საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
16 ნოემბერი, 2022 პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდა, რა მოხდა? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

 

განახლება: პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას თქმით, რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა. 

"არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. რაც მოხდა, ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნა, არ ყოფილა მიზანმიმართული. ეს არ ყოფილა რაკეტა, რომლის სამიზნეც პოლონეთი იყო. შესაბამისად, არსებითად, ეს არ იყო პოლონეთზე თავდასხმა". – თქვა დუდამ. 

პრეზიდენტის თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, 1970-იან წლებში წარმოებული, S-300 რაკეტა.

დუდას თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს რაკეტა გაშვებული იყო რუსული მხარის მიერ. თუმცა, არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ სავარაუდოდ, ეს  რაკეტა გამოიყენებოდა ანტისარაკეტო თავდაცვისთვის, ანუ გამოიყენებოდა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქება რაკეტაში დარჩენილმა საწვავმა გამოიწვია.

რა მოხდა?

15 ნოემბერს  ნაშუაღამევს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პშევოდუვში, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ პრესაში გავრცელდა, მოგვიანებით ინფორმაცია ხელისუფლებამაც დაადასტურა. 

არსებობს ვარაუდები, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. თუმცა, ამის თქმა დაზუსტებით ჯერჯერობით შეუძლებელია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

პოლონეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, შესაბამისად მასზე მიზანმიმართულმა, მტრულმა თავდასხმამ შესაძლოა ალიანსის კოლექტიური სამხედრო პასუხი გამოიწვიოს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 15 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინაზე ბოლო პერიოდში ერთერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.  უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის თქმით, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით. თავდასხმის უმეტესობა ენერგეტიკულ ობიექტებზე იყო მიმართული, რამაც უკრაინის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. 

 

რას ამბობს პოლონეთი?

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ  ქვეყანა სამხედრო მზადყოფნის დონეს აამაღლებს, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიებას აწარმოებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, “ამ დროისთვის არ გვაქვს რაიმე ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ ვისი გასროლილი იყო რაკეტა. ეს სავარაუდოდ რუსული წარმოების რაკეტა იყო, მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი გამოძიების პროცესშია". 

დუდას თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადყოფნაშია და მან არაერთი საერთაშორისო კონსულტაცია გამართა მოკავშირეებთან, მათ შორის NATO-ის გენერალურ მდივანთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან და გერმანიის კანცლერთან. 

“ჩვენ გავაძლიერეთ პოლონეთის შეიარაღებული ძალების, ზოგიერთი ქვედანაყოფის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნა. ჩვენი თვითმფრინავები დღეს პოლონეთის ცაზე არიან, მათ ასევე მოკავშირეთა თვითმფრინავები დაეხმარებიან ჩვენი ცის დაცვაში" - თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მთავრობა ძალიან წინდახედულად მოქმედებს და მაქსიმალურად ცდილობს, არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, ეს მხოლოდ ერთხელ მომხდარი ინციდენტია და ჯერჯერობით არ არსებობს მისი განმეორების ნიშნები. 

დუდას თქმით, ოთხშაბათს პოლონეთის ელჩი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და, სავარაუდოდ, მე-4 მუხლის გასააქტიურებლად განაცხადს წარადგენს. მე-4 მუხლის მიხედვით, თუ ალიანსის რომელიმე წევრი თვლის, რომ საფრთხეშია, შეუძლია NATO-ს კონსულტაციებისთვის მიმართოს და ეს იქნება, ერთგვარი პოლიტიკური სიგნალი იმისა, რომ NATO კონკრეტული სიტუაციითაა შეშფოთებული.

მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ნატოს მე-4 მუხლის გააქტიურება ამჯერად არ იყოს საჭირო. 

გარდა ამისა, როგორც ცნობილია მომხდარი ინციდენტიდან მალევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ რუსეთის ელჩი გამოიძახა და დაუყოვნებლივ დეტალური ახსნა-განმარტება მოსთხოვა. 

რას ამბობს რუსეთი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს პროვოკაციას უწოდებს

„პოლონეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ოფიციალური პირების განცხადებები დასახლებულ პუნქტ პშევოდუვში თითქოს "რუსეთის" რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ არის გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში. 

მათივე თქმით, პოლონური მედიის მიერ ინციდენტის ადგილიდან გამოქვეყნებულ ნანგრევების ფოტოებს კავშირი არ აქვს რუსულ იარაღთან. 

რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა?

მომხდარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას, ტელეფონით ესაუბრა. მან დუდას „რუსეთის სარაკეტო ტერორის“ შედეგად პოლონეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

„ჩვენ განვიხილეთ არსებული ინფორმაცია და ვარკვევთ ყველა ფაქტს,” - ვკითხულობთ უკრაინის პრეზიდენტის Facebook გვერდზე.

 

ზელენსკის განცხადებით,  უკრაინა, პოლონეთი, მთელი ევროპა და მსოფლიო სრულად უნდა იყვნენ დაცული ტერორისტი სახელმწიფოსგან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილა რუსული სარაკეტო ტერორის მასშტაბი, მიზნები და შედეგები. დმიტრო კულებას თქმით, საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ იმას, რაც პოლონეთში მოხდა, მკაცრი და პრინციპული რეაქცია უნდა მოჰყვეს.


რას ამბობს აშშ და დასავლეთი - რას უნდა ველოდოთ?

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი ორი რაკეტა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გაშვებული. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის საგანგებო სხდომის წინ განაცხადა.

„არ მინდა ამის თქმა, სანამ სრულ გამოძიებას არ ჩავატარებთ, მაგრამ ტრაექტორიის თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო გაშვებული, მაგრამ ვნახოთ," - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები შემდგომ ნაბიჯებს მას შემდეგ განსაზღვრავენ, რაც გაირკვევა, რა მოხდა. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა ფაქტი, NATO-ის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, შეფასებითაც. 

„ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე დაღუპულების გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა ფაქტი," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

დიდი შვიდეულის საგანგებო შეხვედრის შემდეგ კი მისმა ლიდერებმა და NATO-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პოლონეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ლიდერებმა დაგმეს 15 ნოემბერს რუსეთის მხრიდან უკრაინულ ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმებიც

„ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან მოხდა. პოლონეთს ვთავაზობთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს, რათა განვსაზღვროთ მომდევნო ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები