონერი  პრემიერმინისტრია.

სუნაკი ბრიტანეთის პირველი ფერადკანიანი, ინდური წარმოშობის პრემიერიცაა - ინდური ფესვები მის მშობლებს აქვთ, მაგრამ ბრიტანეთში ისინი აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩავიდნენ. სუნაკი 1980 წელს ქ. საუთჰემპტონში დაიბადა. მან განათლება ჯერ უინჩესტერის კოლეჯში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა. 

ოქსფორდში რიში სუნაკი ფილოსოფიისა და ეკონომიკის მიმართულებაზე სწავლობდა. სტენფორდში კი მან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებაზე მიიღო. სწორედ ამ უნივერსიტეტში გაიცნო მომავალი მეუღლე აკშატა მურტი. 

ბრიტანეთის ახალი პრემიერი მინისტრად ჯერ კიდევ ტერეზა მეის მთავრობის დროს მსახურობდა. 2015-ში ის პარლამენტში მოხვდა, 2016 წელს კი მან მხარი ბრექსიტს დაუჭირა.

ერთერთი ყველაზე გავლენიან ადამიანად სუნაკი ჯონსონის პრემიერობისას იქცა, როდესაც ჯერ ხაზინის მდივნის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მისი პოპულარობა განსაკუთრებით პანდემიისას გაიზარდა, რადგან ამ დროს ძირითადად ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტების მომზადებით იყო დაკავებული. თუმცა, 2022 წლის ივლისში გადადგა.

ჯონსონის გადადგომის შემდეგ კი, რიში სუნაკი იყო იმ 8 კანდიდატს შორის, რომელიც პრემიერობისთვის იბრძოდა. ის ლიზ ტრასის მთავარი კონკურენტი იყო, მაგრამ გადამწყვეტ რაუნდში ტრასმა უფრო მეტი ხმა მიიღო.

ლიზ ტრასის 45-დღიანი მმართველობისა და გადადგომის შემდეგ კი, კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და შესაბამისად პრემიერობისთვის ერთმანეთს რიში სუნაკი და სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი, დაუპირისპირდნენ. მაგრამ მორდონტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და პრემიერის პოსტი სუნაკს ერგო.

ოფიციალურად გაპრემიერების შემდეგ, სუნაკი ბრიტანელებს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და მთავრობის დღის წესრიგში ეკონომიკური სტაბილურობის დაყენებას დაჰპირდა.

კიდევ რას ამბობს სუნაკი?

თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა გაანცხადა, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და პანდემიის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. ამას გარდა, მან ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზეც გაამახვილა.

„სწორია იმის ახსნა, თუ რატომ ვდგავარ აქ, როგორც თქვენი ახალი პრემიერმინისტრი. ამჟამად ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება.

პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია განაპირობა.

ამ მთავრობის დღის წესრიგის მიზანია ეკონომიკურ სტაბილურობა და ნდობა. ეს ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თქვენ იცით კოვიდის დროს, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო ხალხისა და ბიზნესის დასაცავად," - აღნიშნა სუნაკმა.

კომენტარები