საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
28 ოქტომბერი, 2022 ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა - რა იქნება ახლა?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

6 თვეზე მეტი ხსნი შემდეგ, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ქაოსური და გახმაურებული მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ილონ მასკი Twitter-ის ხელმძღვანელი გახდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა სამსახურიდან გაათავისუფლა  აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი. ასევე, ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი და იურიდიული პოლიტიკის, ნდობისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი ვიჯაია გადე. ამის შესახებ CNBC, Washington Post და New York Times იტყობინებიან. 

Washington Post-მა და Wall Street Journal-მა განაცხადეს, რომ გარიგება ხუთშაბათ ღამით დასრულდა. თუმცა, Twitter-ისა და ილონ მასკისგან გარიგების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ მოგვისმენია. მასკმა რამდენიმე საათის წინ მხოლოდ ტვიტი გამოაქვეყნა, წარწერით “ჩიტი თავისუფალია”.

საბოლოო შეთანხმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ილონ მასკის ტონი უფრო მეგობრული გახდა. ოთხშაბათს ის Twitter-ის შტაბ-ბინასაც ესტუმრა და თანამშრომლებს გაესაუბრა. გარდა ამისა, პატარა წარმოდგენაც დადგა და ვიდეო Twitter-ში გამოაქვეყნა. ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ შეაქვს მასკს Twitter-ის ოფისში ნიჟარა, თან დაურთო წარწერა: ““Twitter-ის შტაბ-ბინაში შესვლა - დაე, ჩაიძიროს!". პლუს ამისა, მასკმა Twitter-ის ბიოში  „Chief Twit-იც” დაიწერა. 

 

თუმცა, მასკ-ტვიტერის საგა ამით არ დასრულებულა. დრამა ჯერ კიდევ წინაა. ბოლო პერიოდში, მასკის ძირითადი ბიზნეს ინტერესები ელექტრო მანქანების, რაკეტების და მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობა იყო. ახლა მას მოუწევს გაერკვიოს, როგორ მართოს სოციალური მედიის პლატფორმა ეფექტურად, რომელსაც თითქმის 400 მილიონი ადამიანი იყენებს - მათ შორის ძალიან გავლენიანი მსოფლიო ლიდერები, ჟურნალისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები. ამასთან მოუწევს გაუმკლავდეს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს. მთლიანობაში, ილონ მასკს სჭირდება გაერკვიოს, კონკრეტულად რომელი ბიზნეს მოდელია უკეთესი კომპანიისთვის. 

Twitter-ს არასოდეს გაუკეთებია იმდენი ფული, რამდენიც მისმა კონკურენტებმა - Facebook-მა და YouTube-მა. სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად, მან ასევე საკუთარი აქციების ღირებულების მნიშვნელოვანი ვარდნა ნახა გასულ წელს. Reuters-ის ბოლო მოხსენების თანახმად, სერვისის ყველაზე აქტიური და შემოსავლიანი მომხმარებლები მრავლად ტოვებენ პლატფორმას პანდემიის შემდეგ.

აქამდე მასკი არაერთ იდეას აჟღერებდა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა ტვიტერის მოდერნიზებას. ახლა კი რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

აქციეთ Twitter „თავისუფალი სიტყვის“ პლატფორმად

მასკს სურს შექმნას “ციფრული ქალაქის იდეების მოედანი”, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სურდა Twitter-ის შეძენა. მან აღნიშნა, რომ იგი საშუალებას მისცემს ნებისმიერს პლატფორმაზე თქვას ის, რაც უნდა, მანამ სანამ ეს ლეგალური იქნება. 

”ვფიქრობ, რომ აუცილებელია სიტყვის თავისუფლება და თავისუფლად კომუნიკაცია,” - თქვა მასკმა Twitter-ის თანამშრომლების შეხვედრაზე ივნისში.

თუმცა, ჯერჯერობით ცხადი არაა, როგორ აპირებს მასკი “სიტყვის თავისუფლების” შესახებ დანაპირების შესრულებას და რას გულისხმობს ამით. 

“თავისუფალი სიტყვის” თემატიკაზე ბოლო პერიოდში გავრცელებულმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Parler, Truth Social და Gettr, აჩვენა, რომ თუ ვინმეს  სოციალური მედიის აპლიკაციაში  საშუალებას აძლევ თქვას ის, რაც უნდა, დიდი შანსია, რომ აპლიკაცია სიძულვილით სავსე და ტოქსიკური გახდეს. სწორედ ამიტომ, შედარებით ნაკლებად მკაცრ პლატფორმებსაც კი აქვთ შინაარსის მოდერაციის ძირითადი წესები. 

