საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
02 ნოემბერი, 2022 რას გადაწყვეტს ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ
განახლება:
სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გიორგი მამალაძე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) დარღვევას დავობდა, გადაწყვეტილება გამოიტანა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ მოპოვეს და გამიყენეს მტკიცებულებები, თუმცა დაირღვა  კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი. სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარებით. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. ეს მუხლი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ნიშნავს.

 

3 ნოემბერს ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 3-წლიანი განხილვის შემდეგ გამოცხადდება, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლი. მანამდე კი ერთად გავიხსენოთ, როდის და რატომ დააპატიმრეს დეკანოზი.

რა მოხდა?

2017 წლის 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. როგორც პროკურატურა ამტკიცებდა, მათ დეკანოზის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდი,“ იპოვეს.

2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ მამალაძე დამნაშავედ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ცნო.

როგორც მამალაძის ადვოკატები ამტკიცებდნენ, საქმეში არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ დეკანოზმა ციანიდი ვინმეს მოსაწამლად შეიძინა.

„არ ეკადრება ჩვენ ქვეყანას ასეთი არაფრისმთქმელი და არაფრის მკეთებელი სასამართლო. ესენი ვერ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ჩვენ დღეს ვართ დაცვის და უფლებების გარეშე. მოსამართლემ დღეს იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციებს და ყველანაირ კანონმდებლობას, რაც კი საქართველოში არსებობს," - ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას მაშინ დეკანოზის ერთერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

თავად დეკანოზი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მომწამვლელი ნივთიერების შოვნა მას თეთრუაშვილმა დაავალა.  მამალაძემ ციხეში პროტესტის უკიდურეს ფორმასაც არაერთხელ მიმართა, რითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ ჯერ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა.

დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმას, თუ რამდენად სამართლიანად განიხილა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე; რამდენად სამართლიანად მოიპოვა პროკურატურამ მტკიცებულებები; სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება საქმის გასაიდუმლოებასა და სასამართლო  პროცესების დახურვაზე; დაირღვა თუ არა მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია.

რა არის ციანიდი?

ციანიდის ნაერთების არაერთი სახეობა არსებობს, მათ შორისაა ნატრიუმის ციანიდი და კალიუმის ციანიდი. პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩანთაში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს. 

ნატრიუმის ციანიდი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას მომენტალურ სიკვდილს იწვევს. მას იყენებენ ისეთ მრეწველობაში, როგორიცაა ტყავისა და საფეიქრო წარმოება, ასევე ოქროს მოპოვება.

რას ამბობდნენ ომბუდსმენი და NGO-ები?

ციანიდის საქმეში ბევრი კითხვის ნიშნის არსებობას ჯერ კიდევ მაშინ სახალხო დამცველის ანგარიშიც ადასტურებდა. უჩა ნანუაშვილი, მაშინდელი ომბუდსმენი, ერთერთ პროცესზე არც კი დაუშვეს. 

სახალხო დამცველმა 2017 წელს გამოაქვეყნა ანგარიში,სადაც პროცესუალურ ხარვეზებზე და გამოძიების დროს დაშვებულ დარღვევებზე წერდა. ნანუაშვილის გუნდი წერდა, რომ სწორედ გამოძიების დროს დაშვებულმა დარღვევებმა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა. 

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარე არათანაბარ პირობებში იყო. მაშინ, როცა მამალაძის ადვოკატს გაუთქმელობის გამო ვერაფერს ამბობდა, პროკურატურა სხვადასხვა ინფორმაციას ასაჯაროებდა. ამან კი საზოგადოებაში მამალაძის როგორც დამნაშავის წარმოჩენას ხელი შეუწყო. 

“საქმის სხდომის სრულად დახურვა მოცემულ შემთხვევაში არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა და მსგავსი რადიკალური ზომის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. სხდომის სრულად დახურვის შედეგად დაზიანდა ბრალდებულის უფლება, მისი საქმე განხილულიყო საჯარო სხდომაზე.“

ნანუაშვილის ამ ანგარიშს მმართველი გუნდისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უჩა ნანუშვილს “პირველი უსამართლო ომბუდსმენი” უწოდა.  

2017 წელს სახალხო დამცველის კრიტიკას 11- მა NGO-მ უპასუხა. მათი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ. 

მათ ამ ყველაფერს  პოლიტიკურ კამპანია უწოდეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა  თავი უნდა შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას. 

რას ამბობდნენ სასულიერო პირები?

მღვდელმონაზონი ანდრია სარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამბობდა, რომ ამ საქმის ბედი თვეების წინ იყო გადაწყვეტილი. 

„ჩვენ ვნახეთ, რომ მოსამართლემ ვერ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენ დავინახეთ, რომ იმ ერთობლივ პროექტს, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, შორენას ბანდასთან ერთად რაც გადაწყვიტეს, დღეს, უბრალოდ, რეზოლუცია დაადეს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ არათუ 9 წელი, არამედ ერთი დღეც პატიმრობა იქნებოდა უსამართლო გადაწყვეტილება. საზოგადოება ამ უსამართლობას არავის აპატიებს“.

მსგავსი პოზიცია ჰქონდა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასაც

„ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი."

მიტროპოლიტი ასევე ამბობდა, რომ მამალაძე შორენა თეთრუაშვილს დისკომფორტს უქმნიდა და მან საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობის დროს "არასახარბიელო კორუფციული საქმეები" აღმოაჩინა. 

მონაზონი სიდონია ყაჭეიშვილი კი ამბობდა, რომ ის იმ “გაურკვეველმა ძალებმა ჩამოიშორეს, რომლებსაც ფესვები საპატრიარქოში აქვთ გადგმული”.

კომენტარები