საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
03 ნოემბერი, 2022 რა იცვლება ჯანდაცვის საყოველთაო დაფინანსებაში და რა არის DRG მოდელი? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

რა მოხდა?

პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი -  DRG სისტემა - ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში, კლინიკები მკურნალობის დროს გაწეული ფიქტიური ხარჯის მიხედვით არ დაფინანსდებიან. სახელმწიფო მათ დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი ტარიფების მიხედვით მისცემს ანაზღაურებას. 

შედეგად, ერთი და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს - ეს კი 0-იდან 30 პროცენტამდე მერყეობს. ეს სისტემა არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო პროგრამებზე. 

DRG მოდელში სამედიცინო დაწესებულებები დამატებით გადასახადს ვერ დაუწესებენ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირებს - VIP პალატებისა თუ აყვანილი ექიმის ჰონორარისთვის. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ამ სერვისებით სარგებლობა სურს, ის ერთჯერადად გამოეთიშება საყოველთაო დაზღვევის სისტემას და მკურნალობის მთელ ხარჯებს დამატებითი სერვისის ჩათვლით თავად გადაიხდის. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, DRG სისტემა ავტომატურად დაითვლის იმ “სამართლიან ფასს”, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. 

თუმცა, არის გამონაკლისი სამედიცინო შემთხვევები, რომლებზეც DRG სისტემა არ ვრცელდება და დაფინანსება აქამდე არსებული მეთოდით გრძელდება, ესენია:

  • გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია;
  • ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;
  • მშობიარობა / საკეისრო კვეთა;
  • ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;
  • კომბუსტიოლოგია;
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში;
 

როგორ მუშაობს DRG სისტემა? 

თითოეული DRG ჯგუფისთვის (მარტივად, დიაგნოზისთვის) სახელმწიფოს წინასწარ აქვს განსაზღვრული ტარიფები. თუმცა კონკრეტულად რომელ DRG ჯგუფში მოხვდება პაციენტი, დამოკიდებულია მის დიაგნოზსა და თანმხლებ დაავადებებზე - ამის დათვლა შესაბამისი ალგორითმით ხდება. რომელ ჯგუფშიც არ უნდა მოხვდეთ, ნებისმიერ კლინიკაში ფასი ერთი და იგივე იქნება.

მაგალითად, თუ დიაგნოზია თავის ტვინის შერყევა, მისი მკურნალობა მთელ საქართველოში ერთი და იგივე ფასი ეღირება. თუმცა, იმის მიხედვით, რა სახის საყოველთაო დაზღვევის პაკეტი გაქვთ, განსხვავებული იქნება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. მაგალითად, პენსიონერებს ძირითად შემთხვევაში 0%-იანი თანაგადახდა უწევთ, ასეა უმწეოების შემთხვევაში. თუმცა, ახალგაზრდებისთვის თანაგადახდის წილმა შესაძლოა 30%-ამდეც მიაღწიოს. 

უშუალოდ ტარიფების განსაზღვრას რომ მივუბრუნდეთ, ყველა DRG ჯგუფისთვის ოპერაციის ტარიფი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, თუ ოპერაცია ტარდება სარქველზე და ღირს კონკრეტული თანხა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ოპერაცია ერთ სარქველზე ტარდება თუ ორზე, ემატება პლასტიკა თუ არა, თანხა მაინც ერთი და იგივე იქნება. 

“შედარებით იაფი რაც გიჯდებათ, იმაში ოდნავ მეტს გიხდის სახელმწიფო, მაგრამ, თუ პაციენტი ძალიან მძიმეა იქ შეიძლება რაც დაგიჯდა იმაზე ბევრად ნაკლები გადაგიხადონ. ზუსტად ეს დაბალანსება არის DRG-ის არსი” - ამბობს Enigma-სთან ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი. 

რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული ინფლაცია გავლენას იქონიებს სამედიცინო ხარჯებზე, თუმცა ეს ტარიფის ცვლილების აუცილებლობას არ განაპირობებს. თუმცა, კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ “DRG კოდები, საბაზისო ღირებულება, წონა და ფასები ექვემდებარება გადახედვას ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვეში და შემდგომში ყოველწლიურად”. 

ამ სისტემის შემოღებით არაფერი იცვლება პაციენტისთვის. ერთადერთი რაც იცვლება, ესაა მხოლოდ გადახდის პრინციპი. 

 

რა რისკებს უნდა ველოდოთ?

უკვე რამდენიმე წელია, რაც DRG სისტემა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში წარმატებით მუშაობს. პირველად იგი 1983 წელს აშშ-ის კერძო დაზღვევის სისტემაში შემუშავდა. 

ფაქტობრივად, DRG სისტემა ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან მკურნალობას ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ექსპერტების თქმით,  ეს ჯანდაცვის სისტემას უფრო ეფექტურს ხდის.  მაგალითად, ამ მოდელში მცირდება პაციენტის სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობა. კლინიკები ხელოვნურად არ წელავენ დროს მეტი ანაზღაურების მისაღებად. ასევე, იზრდება ქირურგიული დაავადებების შედარებით მსუბუქი ფორმების ამბულატორიებში მკურნალობის შესაძლებლობები, ნაცვლად საავადმყოფოსა. საბოლოოდ ხარჯები პროგნოზირებადია, ანგარიშსწორება კი მარტივი. 

რაც შეეხება რისკებს, არსებობს პაციენტების ვადაზე ადრე გაწერის საშიშროება ან მათი შერჩევითად მიღების საფრთხეები. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გვარწმუნებს, სამედიცინო დაწესებულებები მკაცრად გაკონტროლდებიან, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან. 

როგორც ცნობილია, კლინიკებს ახალ სისტემაზე გადასვლისთვის 2-თვიანი საშეღავათო ვადა აქვთ. 2023 წლიდან კი სანქციები მთელი სიმკაცრით ამოქმედდება. თუმცა, როგორც ვახტანგ კალოიანმა Enigma-სთან აღნიშნა, სამინისტროს მიერ განსაზღვრული 2-თვიანი ვადა ცოტაა. 

“დაახლოებით 1 წელი სჭირდება DRG-ის იმპლემენტაციას კარგად გამზადებული სისტემის პირობებში და ამიტომ, 2 თვე ცოტაა. გამოცდილება აჩვენებს, რომ ცოტაა” - ამბობს კალოიანი. 

კალოიანის თქმითვე, აღნიშნული მოდელის ერთერთი რისკია მაღალტექნოლოგიურ ჩარევებში შეზღუდვა, რადგან DRG მოდელი ასეთ ტექნოლოგიებს არ ითვალისწინებს. 

ჯანდაცვის ექსპერტი გარკვეულ რისკებს ხედავს იმაშიც, რომ სამინისტროს ერთპიროვნულად შეუძლია განსაზღვროს კოეფიციენტი, რომელიც DRG-ის ფასებზე ახდენს გავლენას. მისი თქმით, სხვა ქვეყნებში DRG კომისიების პრაქტიკა არსებობს, რაც უკეთესია. 

ექსპერტები, საერთო ჯამში, მიესალმებიან ახალ სისტემას, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მეტად უნდა იმუშაოს სპეციალისტებთან, მოუსმინოს მათ და გაითვალისწინოს რჩევები. 

კომენტარები