საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
08 ნოემბერი, 2022 ყველაფერი, რაც IRI-ის ახალი კვლევებით გავიგეთ
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მასში ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე მონაწილეობდა. კვლევის  ცდომილების ზღვარი +-2,5%-ს შეადგენს, შედეგები კი ასე გამოიყურება.

საშინაო მდგომარეობა

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 30% კი თვლის, რომ განვითარების ეს გზა სწორია. 

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გარკვეულწილად კარგია, 35%-ისთვის გარკვეულწილად ცუდი, 16%-ისთვის კი ძალიან ცუდი. 

გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა - 30%-ისთვის მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, 31%-ისთვის  კი მეტწილად. 

კითხვაზე, თუ რა არის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს, მოქალაქეები პირველ რიგში ასახელებენ უმუშევრობას, მაღალ ფასებსა და სიღარიბეს. 

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სამ ყველაზე დიდ გამოწვევას შორის მოქალაქეები პირველ რიგში ასახელებენ - ეკონომიკურ განვითარებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და უმუშევრობას. აღნიშნულ სიაში ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულება პირველ ადგილას გამოკითხულთა 6%-მა დაასახელა. 

IRI

არჩევნები და პოლიტიკური პარტიები

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოკითხულთა 34% აუცილებლად უჭერს მხარს ოპოზიციის ამ მოთხოვნას, 18% -კი გარკვეულწილად. გამოკითხულთა 8% მეტწილად ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, 34%-კი სრულებით წინააღმდეგია. 

კითხვაზე, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 25 %
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%
  • გიორგი გახარიას პარტია -  (საქართველოსთვის) - 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება -  3 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2 %
  • დროა - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2 %
  • ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%
  • გირჩი - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • პარტია ლელო - 1 %
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%
IRI

გამოკითხულთა 72% სურს მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს, ხოლო 22% კმაყოფილია დღეს არსებული არჩევანით. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ ენდობა პარტიებს, 35% არ ენდობა, 49%-ს კი ნეიტრალური პოზიცია უკავია.

კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაძლებლობაში, მოაწყოს და გააკონტროლოს სანდო არჩევნები, 34%-მა უპასუხა, რომ გარკვეულწილად დარწმუნებულია, 32% კი არაა დარწმუნებული. 16% აღნიშნავს, რომ მცირედითაა დარწმუნებული, 14% კი სრულებით დარწმუნებულია ცესკოს შესაძლებლობებში.

საჯარო პირები და ინსტიტუტები

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი (88%) პატრიარქ ილია მეორეს ენდობა. მას თბილისის მერი კახა კალაძე (57%) და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (44%) მოსდევენ. ყველაზე მეტად კი გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას არ ენდობიან.

გამოკითხულთა უმეტესობას ასევე მოსწონს: ქართული ჯარი, საქართველოს საპატრიარქო და პოლიცია.

ღირებულებები და სამოქალაქო ჩართულობა

რაც შეეხება ღირებულებებსა და იდეოლოგიებს - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა აჩვენებს, რომ პირველ ოთხეულში ქართული ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა და ქართული პატრიოტიზმია. 

ევროპის ღირებულებებზე კი ქართველებს პირველად თავისუფლება, განვითარებული ეკონომიკა და დემოკრატია ახსენდებათ.

გამოკითხული ადამიანები, ასევე, არ არიან კმაყოფილი საქართველოში დემოკრატიის დონით, მაგრამ სჯერათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მმართველობის საუკეთესო ფორმაა. 

IRI-ის კვლევით, გამოკითხულები ამბობენ, რომ  ქვეყნის პოლიტიკა უფრო მეტად პოლარიზებული ხდება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ქალები და ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები.

გამოკითხულთა უმეტესი ნაწილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობაზე გარკვეული, თუმცა ცოტა გავლენა აქვთ.

