საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
14 ნოემბერი, 2022 რა ხდება აშშ-ში არჩევნებზე? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

აშშ-ში კონგრესის ე.წ. შუალედური არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოქალაქეები ამ არჩევნებით სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ირჩევდნენ. პროცესს შუალედური არჩევნები კი იმიტომ ჰქვია, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებს შორის გაიმართა.

ამერიკული მედიის ცნობით, სენატზე კონტროლს დემოკრატები ინარჩუნებენ, ხოლო წარმომადგენელთა პალატა, სავარაუდოდ, რესპუბლიკელების ხელში გადავა. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში არსებობდა ვარაუდი, რომ შესაძლო იყო, ორივე ორგანოში რესპუბლიკელებს ჰქონოდათ უმრავლესობა.

გარდა ამისა, ამერიკელებმა შტატების გუბერნატორებიც აირჩიეს - 36 შტატში მიმდინარე არჩევნებში, სავარაუდოდ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ფრე დაჯდება. Politico-ს ცნობით, ვიცით 34 შტატში არსებული შედეგი, საიდანაც ორივე პარტიას 17-17 გუბერნატორი ჰყავს. ალასკასა და არიზონაში კი, შესაბამისად, რესპუბლიკელები და დემოკრატები ლიდერობენ.

გუბერნატორთა არჩევნების შედეგები - Politico

 

რა ხდება სენატში?

სენატი კონგრესის, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესი პალატაა. მასში 100 წარმომადგენელია, 2 თითო შტატიდან. მართალია აქ დემოკრატებს 50 წარმომადგენელი ჰყავთ, თუმცა ჯერ კიდევ ვაკანტურია ჯორჯიის შტატში ერთი სენატორის სავარძელი. 

ჯორჯიადან სენატორის ვინაობა 6 დეკემბერს გაირკვევა არჩევნების მეორე ტურით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სენატორთა რაოდენობა 50-50-ზე გაიყოს, სენატის გადაწყვეტილებებზე კონტროლი მაინც დემოკრატების მხარეს იქნება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება, რომელიც დემოკრატიული პარტიიდანაა.

შესაბამისად, სენატში უმრავლესობის ბედი ნევადას შტატმა უკვე გადაწყვიტა - აქ გამარჯვებით დემოკრატებმა 50 ხმა გაინაღდეს.

Getty Images

პარტიის წარმატებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ბაიდენიც და თქვა, რომ "უკეთესი იქნება", თუკი დემოკრატებს დამაჯერებელი 51 ხმა ექნებათ სენატში.

სენატში ხმათა უმრავლესობის ქონა დემოკრატებსა და პრეზიდენტ ბაიდენს მისცემს საშუალებას, კიდევ ორი წლის განმავლობაში ფედერალური სასამართლოები და ადმინისტრაცია იმ ადამიანებით დააკომპლექტოს, ვინც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. 

გარდა ამისა, თუკი რაღაც მიზეზებით (გარდაცვალება, გადადგომა) უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ადგილი გახდება ვაკანტური, უმრავლესობის მქონე დემოკრატების გადაწყვეტილებები ვერ დაიბლოკება რესპუბლიკელების მიერ. მსგავსი პრეცედენტი კი დემოკრატებს უახლოეს წარსულშიც ახსოვთ - 2016 წელს რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერის გამო ბარაკ ობამას წარდგენილ კანდიდატს ორგანოში ვერც კი მოუსმინეს.

ვითარება წარმომადგენელთა პალატაში

წარმომადგენელთა პალატა კონგრესის ქვედა პალატაა, ის 435 წევრისგან შედგება და მასში შტატებიდან წარმომადგენლები მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევიან. პალატაში წევრების რაოდენობით რესპუბლიკელები ლიდერობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით საჭირო 218 წევრი არ მათ ჰყავთ. შესაბამისად, უცნობია, ვის ხელში გადავა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი. 

წინასაარჩევნო კვლევებითა და ამჟამად არსებული ვითარებით, ვარაუდობენ, რომ პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ. Foxnews-ის მონაცემებით, ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში 19 ვაკანტური ადგილია დარჩენილი - 212 წარმომადგენელი რესპუბლიკელების მხრიდან, ხოლო 204 დემოკრატებისგან, უკვე გამარჯვებულად ითვლება. 

Fox News

პოლიტოლოგები თვლიან, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წარმატება შეასუსტებს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოზიციებს. ისინი ამბობენ, რომ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის აღების შემდეგ, შესაძლოა, პარტიაში არსებული ვითარება გადაიხედოს.

წარმომადგენელთა პალატაზე რესპუბლიკელების კონტროლით, სავარაუდოა, რომ პრეზინდეტ ბაიდენს მეტი მუშაობა დასჭირდება სასურველი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად - კონგრესის ქვედა პალატის მხარდაჭერის მოპოვება მარტივი არ იქნება. 

მთავარი ფოტო: Wikimedia Creative Commons
კომენტარები