CARINA JOHANSEN/ASSOCIATED PRESS

არსებობს ბევრი სრულიად ლეგალური რამ, რისი თქმაც არასასიამოვნოა: რასობრივი შეურაცხყოფა, ძალადობრივი შინაარსის გრაფიკული კონტენტი, ბულინგი, სპამი. ამ ტიპის კონტენტი ზოგადად ბიზნესისთვისაც ცუდია, რადგან მომხმარებელთა უმეტესობას, მათ შორის რეკლამის განმთავსებლებს, არ სურთ მსგავსი შინაარსის გარემოში ყოფნა. 

მასკმა ამის შესახებ იცის. სწორედ ამიტომ, მან პარადოქსული რამ თქვა - იგი გამოიყენებს ალგორითმებს შინაარსის პოპულარიზაციისთვის და ასევე საპირისპიროდ. ერთი მხრივ, მასკი ამტკიცებს “სიტყვის თავისუფლებას”, თუმცა არა “მიწოდების თავისუფლებას”.

„ვფიქრობ, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება თქვან საკმაოდ აღმაშფოთებელი რაღაცები, რომლებიც კანონის ფარგლებშია. მაგრამ, შემდეგ ეს არ გაფართოვდება, არ მიაღწევს ფართო აუდიტორიას” - თქვა მასკმა ივნისში Twitter-ის თანამშრომლებთან შეხვედრისას. 

მიუხედავად ამისა, მასკი არ განმარტავს, თუ როგორ გადაწყვეტს, რა სახის კონტენტი მიაღწევს ფართო აუდიტორიას და რა არა. ასევე, რით იქნება იგი განსხვავებული იმისგან, რასაც Twitter ამჟამად აკეთებს. Twitter უკვე დიდი ხანია ებრძვის მავნე შინაარსს, ბოლო პერიოდში კი გააფართოვა თავისი პოლიტიკა სიძულვილის ენის, შევიწროებისა და ძალადობრივი შინაარსის წინააღმდეგ.

მასკი შეეცადა, პასუხი გაეცა იმ შეშფოთებებისთვის, რაც კონტენტის მოდერაციისადმი მის მიდგომასთან დაკავშირებით გაჩნდა. შედეგად, რეკლამის განმთავსებლებისთვის საჯარო მემორანდუმი გამოაქვეყნა. მისი თქმით, Twitter „არ შეიძლება იქცეს ყველასთვის თავისუფალი ჯოჯოხეთის პეიზაჟად, სადაც რაიმეს თქმა ყოველგვარი შედეგების გარეშე შეიძლება”. მან დასძინა, რომ სურს, Twitter იყოს ადგილი „სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი გამოცდილება თქვენი უპირატესობების მიხედვით”. 

მიუხედავად ამისა, ბევრი რამ მაინც ბუნდოვანია. ბალანსის დაცვა “სიტყვის თავისუფლებასა” და სოციალური მედიის პლატფორმის მისასალმებელ ადგილად ქცევას შორის რთულია. ამიტომ, მასკს აქ ბევრი დეტალის გარკვევა მოუწევს. 

ტრამპის დაბრუნება

როგორც მასკი აცხადებდა, ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, Twitter-ის ანგარიშს აღადგენს, რომელიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ დაწერილი ტვიტების გამო დაიბლოკა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ამან ქვეყნის დიდი ნაწილი გააუცხოვა, თუმცა, საბოლოოდ შედეგი არ ჰქონია - ტრამპი არ გაუჩუმებია…ამის ნაცვლად, იგი აღმოჩნდა მართალთა შორის და სწორედ ამიტომაა ეს მორალურად არასწორი და აბსოლუტური სისულელე,” - ამის შესახებ მასკმა Financial Times-ს მაისში განუცხადა.

Brandon Bell / Getty Images file

ტრამპის დაბრუნების შესახებ მასკის ამ კომენტარებმა, მისი სიტყვის თავისუფლების მანტრასთან ერთად, ის პოპულარული გახადა კონსერვატორებში, რომლებიც Twitter-ისა და სხვა სოციალური ქსელების მიერ ცენზურას დიდი ხანია გრძნობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, აგრძელებენ ისეთი პლატფორმების მოხმარებას, როგორიც, მაგალითად, Twitter-ია.