საერთაშორისო ურთიერთობები

რომელ ქვეყნებს მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად? - IRI-ის ამ შეკითხვაზე 51% პასუხობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, 47% - აშშ-ს, 24% - უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდ ბრიტანეთს, 7% - რუსეთს, 6% - სომხეთს, 3% - ჩინეთს, 1%-ზე ნაკლები ირანს, 7% არცერთს, 5%-მა არ იცის.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელი ქვეყანა უქმნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს?

  • რუსეთი - 89%
  • თურქეთი - 11%
  • აშშ - 6%
  • სომხეთი - 4%
  • აზერბაიჯანი - 3%
  • ირანი - 3%
  • ჩინეთი - 2%
  • ევროკავშირი - 1%
  • უკრაინა - 1%
  • დიდი ბრიტანეთი - <1%
  • არცერთი - 1%
  • არ იცის / არ პასუხობს - 4%

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის (80%) უდიდეს ეკონომიკურ საფრთხესაც რუსეთი წარმოადგენს. თუმცა, კითხვაზე - მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს? - მოსახლეობის აზრი ასეთია:

  • 34% სრულად უჭერს მხარს
  • 25% - გარკვეულწილად უჭერს
  • 8% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება
  • 30% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება
  • 3% - არ ვიცი / უარი პასუხზე

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან:

  • 12% აფასებს ძალიან პოზიტიურად
  • 30% - ნაწილობრივ პოზიტიურად
  • 21% - ნაწილობრივ უარყოფითად
  • 29% - ძალიან უარყოფითად
  • 9% - არ ვიცი / უარი პასუხზე

ამას გარდა, მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება ან გაგრძელდება. კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა თუ კიდევ გრძელდება? - პასუხები ასე განაწილდა:

  • 4%-ის აზრით, დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდება
  • 18% - დასრულდა, მაგრამ, სავარაუდოდ, განახლდება
  • 76% - ჯერ კიდევ გრძელდება 
  • 2%-მა პასუხის გაცემა არ ისურვა.  

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, გამოკითხულთა 43%-ის აზრით, ეს უნდა იყოს მხოლოდ პროდასავლური / პროევროპული; 36% ფიქრობს, რომ უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ; 7% - პრორუსული, მაგრამ შევინარჩუნოთ ურთიერთობა ევროკავშირთან და დასავლეთთან; 2% - მხოლოდ პრორუსული; 13%-მა პასუხის გაცემა არ ისურვა.

NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების საკითხები

გამოკითხული მოსახლეობის 70% ევროკავშირში გაწევრებას მტკიცედ უჭერს მხარს. თუმცა, გამოკითხულთა 45% არ სჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. მოსახლეობის 50% -ს კი 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი არ აქვს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 36%-ს ევროკავშირის 12 პუნქტის შესახებ არ სმენია. 24%-ს 12 პუნქტის შესახებ გაუგია, თუმცა არ იცის დეტალები. 37%-ს კი ამბობს, რომ ინფორმირებულია როგორც ევროკავშირის 12 პუნქტის, ასევე მისი შინაარსის შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრებას - გამოკითხულთა 64% სრულად უჭერს მხარს, 12% კი სრულად წინააღმდეგია. 

მოქალაქეები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს NATO-ში  გაწევრიანებას, მიიჩნევენ რომ გაწევრიანების მთავარი სარგებელია უსაფრთხოება (28%), დაცვა (21%), ეკონომიკური სიძლიერე (13%), სტაბილურობა (12%) და სხვა.

IRI

იმ დაბრკოლებებზე საუბრისას, რაც საქართველოს NATO-ში გაწევრების გზაზე ხვდება, გამოკითხულთა 24%-მა დაასახელა ოკუპირებული რეგიონების სტატუსი, 21%-მა დაასახელა რუსეთის წინააღმდეგობა. 16% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ერთერთი დაბრკოლებაა. 13%-მა დაბრკოლებებს შორის დაასახელა საქართველოში არსებული შიდა ოპოზიცია, 8% კი თვლის, რომ დაბრკოლებაა NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგობა. 

კომენტარები