მართალია, ტრამპის დაბრუნება Twitter-ზე ბევრ კონსერვატორს გაახარებს, თუმცა ეს ხალხისგან დიდ წინააღმდეგობასაც გამოიწვევს. ბევრი ლიბერალი ამტკიცებს, რომ ტრამპის ტვიტები დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. არის თუ არა მზად ილონი ამ დარტყმისთვის, რაც შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას მოჰყვეს, მალე გავიგებთ.

ბოტებისგან გათავისუფლება

მასკმა პირობა დადო, რომ ბოტების პრობლემას გამოასწორებს - კერძოდ, ყურადღებას მიაქცევს იმ ანგარიშების გავრცელებას, რომლებიც აქვეყნებენ სპამს ან ქმნიან არაავთენტურ კონტენტს. მაგალითად, კრიპტო სწრაფი გამდიდრების სქემებსა და ფიშინგის სხვა ფორმებს. 

ბოტები Twitter-ისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. თუმცა, როგორც კომპანია ამტკიცებს, ასეთი ანგარიშების რიცხვი 5%-ზე ნაკლებია. მასკი კი ფიქრობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია - დაახლოებით 20% ან მეტი. თავდაპირველად იურიდიული გარიგებიდან გასვლისთვის სამართლებრივ საფუძვლად სწორედ ამ საბაბის გამოყენებას ცდილობდა.

გარე კვლევამ კი აჩვენა, რომ მაშინ, როდესაც Twitter-ზე ბოტების რაოდენობა შესაძლოა მართლაც იყოს 5%-ზე ნაკლები, თუმცა მთლიანობაში მათი რიჩი შესაძლოა იყოს 20%-მდე. 

ტრამპის ანგარიშის აღდგენისგან განსხვავებით, ბოტებისგან გათავისუფლება ილონისთვის ყველაზე ნაკლებად საკამათო გეგმაა, რადგან რთულია იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომელთაც ბოტები / სპამები უყვარს. 

როგორც აპრილში ის TED-ის კონფერენციაზე ამბობდა, მისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ სპამის, თაღლითური ბოტებისა და მათი არმიის პრობლემის აღმოფხვრა იქნებოდა.

ასე რომ, მოგვწონს ეს თუ არა, ახლა ბოტების პრობლემა ილონის გადასაჭრელია.

გადაიქცეს Twitter „სუპერაპად” სახელწოდებით X

ორიგინალური „სუპერაპი" არის ჩინეთის WeChat, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყველაფრის გასაკეთებლად, გადასახადების გადახდიდან დაწყებული, წაღების შეკვეთით და მეგობრებთან შეტყობინებების გაგზავნით.

მასკის თქმით, მას Twitter-ის პოტენციალის რეალიზება და მისი სოციალური მედიის აპზე ბევრად მეტის ქცევაა - „სუპერაპად" გადაქცევა. ორიგინალური სუპერაპი ჩინეთის WeChat-ია, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყველაფრის გასაკეთებლად - გადასახადების გადახდიდან დაწყებული, მეგობრებთან შეტყობინების გაგზავნით დასრულებული. 

„ჩინეთში თქვენ ძირითადად ცხოვრობთ WeChat-ში, რადგან ის ძალიან სასარგებლოა, სასარგებლო თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ვფიქრობთ, ჩვენც შეგვიძლია მივაღწიოთ ამას და თუ ამას Twitter-ით მივაღწევთ, ეს იქნება უდიდესი წარმატება," - განაცხადა მასკმა ივნისში.

სწორედ ეს გახლავთ ილონ მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა და რეალურ ბიზნეს სტრატეგიასთან ყველაზე ახლოს მდგომი. ამ დროისთვის Twitter შემოსავლის 90%-ს რეკლამების გზით იღებს. როგორც მასკმა განაცხადა, Twitter რეკლამაზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული და მეტი ფული გამოწერებითა და სუპერაპლიკაციის ტრანზაქციებით გამოიმუშაოს. მას კონკურენცია Snap-ის ივან შპიგელთან და Uber-თან ექნება, რომლებიც ასევე სუპერაპლიკაციის იდეა მიჰყვებიან.

ეს, სავარაუდოდ, ბევრად რთული იქნება აშშ-ში, ვიდრე ჩინეთში - ამ უკანასკნელში არ არის იმდენად დიდი სამართლებრივი ბარიერები მონოპოლიის წინააღმდეგ და, შესაბამისად, საკომუნიკაციო პლატფორმებს არ აქვთ შემაკავებელი მექანიზმი შიდაინდუსტრიული მონოპოლიზაციისგან.

სტატია მომზადებულია Vox-ის მასალის მიხედვით. 

კომენტარები